პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ბატონ ლაშა თორდიას
მთავრობის კანცელარიის უფროსს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს
ბატონო ირაკლი,
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროფესიული განათლების პროფესიულმა კავშირმა მიმართა ქვეყნის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს 29 ნოემბრის წერილით, რომელშიც აღწერილი იყო ის უმძიმესი ვითარება, რაც იმ დროისათვის შექმნილი იყო პროფესიული განათლების სისტემაში.
სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის #678 განკარგულებით შექმნილი პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ამოცანებს, ფაქტობრივად ბოლო ორი წლის განმავლობაში (2011-2012 წლებში) სხვადასხვა მიზეზების გამო არ ტარდებოდა საბჭოს სხდომები, დღის წესრიგების მიხედვით წინასწარ არ მზადდებოდა განსახილველი საკითხები, ჩაშლილი იყო 8 თემატური ჯგუფის მუშაობა. გასაახლებელი იყო საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტება პროფესიული განათლების მცოდნე ადამიანებით, მათ შორის პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებით და დარგის ექსპერტებით.
ჩვენი პოზიცია დასაწყისში გაზიარებული იქნა ზემოხსენებული ქვეყნის პირველი პირებისა და სამინისტროს მიერ. ჩვენთან არაერთი ჩატარებული კონსულტაციის შემდეგ განახლდა საბჭოს შემადგებლობა და გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები.
მაგრამ შემდგომ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად ქ-ნი თ. სანიკიძის დანიშვნის შემდეგ, დამოკიდებულება პროფესიული განათლების სისტემის მიმართ ისევ გაგრძელდა ძველი ხელისუფლების ტრადიციების გათვალისწინებით:
- დღემდე ხელახლა არ არის დაფუძნებული არც ერთი, 2009-2012 წლებში ლიკვიდირებული პროფესიული კოლეჯი;
- არ აღმდგარა სამართლიანობა კანონდარღვევით სამსახურიდან განთავისუფლებული საუკეთესო 5 პროფესიული კოლეჯის დირექტორის მიმართ;
- 4 საუკეთესო კოლეჯი - თბილისის "იკაროსი", გორის "განთიადი", თელავის "პრესტიჟი" და ოზურგეთის "ჰორიზონტი" ისევ ფუნქციობენ არა როგორც სსიპ-ები, არამედ როგორც ა(ა)იპ-ები, და მათი ისევ სსიპ-ებად გარდაქმნაზე უარს ამბობს აგრარული უნივერსიტეტი, რომელსაც ერთი ლარიც არა აქვს ჩადებული ხსენებული პროფესიული კოლეჯების ფუნქციობისთვის;
- დღემდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ მოაბა თავი და არ შეუმუშავებია კანონპროექტი "პროფესიული განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატებების თაობაზე". კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს მეორე წელია და საქართველოს პარლამენტში ის უნდა ყოფილიყო წარდგენილი ჯერ კიდევ 2014წ. სექტემბერში;
- დღემდე სამინისტროს ვერ გადაუწყვეტია პედაგოგთა და ინსტრუქტორთა მომზადების საკითხი;
- სამინისტროს არ აქვს შემუშავებული საწარმოო სწავლებისათვის აუცილებელი სასწავლო-საწარმოო სახელოსნოების პროექტები და მათი ჩარხ-დანადგარებით, ხელსაწყოებით და სამარჯვებით, სასოფლო სამეურნეო ტექნიკით და აგრეგატებით, სამკერვალო მანქანებით უზრუნველყოფის ნორმატივები;
- არ არის შემუშავებული პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ტიპური საშტატო განრიგი და მათი სახელფასო ნორმატივები;
- დღემდე ერთი და იგივე სპეციალობების მასწავლებლები ღებულობენ არაერთგვაროვან ხელფასებს - 1 საათში 8 ლარიდან 22 ლარამდე;
- 2013-2014 წლებში გამოყოფილი 2,0 მლნ ლარის დახარჯვის მიუხედავად არ არის შემუშავებული-გადამუშავებული 100 პროფესიული სტანდარტიდან არც ერთი, აგრეთვე არ შემუშავებულა სამინისტროზე დავალებული 62 მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რის გამოც სამინისტრომ არ შეასრულა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის #300 ბრძანებით გათვალისწინებული დავალებები;
- 2014 წელს სამინისტრომ აგრეთვე ჩააგდო #300 ბრძანებით გათვალისწინებული მოდულური პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების პილოტირება. ის შეეცადა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩაეტარებინა ხანმოკლე (ორი კვირა - 1,5 თვიანი) მოდულური პროგრამების პილოტირება, რაც სასამართლოს მიერ სამართლიანად იქნა შეჩერებული;
- 2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (თ. სანიკიძე) ვერ განახორციელებს მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების პილოტირებას, რის გამოც კიდევ ერთხელ დაირღვევა პრემიერ-მინისტრის #300 ბრძანებით მათზე მიცემული დავალების შესრულება;
- დღემდე სამინისტროს (თ. სანიკიძე) სახელმძღვანელოების შექმნაზე არ დაუწყია მუშაობა, არ აქვს შექმნილი დარგების მიხედვით სამუშაო ჯგუფები, იგნორირებას უკეთებს მეცნიერების ეროვნული აკადემიის შეთავაზებას დახმარება გაუწიოს სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში;
- დღეისათვის 8 საჯარო პროფესიულ კოლეჯს არა აქვს სასწავლო სახელოსნოები. სამინისტრო (თ. სანიკიძე, ქ. ნატრიაშვილი) არანაირ ზომებს არ ღებულობენ მათთვის პროექტების შესაქმნელად და შემდგომ მათი აშენებისათვის;
- 2015 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 8 სახელოსნოს მშენებლობა, ვინაიდან ბიუჯეტის დამტკიცების მომენტისათვის (2014წ. დეკემბერი) და არც ახლა არ არსებობს სახელოსნოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
2015 წლის 13 იანვარს და 16- 17 იანვარს მოგმართეთ იმ კანონდარღვევის თაობაზე, რაც განახორციელა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქ-მა თ. სანიკიძემ. საკითხი ეხება სამინისტროდან მთავრობის კანცელარიაში შემოსულ მთავრობის დადგენილების პროექტს, რის საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2014 წ. 26 დეკემბრის #720 დადგენილება "პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის #203 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2015 წ. 2 თებერვლის #9562 წერილით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა "კომპეტენციის ფარგლებში განეხილა 2015 წლის 13 იანვრის შემოსული ჩვენი წერილი".
16, 17 იანვრის წერილებზე მთავრობის ადმინისტრაციას არანაირი რეაგირება არ განუხორციელებია. დღემდე ადმინისტრაციას აგრეთვე რეაგირება არ მოუხდენია ჩემს 13 თებერვლის თხოვნაზეც.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რაიმე განმარტებების ან ახსნა-განმარტებების გარეშე, 2014წ. 26 დეკემბრის #720 დადგენილებაში აუცილებელი ცვლილებების თხოვნის პრემიერ-მინისტრსთან მიმართების გარეშე ადგენს უკვე კიდევ ერთ მთავრობის განკარგულების პროექტს: "პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ". 2015 წლის 18 თებერვალს აღნიშნული პროექტის საფუძველზე გამოიცა #279 მთავრობის განკარგულება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თ. სანიკიძემ ისევ შეცდომაში შეიყვანა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ვინაიდან:
1. 2014 წ. 26 დეკემბრის #720 დადგენილებაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არ განუსაზღვრავს საბჭოს რაოდენობრივი შემადგენლობა;
2. თამარ სანიკიძემ თავისი თავი გამოიყვანა მთავრობის მხარის წარმომადგენელთა რიცხვიდან, როდესაც თავისი თავი შესთავაზა საბჭოს თავმჯდომარედ და ფაქტიურად პრეტენზია განაცხადა უფრო მაღლა დამდგარიყო, ვიდრე ერთ-ერთი სამინისტროს წარმომადგენელს ეკუთვნოდა;
3. საბჭოს შემადგენლობაში შეაყვანინა თავისი პირველი მოადგილე ქ. ნატრიაშვილი, მაშინ როცა მთავრობის მხარეს, პარიტეტის დაცვის პირობიდან გამომდინარე, არ ეკუთვნის 6 წარმომადგენელზე მეტი. ქ. ნატრიაშვილი კი მთავრობის მხრიდან უკვე მე-7 წარმომადგენელია;
4. მთავრობის მხრიდან საბჭოში არ არიან შეყვანილი პროფესიული განათლების სისტემისათვის ისეთი მნიშვნელოვანი სამინისტროების წარმომადგენლები, როგორიცაა ფინანსთა, კულტურის და ძეგლთა დაცვის, იუსტიციის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, შრომის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროები;
5. არ არიან შეყვანილი არც ერთი საჯარო პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები და პროფესიული განათლების სისტემის ექსპერტები;
6. დაწყებული 2009 წლის 4 ნოემბრის #203 დადგენილებით განსაზღვრულ საბჭოს შემადგენლობაში მუდმივად იმყოფებოდნენ ისეთი გამოცდილი, პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები, როგორიც არიან ნ. პაპუაშვილი, დ. მჭედლიშვილი, თ. ტაბიძე, ზ. ცირამუა, მ. ჯანჯალია, ექსპერტი შ. ჯაფარიძე;
7. სრულიად გაუგებარია, სახელობო პროფესიულ განათლებაში რა დამსახურების გამო საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილია ქ-ნი მაია ჩიხლაძე. ის ფაქტობრივად არის კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, შ.პ.ს. საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილე. საბჭოს შემადგენლობაში მინისტრმა თამარ სანიკიძემ პრემიერ-მინისტრის დასამტკიცებლად მაია ჩიხლაძე წარმოადგინა როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ქალ მეწარმეთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
სახეზეა გაყალბების ფაქტი, ვინაიდან მაია ჩიხლაძე მუშაობს და ხელფასს იღებს კერძო კოლეჯ "პანაცეაში". ამავე დროს, ამაზე მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014წ. 22 აგვისტოს "პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ" #305 ბრძანება, სადაც მაია ჩიხლაძე დანიშნულია, როგორც საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი შ.პ.ს. საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორის მოადგილედ;
8. მაშინ, როდესაც მინისტრი თ. სანიკიძე უარს აცხადებს რომელიმე პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლის საბჭოში შეყვანაზე, ზემოთ ხსენებული გაყალბებით მას შეყავს მ. ჩიხლაძე - კერძო კოლეჯის წარმომადგენელი და უარს ამბობს საჯარო კოლეჯის რომელიმე წარმომადგენლის შეყვანაზე;
9. გარდა 2-3 გამონაკლისისა (ა. ეჯიბაძე, ე. მელაძე, ი. პეტრიაშვილი) დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პროფესიული კავშირების, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან საბჭოში შეყვანილი პიროვნებები დღემდე არ არიან ცნობილი თავიანთი მოღვაწეობით პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და ხელშესაწყობად. არცერთ მათგანს არ მიუღია მონაწილეობა კანონების დახვეწის, პროფესიული სტანდარტების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სახელმძღვანელოების დახვეწა-შექმნაში, არ აწარმოებდნენ პროფესიულ კოლეჯებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ან უშუალოდ ეხმარებოდნენ მათ როგორც დამსაქმებლები;
10. სახეზეა მინისტრ თ. სანიკიძის და მისი პირველი მოადგილის ქ. ნატრიაშვილის მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი უნიჭო "ექსპერიმენტი", რისი შედეგიც, ჩვენი სუბიექტური აზრით, არის წინასწარ ცნობილი. მათი განმარტებით, საბჭო ამ შემადგენლობით იარსებებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში და ასეთი გამოუცდელი შემადგენლობით ხელს ვერ შეუწყობს პროფესიული განათლების სისტემის განვითარების და მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას;
11. საბჭოს შემადგენლობის ჩამოყალიბებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (თ. სანიკიძე, ქ. ნატრიაშვილი) არანაირი კონსულტაცია არ ჩაუტარებია იმ დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირთან - პროფესიული განათლების პროფესიულ კავშირთან, რომელიც ერთადერთია, ვინც ათეული წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა და მოღვაწეობს ხსენებული დარგის კეთილდღეობისათვის და მხოლოდ ამ კავშირის წევრებია რიგი საჯარო და კერძო პროფესიული კოლეჯები;
12. მაგრამ ყველაზე მტკივნეული და გაუგებარია, რომ მთავრობის ადმინისტრაციას არ გააჩნია სათანადო ბერკეტები, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან შემოსული პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, მთავრობის განკარგულებების, დადგენილებების პროექტები გადაამოწმოს და დაუშვას ისეთი დოკუმენტების გამოცემა, რას ზიანს მიაყენებს დარგს, ქვეყანას, მთავრობის ავტორიტეტს;
13. ჩვენ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა ითხოვს პირადად პრემიერ-მინისტრთან ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას, რის ორგანიზებას ვთხოვთ ქალბატონ მაია ცქიტიშვილს. ამ შეხვედრის თაობაზე ინფორმირებულია უკვე 5-6 თვეა ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი და ამ საკითხზე 21 თებერვალს მქონდა მოკლე საუბარი.
14. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ წერილს პირადად ბ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნობა, ხოლო ადმინისტრაციის უფროსი ქ-ნი მაია ცქიტიშვილი იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად მოახდენს ზემოხსენებულის შესწავლას და სათანადო რეაგირებას.
უახლოეს დღეებში თქვენს სახელზე ღია წერილი გამოქვეყნდება ბეჭდვით მედიაში, აგრეთვე ტელევიზიით ჩატარდება ბრიფინგი.
პატივისცემით, პროფესიული განათლების პროფკავშირის გამგეობის სახელით პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი