სალომე სარიშვილი
19.03.2015

 9 მაისს ოფიციალური მოსკოვი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს სამხედრო აღლუმით აღნიშნავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ღონისძიებაზე მიწვეული 68 სტუმრიდან მზადყოფნა 26 ქვეყნის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, თუმცა არის თუ არა ამ სიაში საქართველო, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამაზე კონკრეტული პასუხი ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ მივიღეთ.

თუმცა როგორც რუსული სააგენტო რია "ნოვოსტი" აცხადებს, თამარ ბერუჩაშვილმა მათ განუცხადა, რომ ქართული მხარე ამ ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს არ განიხილავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "რეზონანსს" განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს. გვითხრეს, რომ ამ საკითხზე თბილისს რუსეთიდან მიღებულ მოწვევაზე ოფიციალური პასუხი არ გაუცია.

სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოსაწვევი უწყებაში ერთხელ უკვე გადმოიგზავნა, თუმცა გარკვეული ტექნიკური ხარვეზებით, რის გამოც წერილის უკან გადაგზავნა გახდა საჭირო. როგორც "რეზონანსს" სამინისტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი მომდევნო კვირისთვის ექნებათ.

"მიმდინარე კვირაში ეს თემა გარკვევის სტადიაში იყო, თუმცა დეპარტამენტი, რომლის კურაციაშიც ეს საკითხი შედის, მივლინებაშია გასული, ამიტომ დამატებით ინფორმაცია მომდევნო კვირას გვეცოდინება.

სამინისტროში განაცხადი ერთხელ უკვე შემოვიდა, წერილი ტექნიკურად არაზუტსი იყო, ამიტომ უკან გადაგზავნა მოგვიწია," - განუცხადა "რეზონანსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარი ნარჩემაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჯერჯერობით წერილი არ მიუღიათ, შესაბამისად, ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხი არ აქვთ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ "რეზონანსს" უთხრა, აღნიშნულ საკითზე ინფორმაცია საჯარო რამდენიმე დღეში გახდება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასის" ცნობით, 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებზე სხვა სტუმრებთან ერთად, მონაწილეობას ჩეხეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები, იუნესკოს ხელმძღვანელი და ევროკავშირის მრჩეველიც მიიღებენ. უკვე ცნობილია, რომ მოსკოვში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრების საკითხს ბრიტანეთი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განიხილავს.

"ღონისძიებაზე დასწრების საკითხს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების, მისივე მოქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთების ფონზე განვიხილავთ. არ ვგეგმავთ, რომ პრემიერ-მინისტრი ღონისძიებას დაესწრება, ხოლო ინფორმაციას, თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას, თავის დროზე შეგატყობინებთ.

"ღონისძიებაზე დასწრების საკითხს რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში განვიხილავთ. ბოლო პერიოდში მინისტრების დონეზე ვიზიტი არ განხორციელებულა, ამიტომ როდესაც გადავწყვეტთ, თუ ვინ წავიდეს მოსკოვში, მხედველობაში ამასაც ვიქონიებთ," - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის მოადგილემ.

9 მაისის აღლუმს არც აშშ-ის ლიდერი ბარაკ ობამა დაესწრება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი გადაწყვიტა, რომ, მართალია, ღონისძიებას არ დაესწრება, თუმცა 10 მაისს მოსკოვს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად, კრემლის კედლებთან უცნობი ჯარისკაცის საფლავს ყვავილებით შეამკობს.

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ დაესწრება არც ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი. ამის შესახებ პოლონეთის ექსპრემიერმა გაზეთ "ვიბორჩასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მივიღე მოწვევა, თუმცა 9 მაისს მოსკოვში არ გავემგზავრები. სამხედრო აღლუმზე დასასწრებად ვიზიტი იმ ქვეყანაში, რომელიც თანამედროვე დამპყრობელია და რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღს იყენებს, სულ მცირე, საკამათო საკითხია," - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, ,დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმზე დასწრებაზე დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთი ლიდერის უარი, ზეიმის მასშტაბზე და ემოციურ დატვირთვაზე არ იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ამ საკითხზე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა და დასავლეთი 9 მაისს დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლის განზრახვაში დაადანაშაულა. ლავროვმა კრემლში ჩატარებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპელ ლიდერებზე წნეხს ახორციელებს, რათა დაარწმუნოს, რომ ღონისძიებას არ დაესწრონ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩავიდეს და ნაციზმზე გამარჯვების დღე რუსებთან ერთად აღნიშნოს.

ცნობისათვის, მოსკოვში წითელ მოედანზე ამ ღონისძიების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი პირველად 1945 წლის 9 მაისს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×