"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირე ამ აქციასთან დაკავშირებით ხელისუფლების უგუნურებაა"
ეკატერინე ბასილაია
21.03.2015

 "ნაციონალური მოძრაობის" აქცია იქნება ისეთივე მასშტაბის, როგორც გასული წლის ნოემბრის აქცია აფხაზეთის თემაზე, დაახლოებით 15-20 ათასი ადამიანით, - ასე მიიჩევს პოლიტოლოგების დიდი ნაწილი. თუმცა იმან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციის წინა დღეს შეცვალა შეკრების ადგილი და რუსთაველის ნაცვლად მხარდამჭერებს 16 საათისათვის თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, გააჩინა იმის მოლოდინი, რომ მიტინგი საკმაოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე მათი ბოლო აქციის დროს დაფიქსირებული 20 ათასი.

როგორც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, თავისუფლების მოედნის შევსება უფრო რთულია, ვიდრე რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის. აქედან გამოდინარე ჩანს, რომ ორგანიზატორები ხალხმრავალ აქციას ელიან, თუმცა ხუხაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ მიტინგი არცთუ ხალხმრავალი იქნება.

ყველა პოლიტოლოგი თანხმდება იმაში, რომ აქციაზე ძირითადად "ნაციონალების" მხარდამჭერები მივლენ და მათგან შესაძლოა მხოლოდ 10% იყოს ისეთი, ვინც ადრე "ოცნებას" დაუჭირა მხარი, შემდეგ იმედები გაუცრუვდათ და ახლა "ნაციონალების" გვერდით ამჯობინებენ დგომას.

გია ხუხაშვილის მტკიცებით, აქციაზე ძირითადად, "ნაციონალების" აქტივი შეიკრიბება და პლუს, შეიძლება რაიონებიდან გარკვეული სოციალურად ძალიან შეჭირვებული ხალხის მიზიდვაც შეძლონ მატერიალური თუ სხვა ტიპის დაინტერესებით. ხოლო "ოცნების" ის მხარდამჭერი, რომელიც დღეს იმედგაცრუებულია, ამ აქციაზე არ გამოვა.

"ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე "ნაციონალებს" განაჩენი გამოუტანეს, შეიძლება თვლიან, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ისინი აგრეთვე თვლიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სახით ოპოზიცია უარესი ჰყავთ. ცუდის წინააღმდეგ უარესთან ერთად არ გამოვლენ. არც ე.წ. შუაშისტები იქნებიან მიტინგზე, რადგან შუაშისტები პოლიტიკური ესკალაციის ადრეულ ეტაპზე პროცესებში საერთოდ არ ერევიან. ფლუგერებივით არიან და საითაც ქარი დაუბერავს, იქით მიდიან. მაგრამ ჯერჯერობით ეს მომენტი არ დამდგარა," - აღნიშნავს ხუხაშვილი.

მისი აზრით, დღეს "ნაციონალებს" ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავთ და სწორედ ამიტომ მიტინგზე, წესით, ბევრი ადამიანი არ უნდა მივიდეს.

"ნაციონალები" თავისი შესაძლებლობის ფარგლევში მაქსიმუმს აკეთებენ და ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. წმინდა პოლიტტექნოლოგიურად ხელისუფლებაზე ბევრად წინ არიან, მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ მათი დრამა ის არის, რომ მათი ნატურალურ ამომრჩეველთან გასასვლელი რესურსი ნულის ტოლია," - აღნიშნავს ხუხაშვლი და დასძენს, რომ თუკი აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მივა, ვიდრე ეს გასული წლის აქციაზე შეკრიბეს, ამაში მთავარი დამნაშავე ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებები და განცხადებები იქნება, თუნდაც, მაგალითად, გოგი თოფაძის მხრიდან ანტიდასავლური პოზიცია და დაუფარავი სიმპათია ევრაზიული კავშირის მიმართ.

გია ხუხაშვილი: "ნაციონალური მოძრაობს" მთავარი მოკავშირე ამ აქციასთან დაკავშირებით ხელისუფლების უგუნურებაა. ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი თავისი ქმედებითა და განცხადებებით თითქოს სპეციალურად უწყობს ხელს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მეტი ადამიანი შეუერთდეს.

"ბევრი რამეა, თითქმის ყოველ დღე ხდება ასეთი რამ და ვხედავთ, რომ ხელისუფლება შეცდომებს ისევ შეცდომებით ფარავს, რითაც ზედმეტად ამუქებს "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობებს და ამ ქვეყანაში მომხდარ ყველა უბედურებას მათ ისეთი სახით აბრალებს, რაც ადამიანებს არწმუნებს არა იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წარმავალია, არამედ იმაში, რომ უძლეველია და ქვეყანაში პროცესებს ის მართავს.

"როდესაც ყველა კუთხეში "ნაციონალები" გელანდება, ეს ადამიანებში იმ შეგრძნებას ამყარებს, რომ ის ყოვლისშემძლე და უძლეველი ძალაა. ადამიანები ქვეცნობიერში ძალისკენ არიან მიდრეკილები. ასე რომ, ხელისუფლების მთელი ეს "ანტინაციონალური" რიტორიკა ისევ "ნაციონალებზე" მუშაობს.

"არ ვიცი, რამდენად დიდი აქცია იქნება, თუმცა, რადგან "ნაციონალებმა" გარისკეს და მიტინგი თავისუფლების მოედანზე გადაიტანეს, ე.ი. იმედი აქვთ, რომ ბევრი ხალხი იქნება.

"აქ მათთვის დამახასიათებელი რაღაც სიმბოლიკაცაა ჩადებული. როდესაც ჩვენ, "ოცნება" პოლიტიკურ აქტიურობას ვიწყებდით, პირველი აქცია თავისუფლების მოედანზე მოვაწყვეთ და როგორც ჩანს, ისინი აანონსებენ, რომ ეს რაღაც პროცესის დასაწყისია და სურთ 2011 წლის "ოცნების" პირველი აქციის ადეკვატური რაღაც აჩვენონ. ამდენად, ისინი ითვლიან, რომ ხალხი ბევრი ქნება. რამდენი იქნება, ამას ვნახავთ და კომენტარი მერე გავაკეთოთ", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი აზრით, საკვირველი იქნება, თუკი "ნაციონალები" მოახერხებენ და ბევრ ადამიანს შეკრებენ.

"თუკი "ქართული ოცნების" მსგავსად ვერ შეძლებენ ხალხის შეკრებას, ეს მათი დიდი მინუსი იქნება, მაგრამ თუკი მოახერხეს და თუკი ასეთი დიდი რესურსი აქვთ, ეს სასიამოვნი სურათი არ იქნება ხელისუფლებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მაინც უნდა გახდეს მათთვის ნიშანი, რომ რაღაც რადიკალურად უნდა შეცვალონ", - ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე კატეგორიულად მიიჩნევს, რომ მიტინგი ხალხმრავალი არ იქნება, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ აქციაზე ის ადამიანები არ მივლენ, ვინც ადრე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიგებში არ მოიაზრებოდნენ.

მისი თქმით, ბევრისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს საზოგადოებაში "ნაციონალების" მხარდაჭერა ცუდ ტონად ითვლება.

ხუხაშვილისაგან განსხვავებით ჰგონია, რომ ე.წ. შუაშისტებიც იქნებიან შეკრებაზე, მაგრამ მათი რაოდენობა ცოტა იქნება.

რამაზ საყვარელიძე: "არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მთავრობა არ მოსწონთ და შეიძლება მთავრობის გადადგომის პათოსს იზიარებდნენ, მაგრამ გავიხსენოთ "ნაციონალების" მიერ ჩატარებული წინა აქცია, სადაც აფხაზეთის თემის გამო გამოვიდა ხალხი, შემდეგ კი "ნაციონალებმა" ყველა გამოსული ადამიანი პარტიის მხარდამჭერად მონათლეს და ამან ზოგიერთის გაღიზიანებაც გამოიწვია.

"ამიტომაც ანალოგიურ პროცესში ჩართვა, თუკი "ნაციონალების" გაძლიერებას არ აპირებ, პარადოქსული იქნება. ამით რეალურად "ნაციონალებს" აძლიერებ. გარდა იმისა, რომ "ნაციონალები" იტყვან - აი, ბევრი ხალხი გვიჭერს მხარსო, მათ იმითაც აძლიერებ, რომ გადადგომის მოთხოვნის ქვეშ თუ დადგები, ამით "ნაციონალებს" აძლევ საშუალებას სამართლიანობის აღდგენის პროცესში ხმამაღლა იძახონ - აი, ჩვენ მთავრობის გადადგომა მოვითხოვეთ და ჩვენს წარმომადგენლებს ამიტომ იჭერენო. "ნაციონალების" ამ ღონისძიებაში ძირითადად სწორედ ეს მოტივია, რომ პოლიტიკური ფარი გაუკეთონ მათ, ვის წინააღდეგაც შეიძლება სს საქმე აღიძრას", - ამბობს საყვარელიძე.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიაცია "ჯეპრას" დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი მიიჩნევს, რომ აქციაზე ორი ტიპის ამომრჩეველი მივა, ერთი - "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები, რომლებიც აქციის მონაწილეთა ძირითად ნაწილს შეადგენენ და მეორე - ის ადამიანებიც რომლებიც "ოცნების" პოლიტიკით და იმ რეალობით არიან უკმაყოფილონი, რომელშიც დღეს აღმოჩნდნენ.

შესაძლოა, იყოს როგორც საჯარო სამსახურიდან დათხოვნილი პირები, ლარის გამო უკმაყოფილონი, ასევე გოგი თოფაძისა და მისი პარტიის წევრების პრორუსული განცხადებებით გაბრაზებულებიც და საერთოდ, "ოცნების" რომელიმე კონკრეტული დაპირების არშესრულებით განაწყენებულები.

თუმცა, გალუმაშვილის თქმით, გარკვეული ბარიერი არსებობს და ეს ბარიერი იმაში გამოიხატება, რომ აქციის ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობაა". მისი აზრით, რამდენიმე ფაქტორი უნდა დაემთხვეს, რომ ადამიანმა, რომელიც "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი არაა, დღევანდელ აქციაზე მისვლა გადაწყვიტოს: პირველი - უნდა იყოს განაწყენებული ხელისუფლებაზე, უკმაყოფილო საკუთარი მდგომარეობით და მეორე - "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარკვეული შეხების წერტილები უნდა ჰქონდეს.

თუმცა ასეთი ადამიანი რამდენად ბევრი იქნება, ამის თქმა გალუმაშვილს უჭირს.

სოსო გალუმაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" შარშანდელ აქციაზე დაახლოებით 15 ათასამდე ადამიანი იყო. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ ახლაც. ამას ის ფაქტი მაფიქრებინებს, რომ გარდა ლარის კურსის დევალვაციისა, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

"ის, რაზეც საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების წინ უკმაყოფილება ჰქონდათ, საუბარი იყო მაღალ პრემიებზე, ასეთ საკითხებზე ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა და ამ ფაქტით განაწყენებული ადამიანები მიტინგზე არ გამოვა.

"რეალურად ვფიქრობ, რომ აქციაზე მისულთა 90% რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები იქნებიან და დაახლოებით 10% კი ის ადამიანები, რომლებც ხელისუფლების პოლიტიკით არიან უკმაყოფილო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს არ მიეკუთვნებიან", - ამბობს გალუმაშვილი.

მისი თქმით, აქციაზე გამოჩნდება, რამდენად სწორად იმუშავა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და რამდენად შეძლო სახელისუფლებო პარტიამ ამისთვის ხელის შეშლა. თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან საპროტესტო აქციების გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას ვხედავთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის აქციაზე რაიმე კონფლიქტს არ ელოდება.

"ამის მაგალითი იყო შს სამინისტროში ჩატარებული შეხვედრა, სადაც აქციის უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით ბევრ საკითხზე შეთანხმება შედგა. შს მინისტრმა თქვა, რომ ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლები დაშორებული და დაცალკევებული იქნება ძირითადი საპროტესტო მიტინგისგან და ამდენად რაიმე ექსცესი გამორიცხულია," - ამბობს გალუმაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×