ქეთა ციცქიშვილი
23.03.2015

 თბილისის საკრებულოს წევრი, "რუსპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ისევ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, ამ ოპოზიციური პარტიის სრულად გაქრობა წარმოუდგენელია იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთგული ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობაც მართალია არ იზრდება, მაგრამ არც დიდად მცირდება.

21 მარტის აქციას იგი სწორედ ამის კარგ მაგალითად მიიჩნევს და აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობის" მიერ შაბათს დაანონსებული წინასაარჩევნო აქციების სერია მათ მომხრეთა რაოდენობას ვერ გაზრდის.

დავით ზურაბიშვილი: არ მგონია ეს აქცია რაიმე განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებდეს. მსგავსი აქციის გამართვა ყველა პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციური უფლებაა, ბუნებრივი ამბავია. რაც შეეხება შანსებს, ჩვენ ვიცით, წინა არჩევნების დროს, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, რამდენი ხმა მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ".

ეს არ არის მათი პირველი აქცია და როგორც ჩანს, მათი რაოდენობა არც მცირდება და არც იზრდება, ინარჩუნებს სტაბილურობას. მათ მხარს უჭერენ ის ადამინები, ვინც მათი მხარდამჭერია თავიდანვე და სხვა არავისი.

ისინი ხელისუფლებაში ერთპიროვნულად ვერ მოვლენ, ეს გამორიცხულია. პარლამენტში, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნებიან 2016 წლის არჩევნების შემდეგ, მაგრამ ხელისუფლებაში მათი მოსვლა შეუძლებელია.

"მ.კ.": თქვენი აზრით, რის ხარჯზე შეიძლება ემატებოდეს "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველი ?

დ.ზ.: ისეთ დიდ ციფრებზე ლაპარაკი, რომელიც თვისობრივ ცვლილებებს გამოიწვევს, წარმოუდგენელია. შეიძლება ხელისუფლებას მხარდამჭერი ახლა ნაკლები ჰყავს, ვიდრე 2012 წლის არჩევნებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი რიგებიდან გასული ადამიანები აუცილებლად მათ ემატება.

"მ.კ.": თქვენი აზრით, რატომ აკლდება ხელისუფლებას მხარდამჭერები?

დ.ზ.: ყოველთვის არის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები. ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა პრეტენზიებია. "ნაციონალების" მმართველობისას იყო ავტორიტარული რეჟიმი და იქიდან გადასვლა კოალიციურ მმართველობაზე, ბუნებრივია, ეს არის სხვა რეალობა, გარდამავალი რეალობა და არ არის ეს ადვილი. თუ დემოკრატიული მმართველობა გვინდა, რეალურად მრავალპარტიული მმართველობა უნდა იყოს.

დღეს ჯერჯერობით გარდამავალი და რთული ეტაპია. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, დანაკარგები აქვს.

"მ.კ.": "ნაციონალური მოძრაობა" ზუსტად იმ გეგმას მიყვება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა 2012 წლის არჩევნებისთვის - წინასაარჩევნოდ დიდი აქცია თბილისში თავისუფლების მოედანზე და აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. როგორ ფიქრობთ, რატომ იქცევიან ასე და რა შედეგს მიიღებენ?

დ.ზ.: ამას არაფერი შედეგი არ მოჰყვება. საერთოდ ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" შედარება საერთოდ არ შეიძლება. ეს პარტია არის ხელისუფლებაში ნამყოფი და მათი რეპუტაცია არის შელახული. ვინც მათი მხარდამჭერია, ვერ წარმომიდგენია იმან როგორ უნდა შეიცვალოს აზრი და ასევე ვინც არ არის მათი მხარდამჭერი და არც არასდროს ყოფილა, ისინი მათ რიგებში არ ჩაეწერებიან.

"ქართულმა ოცნებამ" გააერთიანა ასეთი ხალხი, რომელიც უკმაყოფილო იყო მათი მმართველობით. მათ ჰყავთ ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობაც არასდროს განიცდის თვისობრივ ზრდას. ეს კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში, მაგრამ ის შეუძლიათ, რომ იყვნენ პარლამენტში, თვითმმართველობებში.

"მ.კ.": ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული პრაქტიკით, ხელისუფლებაში ნამყოფი პოლიტიკური ძალა ძალაუფლების დაკარგვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პრაქტიკულად წყვეტდა არსებობას. თქვენი აზრით, "ნაცმოძრაობა" ეს არ ემუქრება?

დ.ზ.: მათ ჰყავთ ამომრჩეველი, რომელიც სულ მათი ამომრჩევლები არიან. რატომ და როგორ - ეს არ ვიცი, მაგრამ ჰყავთ ასეთი ხალხი და არის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია იჯდეს პარლამენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×