ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, საქართველომ მიგრაციული შოკი მიიღოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ მძიმეა, საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს მხოლოდ მოკლე პერიოდში მოხდება, დროის გასვლის შემდეგ კი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები მიხვდებიან, რომ ევროპაში თავის რჩენა ადვილი არ არის, უკან დაბრუნდებიან.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი მაისში, რიგის სამიტზე მიიღებს. ჩვენთან ერთად, მოლოდინის რეჟიმშია უკრაინაც, თუმცა როგორც ევროპული მედია წერს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი პროცესების გამო, უვიზო რეჟიმის მიღების შანსი, პრაქტიკულად, ნულია.
გერმანული "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, მაისში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეთანხმებას ხელი მოაწერონ, თუმცა უვიზო რეჟიმის გაფორმებამდე ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, უკრაინა რიგის სამიტზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისგან ძალიან შორს იქნება, საქართველოს შანსი კი 50/50-ზეა.
აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან მოლდოვა იყო პირველი, რომლის მოქალაქეებისთვისაც შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლა უვიზო გახდა. უვიზო მომოსვლა მოლდოველებისთვის 2014 წლის აპრილის ბოლოს ამოქმედდა. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით, ბიომეტრული პასპორტით 363 751-მა მოლდოველმა იმოგზაურა, აქედან 277 უკან დააბრუნეს, 213-მა არ შეასრულა ევროკავშირში შესვლის პირობები, 64 კი წარსულში არალეგალური ქმედებების გამო არ შეუშვეს.
როგორც ცნობილია, უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისგან (ამ შემთხვევაში უკრაინისა და საქართველოსგან) არაერთი რეფორმის გატარებას ითხოვს, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას, საზღვრისა და მიგრაციის მართვას, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ამასთან, ევროკავშირი არც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შეწყვეტს მონიტორინგს.
რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე კი სულ ცოტა დრო დარჩა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას გასცემს, თუმცა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის თანხმობაზე იქნება დამოკიდებული შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები 2016 წლიდან ევროპის ქვეყნებში ბიომეტრული პასპორტებით მოგზაურობას.
ბევრმა არ იცის, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში ევროპაში ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ქვეყნიდან წასვლაში ხელს მხოლოდ სავიზო პროცედურების გავლა უშლით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში, ისინი დაუყონებლივ დატოვებენ თავიანთ ადგილსამყოფელს და თანაც არა 90 დღით, არამედ უფრო დიდი ხნით. ამის გამოცდილება რუსეთის შემთხვევაში უკვე არსებობს, როცა უვიზო მომოსვლის დროს საქართველოდან ჩრდილოეთში სამუშაოდ საკმაოდ ბევრი ქართველი გავიდა. ასე იყო უკრაინაშიც.
ექსპერტი და ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე თვლის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამქმედება მოკლე პერიოდში აუცილებლად მიგრაციულ შოკს გამოიწვევს.
"დიდი ალბათობით შოკი იქნება, მაგრამ მერე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში წავლენ და ნახავენ ლამაზ ოფისებს, სადაც არავინ ეტაპიჟება, უკან დაბრუნდებიან. თუკი მაინც დარჩებიან, არცთუ სასარგებლო საქმიანობით დაკავდებიან.
ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყნიდან გავა შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განათლებული ადამიანები, რაც საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე და დემოგრაფიაზე ცუდად აისახება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კანაპაძემ.
მიგრაციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ესაა ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება. აქ კი არც ერთი ადმინისტრაციული მექანიზმი არ მუშაობს.
"ჩვენს ძვირფას იურისტებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც "ბ" პუნქტის თანახმად იმართება სამყარო, ვეტყვი, რომ ცდებიან. სამყარო ობიექტური კანონებით იმართება. შენ შექმენი ქვეყანაში ცხოვრების პირობები, გააძლიერე ეკონომიკის რეალური სექტორი და არავის ექნება სურვილი წავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ შავ მუშად. საწინააღმდეგი შემთხვევეში თუ გინდა, საზღვარზე დააყენე ჯარისკაცები ან ბერლინის კედელი აღმართე, არაფერი გამოვა. რამდენი "ბ" პენქტიც გინდა მიიღონ იურისტებმა, ის არც ერთი არ შესრულდება. კანონი უნდა იყოს აღსრულებადი. იულიუსის კანონი და ნაპოლეონის კოდექსი რატომ არის დღემდე რეალური? იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონები იყო.
დღეს იქმნება რაღაც მითიური ფონდები, რომლებიც შექმნისთანავე იქცევიან ქაჯეთის ციხეებად, რომლებსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა. თუ შეხვალ იქ, გაგაგზავნიან ბანკებში და გეტყვიან, იქ გასესხებენ ფულსო და ბედნიერი იქნებიო. ბანკების სესხით აშენებულ ქვეყანას ერთს მაინც თუ დამისახელებს ვინმე, მართლაც ბედნიერი ვიქნები", - დასძინა კაპანაძემ.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ავთანდილ სულაბერიძე მისი აზრით, იმის გამო, რომ ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გამორიცხულია, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოდან მოსახლეობის მასობრივი გადინება მოხდეს.
"ევროპის ბევრ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და სამსახურის შოვნა არათუ ქართველს, არამედ იქაურ მოქალაქესაც უჭირს. ეს აქაც იციან და ამიტომ არა მგონია, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, აქედან ხალხის ნაკადი ევროპისკენ დაიძრას", - დასძინა სულაბერიძემ.
რაც შეეხება ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობას: არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია წასული, რაც მთელი მოსახლეობის 25%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში უცხოეთში სამსახურის საძებრად წასულთა შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა რაოდენობა (შრომით მიგრანტთა 45% ქალია). ქართველებისთვის ემიგრაციის თვალსაზრისით ყველაზე სასურველი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც მიგრანტ ქალთა 24,3% იმყოფება. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოდან მიგრირებული მოქალაქეების დაახლოებით 53% ძიძად, მომვლელად მუშაობს ან სხვა ფიზიკურ სამუშაოს ახორციელებს. 13% - სტუდენტია და მხოლოდ 5% ახერხებს საკუთარი პროფესიით დასაქმდეს.
შრომით მიგრაციაში გასული მოსახლეობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. შსს-ს 2015 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნიდან 407 717 საქართველო მოქალაქე გავიდა, დაბრუნებით კი 391 169 დაბრუნდა; ანუ 16 548-მ საერთოდ უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე ან ქვეყანა რამდენიმე თვით ან წლით დროებით დატოვა.
რაც შეეხება სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს, მიგრაციული სალდო ისევ უარყოფითია. 2013 წლის მონაცემებით უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 2,6% შეადგინა. 2013 წელს ქვეყნიდან 21,5%-ით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მიგრაციული სალდო დადებითი და თანაც, სამკაოდ მაღალი იყო 2009 წელს, როდესაც საქართველოში 34,2%-ით მეტი საქართველოს მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. 2010 წელს ისევ დადებით მიგრაციული სალდო გვქონდა - 18,1%, 2011-ში კი - 20,2%.
2014 წელისსტატისტიკის სამსახურს მიგრაციასთან დაკავშირებით მონაცემი ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა ემპირიული დაკვირვებით და საზოგადოებაში არსებული განწყობით, გამორიცხული არ არის, რომ შარშანაც უარყოფითი მიგრაციული სალდო გვქონოდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი სოციალური სიდუხჭირეა. ამიტომ ამ პრობლემის დასაძლევად ყველა ქვეყანა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას - გაუმჯობესდეს ეკონომიკური პირობები. დემოგრაფების თქმით, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ბრუნდებიან ქვეყნიდან წლების წინათ წასული მიგრანტები, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ვინც აქ დამკვიდრებას, სამსახურის შოვნას და განვითარებას ვერ ახერხებს, ისევ უკან ბრუნდება.