ეს ტრაგიკული შემთხვევა თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოში ორშაბათს შუადღისას მოხდა. როგორც "რეზონანს" თვითმხილველმა განუცხადა, ადგილზე სასწრაფო დახმარება იყო გამოძახებული, თუმცა ხელოვნური სუნთქვისა და სხვა საჭირო პროცედურების ჩატარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცი 75 წლის იყო, რომელიც კაზინოში ბუნებრივი სიკვდილით - გულის შეტევით გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს. მათი განცხადებით, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 თავის 27-ე მუხლის თანახმად, რომელიც პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობასა და ხელშეუხლებლობას გულისხმობს, ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლიათ, რადგან სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია, პაციენტის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაიცვას, როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგაც.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენად ხშირად ხდება კაზინოებში მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დამხარების გამოძახება, მათი თქმით, მსგავსი სტატისტიკური მონაცემები არ აქვთ.
ფსიქოლოგ მარინე კაჭარავას თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში არანაირი სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ მას აზარტული თამაშებზე დამოკიდებულობის გამო დახმარებისათვის ძირითადად 18-19 წლის მივიჩნიოთ.
"ნებისმიერი ასაკის ხალხი მომმართავს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ საშუალო ასაკი 18-19 წელია. მომართვიანობის სიხშირე საფეხბურთო ჩემპიონატების დაწყების თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უფრო იზრდება.
"ფსიქოლოგებს დასახმარებლად ძირითადად უკვე გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამინები მიმართავენ - ვისაც ვალი აქვს, სამსახურის სალაროდან თანხა აქვს გატანილი და დასაბრუნებელი, სახლი, მანქანა ლომბარდში აქვს ჩადებული.
"მიუხედავად იმისა, რომ ხშირია მომართვიანობა და თვითმკვლელობის ფაქტებიც, დანამდვილებით იმის თქმა, გაიზარდა თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა, შეუძლებელია, რადგან ქვეყანაში ამის არანაირი სტატისტიკა არ არსებობს.
"ზოგადად, ეს ინფორმაცია საკმაოდ დახურულია, თვითონ კაზინოში შესვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელი. ჩვენ გვქონდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ არც ერთმა კაზინომ არ შეგვიშვა. მეტიც, საპარლამენტო კომისიაშიც ვიყავი ამ საკითხის აკრძალვასთან ან რეგულირებასთან დაკავშირებით. ასაკობრივი შეზღუდვის, ქონებრივი ცენზის ან რაიმე რეგულაციების დაწესება გვინდოდა. თავიდან თითქოს გვისმენდნენ მაგრამ არანაირი შედეგი არ ჰქონია," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ფსიქოლოგი მარინე კაჭარავა.
როგორც "რეზონანსთან" საუბრისას საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე ამბობს, კატასტროფულად დიდია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი. იგი ქვეყანაში ამ პრობლემის დღემდე ასეთი სიმწვავით არსებობას ხელისუფლების უპასუხისმგებლობასა და უსინდისობას უკავშირებს.
"კატასტროფულად დიდია ამ სენით დაავადებული ადამიანების რიცხვი. ძალიან ბევრია სუიციდის ფაქტები და თითოეული ამ ადამიანის, ოჯახის გაუბედურების პასუხისმგებლობა კაზინოს მეპატრონეებსა და იმ პოლიტიკოსებზეა, ვისაც შეუძლია, მაგრამ არ წყვეტს პრობლემას. მათ არც ქვეყანა უყვართ.
"ჩემთვის სრულიად გაუგებარია იმ პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებიც ერთ წუთს პირჯვარს იწერენ, ვითომ მორწმუნეები არიან და მეორე წუთას იმაზე საუბრობენ, რამდენად მნიშვნელოვანია კაზინოების არსებობა და რამდენად ივსება ამ თანხით ჩვენი ბიუჯეტი.
"ვფიქრობ, უსინდისო და უპასუხისმგებლო ადამიანია, ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება აქვს, თუმცა არ წყვეტს და სრულიად გაუგებარ და უგუნურ არგუმენტებს იშველიებს. ჩემთვის მიუღებელია, ადამიანი ქვეყნის პატრიოტი ვარო იძახდეს და იმ ქვეყნის შვილების ბედი არ ანაღვლებდეს.
"სამწუხაროა, რომ 2012 წელს, როდესაც ეს პოლიტიკური ცვლილება მოხდა, ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდიოდა, ხალხს, მათ შორის საპატრიარქოსაც ჰპირდებოდა, რომ ამ საკითხს რაღაცნაირად გადაწყვეტდნენ. მაგრამ როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ეს პირობა დაავიწყდათ და ახალი არგუმენტების მოძიება დაიწყეს, თუ როგორი მიზანშეწონილია კაზინოების და სათამაშო სივრცის არსებობა ქალაქში, სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან, უნივერსიტეტებთან," - ამბობს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე.