ლევან გვაზავა პროფესორი
ტყე რომ ნიადაგთან, წყალთან და ჰაერთან ერთად გარემოს მდგრადი კოსმიურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკური ბალანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია, დღეს ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამ ბალანსის შენარჩუნება ახლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთ მთიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც მოთხოვნილება მერქანზე საგრძნობლად გაზრდილია. მისი დაკმაყოფილება კი ტყის არსებული რესურსით შეუძლებალია. ეს განსაკუთრებით საწვავ შეშას ეხება. ამ დროს მთაში მცხოვრები მოსახლეობის საწვავი შეშის გარეშე დატოვებაც არ შეიძლება, რადგანაც მათ ალტერნატიული რესურსი არ გააჩნიათ.
დადგენილია, რომ ყოველწლიურად მოსახლეობა 3 მლნ კბ/მ-ზე მეტ შეშას მოიხმარს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ტყე, ყოველწლიურად ასეთი გრანდიოზული მოცულობის შეშის დამზადების შემთხვევაში. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ შეშის დამზადების წესის პირობებსაც, რაც ითვალისწინებს მოსახლეობისთვის ძირზე ჭრის უფლების მიცემას. ამ დროს ადამიანებს არც პროფესიული გამოცდილება და არც საწარმო საშუალებები არ გააჩნიათ.
მოსახლეობას სიცივის შიში აიძულებს ყველანაირი ღონე იხმაროს ზამთრის გადასატანად და არც თუ იშვიათად ჭრის წესების დარღვევის ფასად მოიპოვოს შეშა. ეს ზიანის მიყენების გარეშე არ ხდება და ტყის მდგომარეობაზეც აისახება. შედეგად სახეზე გვაქვს გამეჩხერებული ფართობები, რომელთაც აღარ შესწევთ უნარი მათზე დაკისრებული ფუნქცია შეასრულონ, რაც მიმდინარე წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყერების მიზეზია. სტიქიურ უბედურებას არა მარტო ნგრევა მოყვება, არამედ ადამიანთა სიცოცხლეც ეწირება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისის შედეგად ეს პროცესები გაძლიერდა. ხალხი ტყეს მიაწყდა არა მარტო თავის გადარჩენის მიზნით, არამედ იგი შემოსავლის წყაროდაც გაიხადა. დაიწყო სამერქნე მასალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაზიდვა, არადა დამოუკიდებლობა სახელმწიფო რესურსების არა განადგურებას, არამედ მათ გონივრულ გამოყენებას გულისხმობს.
მიუხედავად ტყეების ასეთი სავალალო მდგომარეობისა, მთაში მცხოვრები მოსახლეობის შეშაზე მოთხოვნილება 7 კბ/მ-დან 15 კბ/მ-მდე გაიზარდა, რაც არასწორი მიდგომაა, რადგან ტყეს დღეს თვითონ სჭირდება დახმარება. მთაში მცხოვრები მოსახლეობის გათბობაზე ზრუნვა აუცილებელია, მაგრამ არა მხოლოდ ტყის რესურსის ხარჯზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტყე საწყობი არ არის და იქ მერქნის დამზადების ოდენობა განისაზღვრება "უწყვეტი" სარგებლობის პრინციპით.
აქედან გამომდინარე, ცხადია, ტყეების მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან ტყეში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად სერიოზული სისტემური ცვლილებებია საჭირო, რომელთა შორის მეცნიერულად დასაბუთებული სახელმწიფო პროგრამების შემუშავება იგულისხმება.
საწვავი შეშის ჩანაცვლება უნდა მოხდეს სხვა ალტერნატიული სათბობი საშუალებებით, რომელთა შორის, პირველ რიგში, გაზი და ელექტროენერგია მოიაზრება. ამ რესურსით დღეს ბევრი სოფელი თუ რაიონია უზრუნველყოფილი და რეგიონალური განვითარების პროექტის მიხედვით კი ყველა სოფლისთვის არის გათვალისწინებული.
საწვავი შეშის ბუნებრივი აირითა და ელენერგიით ჩანაცვლებით, პირველ რიგში, მისი ტექნიკურ-ორგანიზაციული და ფინანსური პრობლემები იჩენს თავს, თუმცა დღეს ბევრი მეტად პრობლემური საკითხის მოგვარება დგას დღის წესრიგში, თუნდაც ისეთი როგორც თვით გაზიფიცირების პროცესია. მთავრობა, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას შეშის მოსაპოვებლად გარკვეულ სოციალურ დახმარებას უწევს და ეს ყველაფერი ტყის ხარჯზე, რაც, თავისთავად, ზიანის მიყენების გარეშე არ ხდება. ცხადია, თუ ამ სოციალურ დახმარებას გაზით გათბობის სამუშაოთა ორგანიზებას მოვახმართ, ტყეც გადაურჩება განადგურებას და მოსახლეობაც მშვიდად ამოისუნთქებს. ამისთვის კი საჭირო იქნება, მოსახლეობის გათბობის პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, შემუშავდეს გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის შესრულებისათვის თანხის მოზიდვა არა მარტო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან, არამედ სახელმწიფოსა და სპონსორების დახმარებითაც უნდა განხორციელდეს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ისიც, რომ მოსახლეობა საწვავ შეშად, ძირითადად, სამასალე ხე-ტყეს იყენებს, რომლის მოხმარება შეიძლება სხვადასვა საავეჯო დეტალების დასამზადებლად, რაც თავის მხრივ, მთაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.
თუ ჩვენ მიერ შემოთავაზებული წინადადება რეგიონალური განვითარების პროგრამის ნაწილი გახდება, აუცილებელი იქნება რეგიონებში მუნიციპალიტეტების მიხედვით, ჩამოყალიბდეს გამათბობელი სისტემების დამონტაჟებისა და ექსპლოატაციის სპეციალური სამსახური.
მოსახლეობას სოციალური დახმარება გათბობისათვის მხოლოდ 5-6 თვის განმავლობაში დასჭირდება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, სოფლების ქალაქის ტიპის დასახლებად გადაქცევას და ახალგაზრდების ადგილზე დამაგრებას. ამასთან, დაიწყება ადგილობრივი მუშა ხელის მონაწილეობით იმ გრანდიოზული ამოცანების გადაწყვეტა, რომელიც მთავრობამ დასახა რეგიონების აღორძინებისათვის.
ჩვენი დაკვირვებით, 30 კვ/მ ოთახის გასათბობად თვეში დაახლოებით 130 ლარის ოდენობის თანხაა საჭირო, რაც მოსახლეობისთვის არც თუ იოლი გადასახდელია, მით უმეტეს, სოციალურად დაუცველთათვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზამთარი 5-6 თვე გრძელდება, სულ თანხა დაახლოებით 650-780 ლარი იქნება. ამ დროს 10 კბ/მ შეშის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება.
სწორი მენეჯმენტით შეშის ჩანაცვლება ბუნებრივი აირით სულაც არ არის ილუზია, მით უმეტეს, რომ მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის შეშის მოსაპოვებლად მთავრობის მიერ გარკვეულ სოციალურ შეღავათის გამოყოფა ხდება.
აქედან გამომდინარე, ცხადია, მთაში მცხოვრებთათვის ბუნებრივი აირის სისტემის გამართვა რეალურ ღონისძიებად უნდა მივიჩნიოთ, რითაც გადავარჩენთ არა მარტო ტყეს და მოსახლეობას, არამედ თავიდან ავიცილებთ ტყის განადგურებით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებსაც, რომელიც, თავის მხრივ, ეკოლოგიური კატასტროფების მიზეზი ხდება.