ხვალ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წარუდგენს, სწორედ ამიტომ მოითხოვენ, რომ ყოველწლიურ ანგარიშს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მთავრობის წევრებიც დაესწრონ.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებამდე ერთი დღე რჩება, ჯერ კიდევ გაურკვეველია მინისტრთა კაბინეტის რომელი წევრები დაესწრებიან მარგველაშვილის გამოსვლას.
რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მისი გამოსვლის საკითხი პროტოკოლით განისაზღვრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ კი თქვა, რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების საკითხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. განსხვავებული მოსაზრება მხოლოდ განათლების მინისტმა თამარ სანიკიძემ გამოხატა და აღნიშნა, რომ მისთვის პრეზიდენტის მოსმენა საინტერესო იქნება.
რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ პრეზიდენტისადმი მთავრობის წევრთა ასეთი დამოკიდებულება და უნდა დაესწრონ თუ არა ისინი პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას? - ეს კითხვა საზოგადოების წარმომადგენლებს დავუსვით.
ია ანთაძე (მედიაექსპერტი):"ამ შემთხვევაში მე მოქალაქე ვარ და, რასაკვირველია, ბევრად კომფორტულად ვიგრძობდი თავს, თუ პრეზიდენტისადმი მთავრობის ასეთ დამოკიდებულებას არ დავინახავდი. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, პიროვნული და ინსტიტუციური პატივისცემა ერთმანეთისადმი უფრო ხშირად გამოეხატათ. ასეთ შემთხვევაში თქვენ ამ შეკითხვის დასმაც არ დაგჭირდებოდათ, ეს ბევრად უკეთესი იქნებოდა.
"მეორე მხრივ, ქვეყნის ასაშენებლად უმთავრესია არ დაირღვეს კონსტიტუცია და კანონი, პროცედურების დაცვა უმნიშვნელოვანესია. ამ შემხვევაში, როგორც ვიცი, კანონი არ ირღვევა, უბრალოდ ესაა ჩვენი ადამიანური ემოცია და გვსურს, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ."
გიგი თევზაძე (ილიაუნის ყოფილი რექტორი):"ბუნებრივია, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობის წევრებიც უნდა ესწრებოდნენ, ეს უბრალოდ პოლიტიკური ზრდილობის საკითხია. სწორედ ამ გამოსვლითვე ჩანს მთავრობის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება, თორემ ნორმალურ ვითარებაში რომ ვიყოთ, ეს საკითხი, ანუ მათი დასწრება-არდასწრების საკითხი, დღის წესრიგში საერთოდ არ დადგებოდა.
"ცხადია, მინისტრთა კაბინეტის არმისვლა დანაშაული არაა, თუმცა, პრობლემა სწორედ ისაა, რომ პროცედურებში ამის ჩაწერის აუცილებლობაზე მარტო საქართველოში ვერ იფიქრეს."
გია ნოდია (პოლიტოლოგი): "ეს სისტემური დამოკიდებულებაა, როცა მთავრობა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, პირველ ჩვენებას აწვება. როგორც ჩანს, ამის რეალური მიზეზი თავის დროზე პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაწყებული კონფლიქტია. ფაქტობრივად, ესაა უპატივცემულობა პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, რაც სრულიად აშკარაა.
"პროცედურულად, კანონში ცალსახადაა გაწერილი, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ეს ელემენტარული ზრდილობის საკითხია.
პრეზიდენტი ქვეყანაში ერთ-ერთი უმაღლესი თანანმდებობის პირია და მიუხედავად იმისა, რომ მას წინამორბედისგან განსხვავებით ძალიან მაღალი უფლებამოსილება არ გააჩნია, კონსტიტუციურად აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და მისდამი პატივისცემა ზრდილობის საკითხია, აუცილებელი არაა, ყველაფერი კანონში ეწეროს."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):"არ მგონია, რომ პრეზიდენტის ანგარიშზე დასწრება სავალდებულო იყოს. მინისტრთა კაბინეტი მის გამოსვლას ტელევიზიითაც მოისმენს და შენიშვნებს ამ მეთოდითაც გაიზიარებს. არ შეიძლება მინისტრებსა და პრეზიდენტს შორის რაიმე საკითხებზე დებატები გაიმართოს.
"აქ ერთი მთავარი საკითხია - ეს ანგარიში თბილისში რომ იყოს, დასწრება კიდევ შესაძლებელი იქნებოდა. ამხელა გზაზე წასვლა-წამოსვლა, როცა მინისტრებს ამდენი საქმე აქვთ, არ შეიძლება. მთელი სამუშაო დღის დაკარგვა იმისათვის, რომ მოისმინონ ის, რასაც ტელევიზიითაც ნახავენ, აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი არგუმენტია პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე