საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ყველაზე მეტ მხარდაჭერას იღებს ნატოსგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, - ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამართული ონლაინ კითხვა-პასუხის ფარგლებში გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის მხრიდან ძლიერ ზეწოლას განიცდიან იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა პოლიტიკური კურსი შეიცვალონ.
"ნატოში მიგვაჩნია, რომ სამივე ქვეყანა უფრო მეტ მხარდაჭერას იმსახურებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ამ დროისათვის ყველაზე მეტ დახმარებას იღებს ნატოსგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს საქართველოში, ასევე თავდაცვისუნარიანობის გაზრდის სკოლას", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, თუ ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ საქართველოს დახმარება შესთავაზონ აღჭურვილობის ან ტრენინგების კუთხით, ეს ნატოს მცდელობებს შეავსებს.
თქვენი აზრით, რაში გამოიხატება ნატოსგან მიღებული დახმარება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): აპუტურაის განცხადება, რომ საქართველო ფინანსდება, ეს მართალია - ფინანსდება, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთაც ნატო აფინანსებს. ასევე უამრავი პოლიტიკური ორგანიზაცია ნატოს მიერ ფინანსდება, რადგან ნატოს უჭერენ მხარს. კი ფინანსდება, მაგრამ ზუსტად ჩვენ არ ვიცით ამ თანხების გამჭვირვალობა. ვინ როგორ და რამდენით ფინანსდება. ასევე ეს განცხადება არ უნდა მივიღოთ იმის ნიშნად, რომ საქართველო ნატოში შევა.
ჩვენ ვიცით აპატურაის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოში უახლოეს პერიოდში ვერ შევალთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემი აზრით, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებენ.
თუ აშშ ნატოს რეორგანიზაციას გააკეთებს და ამ ქვეყნებს არ შეეკითხებიან, მაშინ შესაძლებელია საქართველო ნატოში შევიდეს. საკითხავია, საქართველო ნატოში აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე თუ მოხვდება. ისიც საკითხავია, საქართველო ნატოში თუ შევა, რუსეთიდან ჩვენი უსაფრთხოება დაცული იქნება?
მიშა მშვილდაძე პროდიუსერი): ამ მიმართულებით ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ნატოსგან დიდ დახმარებას იღებს. პირველ რიგში ეს არის სწავლებისა და ცოდნის მიღება, რომელსაც ჩვენ სამხედრო საქმეში ვიღებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ცოდნა ალბათ გარკვეული საფასური უჯდება. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით ვიღებთ მეტ დახმარებას, თორემ ნატო იარაღს არც ჩვენ მოგვცემს და არც უკრაინასა და მოლდოვას.
ამ შემთხვევაში გამოცდილების გაზიარებასა და ფინანსურ დახარებაზეა საუბარი. როგორც ჩანს, საქართველო ნატოსთან სიახლოვით მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით ყოველთვის ლიდერი იყო. აქედანაც არის განპირობებული ის, რომ ნატო უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ჩვენს ინტეგრაციაზე უფრო მეტს ხარჯავს.
მოსახლეობამ აირჩია, რომ ნატოში შესვლა სურს. ასეთი რამ უკრაინაში და მოლდოვაში არ ყოფილა, შესაბამისად, რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩვენ ნატოსთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე ისინი.
თედო დონდუა ისტორიკოსი): ამ ზღაპრების აბსოლუტურად არ მჯერა. იმიტომ, რომ მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. ჩვენ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით არავითარ დახმარებას არ ვიღებთ. ასეთი ქცევით ეს ორგანიზაცია თავის პოტენციურ მოკავშირეებს კარგავს.
მიშა თავხელიძე პოლიტოლოგი): მე როგორც მგონია, ალბათ მისი განცხადება იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და კონტაქტები ნატოსთან უფრო ინტენსიურია, ვიდრე სხვა ქვეყნების. სხვა რას უნდა ნიშნავდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე