გუშინ გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტი ერთსაათიან მოხსენებაში თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკურ მდგომარეობაზე გააკეთა და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ეკონომიკური ზრდის შენელება და უმუშევრობა დაასახელა. რაც შეეხება მიღწევებს, ამ კონტექსტში ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის პროექტები დაასახელა. გიორგი მარგველაშვილს გარკვეული შენიშვნები მთავრობის მიმართაც აქვს.
მმართველი გუნდის წევრთა ნაწილს სახელმწიფოს მეთაურის მიმართ კითხვები აქვს, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებიც პრეზიდენტის შენიშვნებს იზიარებენ. პრეზიდენტის გამოსვლას 104 დეპუტატი ესწრებოდა, თუმცა არ დაესწრნენ მთავრობის წევრები და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის გამოსვლას, რა იყო ყველაზე საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა თუ არა მასზე მთავრობის დასწრება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ქეთი ბექაური (იურისტი): მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრების დასწრება სავალდებულოდ არ მიიჩნევა, თუმცა მიმაჩნია, რომ დასწრება და პრეზიდენტის მოსმენა ცუდი არ იქნებოდა. მგონია, რომ მისი გამოსვლა საინტერესო იყო, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ფონზე, რაც საქართველოშია.
თუნდაც ბოლო დროს მომხდარი ბესიკ ხარძიანის მკვლელობა. პირველი პირია, ქვეყნის მთავარსარდალია და სჯობდა, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისთვის მოესმინათ.
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): მათი მოვალეობაა, რომ პარლამენტში მივიდნენ და პრეზიდენტს მოუსმინონ, თუმცა შეუძლიათ არც მივიდნენ. ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ არ აკონკრეტებდა-ხოლმე, თუ ვისზე იყო საუბარი. მიმართავდა ადამიანებს, თუმცა არ უნდოდა გაეგოთ, ვისზე საუბრობდა. მაგალითად, თქვა, რომ ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება ფერხდება, მაგრამ როგორ ფერხდება, არ თქვა. მან თქვა, რომ ვიწროპარტიული ინტერესების გამო სახელმწიფოს კურსი არ უნდა შეიცვალოს, მაგრამ არ დააკონკრეტა, რომელი პარტიის ვიწროპარტიულ ინტერესებს გულისხმობდა. მის მეტყველებაში აღმოსავლური სტილი შეინიშნებოდა, რაც საინტერესოა. ის ვიღაცას ესაუბრებოდა, თუმცა ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაში სიახლე არ იყო. ჩვეულებრივი გამოსვლა იყო. თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად პრეზიდენტი აღარც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. ამიტომ, მის გამოსვლას უკვე აღარ აქვს ისეთი დატვირთვა. ამ შემთხვევაში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეს გამოსვლა არ განსაზღვრავს.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): საერთოდ ძალიან საინტერესო პრეზიდენტი გვყავს, მაგრამ რატომღაც ჩვენი მთავრობა უინტერესოდ უყურებს, ისევ და ისევ იმ ძალაუფლების გამო, რომელიც მას არა აქვს. მისი გამოსვლა საინტერესო იყო. მე ვიცი, რომ ჭეშმარიტი ქართველია, ძალიან უყვარს ქართველი ხალხი.
შეეძლო ყველაფერი ისეთი ფრომით გამოეთქვა, რომ ყველასთვის ძალიან მძიმე ყოფილიყო, მაგმა მას ეთიკა და ტაქტი აქვს, კიდევ უფრო გაგიჟებული ხალხი არ გააგიჟოს. განათლებული ადამიანია და ვერ გააკრიტიკა და ვერ გალანძღა ისინი, ვინც გასალანძღია. მისი გამოსვლა მომეწონა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე