ლიკა ამირაშვილი
02.04.2015

ცუდია, რომ პრეზიდენტმა აირჩია მთავრობის საჯაროდ გაკრიტიკების გზა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მე გული მწყდება, რომ ამ საკითხებზე შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს, პირადად ჩემთვის დაერეკა და ეთქვა გულწრფელად თავის მოსაზრება. მე მას ავუხსნიდი. ცუდია, რომ მან არჩია ეს გზა - საჯაროდ გაკრიტიკება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამშაბათს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის კომენტირებისას.

იუსტიციის მინისტი თეა წულუკიანი პრეზიდენტთან უფრო მეტი კონტაქტის და კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ეს ალბათ პრეზიდენტის ხარვეზიც არის და ჩვენი ხარვეზიც, რომ, როგორც ჩანს, ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი არარსებობა პრეზიდენტს აკეთებინებს ისეთ კომენტარებს, რომელიც მინისტრებს მოგვეჩვენა, რომ არის ან მოძველებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასება, ან უსაფუძვლო," - განაცხადა მინისტრმა.

თქვენი აზრით, ვისი ან რისი ბრალია, რომ ერთი მხრივ პრეზიდენტს და, მეორე მხრივ, მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს შორის კომუნიკაცია არ არის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ეს საიდუმლო არ არის, ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი და პრემიერი აბსოლუტურად სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე დგანან. ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ პრეზიდენტის დანიშვნისას შეცდომა დაუშვა და ეს გახდა მათი გაუცხოების ძირითადი მიზეზი. აქ თავიდანვე შეცდომა იყო დაშვებული. ივანიშვილმა ვერ იპოვა ის კადრი, რომელიც მასა და ქართულ ოცნებას დააკმაყოფილებდა. როდესაც მან აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, უკვე გვიან იყო. ამიტომ, რაც მეტი კომუნიკაცია იქნება, რასაკვირველია, შანსია გარკვეული საერთო წერტილების პოვნისა, რაც ისევ საქართველოს გამოადგება. ასეთი გაუცხოება საქართველოს კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): კომუნიკაცია არ არის, ამის თქმა ძნელი იქნება. გარკვეული კომუნიკაცია არის, თუმცა სასურველია უფრო მეტი ურთიერთგაგება იყოს. მიზეზი ამისა არის ის, რომ კონსტიტუციამ პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობის ახალ სისტემაზე გადაგვიყვანა. ადრე სააკაშვილი თვითონ იყო პარლამენტიც, მთავრობაც და პრეზიდენტიც. განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა. ერთპიროვნულად ყველა თანამდებობაზე იმას ნიშნავდა, ვისაც მოისურვებდა.

ახლა ჭეშმარიტი სტრუქტურები გაჩნდა, რომლებმაც თავისი საქმე იციან. დღეს პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული უფლებები გააჩნია. ახლა გარდამავალი პერიოდია, ყველა სტრუქტურა პრეზიდენტის შედარებით მოკრძალებულ უფლება-მოვალეობებს უნდა შეეგუოს.

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ერთი რამ მინდა ვთქვა - გუშინ ვუყურე "არჩევანს" და საკმაოდ მოხიბლული დავრჩი ჩვენი პრეზიდენტის პასუხებით. ძალიან დიპლომატიურად ისაუბრა, გაუმწვავებლად, თქვა, რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, რაღაცა უთანხმოება არსებობს და ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ასეთ რეჟიმში.

 

 

 

 

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების  მართვის სპეციალისტი): ვიზიარებ იმ აზრს, რომ მეტი კოორდინაცია და კუმუნიკაციაა საჭირო. პრინციპში, ეს მაინც თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთმანეთის განცხადებებზე რეაგირებენ. ეს თავისთავად დადებითია. პრემიერმა მას საკუთარი მოსაზრება გაუზიარა და ზოგადად დადებითი ტენდეციაა, თუმცა მათი ურთიერთობის დახვეწა კიდევ უფრო მეტად შეიძლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×