ყველას შესატყვისი პასუხი გაეცემა და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახისთვის მისამძიმრების შემდეგ განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხარძიანის მკვლელობა არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია.
"მინდა, გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. მოკლე დროში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრინციპულ ადამიანებს, ვინც სამართლიანობისთვის ბრძოლას თავს არ ანებებს, სწორედ რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორით უმკლავდებიან და ცდილობენ, ამით შეგვახსენონ წარსული დრო, საზოგადოებაში შიში და შფოთვა გამოიწვიონ.
"ვარწმუნებ ამ არაადამიანებს, ვისაც ეს თავში მოუვიდათ, რომ მსგავსი ჩვენს საზოგადოებაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ყველას პასუხი გაეცემა შესატყვისი და სამართლის წინაშე აგებენ პასუხს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს.
ხედავთ, თუ არა მსგავსებას იური ვაზაგაშვილისა და ბესიკ ხარძიანის მკვლელობას შორის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანებს შორის ასეთი განუკითხაობა არსებობს. მკვლელობები სახელწიფოს სისუსტის ნიშანია. სახელწიფო, რომ ძლიერი იყოს და ინსტიტუტები კარგად მუშაობდეს, ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს.
ეს ჩვენი სახელწიფოს შეუდგარობის კიდევ ერთი ნიშანია. ოჯახის უდიდესი ტრაგედიაა და ასევე მთელი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი პასუხიმგებლობა სახელწიფოს ეკისრება. ეს ყველაფერი მათი არაპროფესიული მუშაობის შედეგია.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მიმაჩნია, მსგავსება არის ის, რომ ორივე მკვლელობა შეკვეთილია. ჩემის აზრით, ეს ყველაფერი სამართლიანობის აღდგენის წინააღმდეგ მიმართული კრიმინალური მოქმედებაა.
ეს არის ტერორი ერთი მხირივ ხალხის დაშინება და, მეორე მხრივ, აქტიური მოქმედება იმისკენ, რომ სამართლიანობა არ აღდგეს. სამართლიანობის აღდგენა ადმიანისთვის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. ამიტომ სიმართლეს რაც უფრო მალე დაადგენენ, ჩვენი საქმე უფრო კარგად წავა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): სამართლის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. როდესაც ადამიანს ნაადრევად ისტუმრებენ ამ ქვეყნიდან, ეს უდიდესი ცოდვაა. ადამიანები, როდესაც ხედავენ, რომ დაუსჯელად დადიან, თავადაც შეიძლება ჩაიდინონ იგივე. ყველა, ვინც დანაშაულს სჩადის, უნდა დაისაჯოს. ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება.
ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტ-არქიტექტორი): სამწუხაროდ, ბოლო დროს სამართალდამცველი ორგანოები და გამომძიებლები მაინცდამაინც კარგ შედეგებს ვერ აღწევენ. ძალიან ბევრი საქმე ე.წ. ჩამოკიდებული საქმეა, რომელიც წლების განამვლობაში ვერ იხსნება. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სასურველი მოვლენა არ არის.
ადამიანებში სიმშვიდის შეგრძნებას და განცდას არ ბადებს. არა მგონია, ჩაფიქრებული პოლიტიკა იყოს - ელემენტარულად გამოსაძიებლად კვალიფიკაცია აკლიათ. ამიტომ სწავლება-ტრენინგი უნდა ჩაუტარდეთ. მეტ-ნაკლებად დამშვიდებულ ვითარებაში გაუთავებელი მკვლელობები არ შეიძლება.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცდონე): მგავსება ის არის, რომ ორივე დაკვეთილ მკვლელობას ჰგავს. ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ პასუხი ცოტა მკაცრად უნდა გაეცეს. ყველა საქმის გამოძიება დასაჩქარებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოძიება აუცილებლად კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, არავითარი გადახვევა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე