თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთს შორის არშემდგარი შეთანხმების გარემოებების შესასწავლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
კომისიის შექმნის პროცედურა უკვე დაიწყო საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა", რომელიც პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს სპეციალური განაცხადით მომავალი კვირის დასაწყისიდანვე მიმართავს.
მანამდე კი ირაკლი ალასანიამ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებზე შეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალეს.
მისი თქმით, საპარლამენტო კომისიის ამოცანა იქნება, შეისწავლოს, თუ რა პირობებში, როგორ გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, საფრანგეთთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება არ შედგა.
კომისიის დასკვნა, ირაკლი ალასანიას თანახმად, იქნება ეტაპი იმისთვის, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" პრემიერ-მინისტრს სრული პოლიტიკური უნდობლობა გამოუცხადონ.
როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა საფრანგეთთან არშემდგარი შეთანხმების გარემოებების შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "მე ვფიქრობ, რომ სპეციალური საპარლამენტო კომისია არ უნდა შეიქმნას, რადგანაც ვერაფერ შედეგს ვერ მოგვცემს. რა უნდა დაადგინოს საპარლამენტო კომისიამ? რა დასკვნა უნდა გამოიტანოს? თუნდაც შეიქმნას და რაიმე სახის გადაწყვეტილება მიიღოს, მერე რა?
"ან უნდა გაამართლოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ან მოქმედი. ჩემი აზრით, ეს უფრო მეტ დაძაბულობას შექმნის, ჩვენს მტერსა და "ნაციონალურ მოძრაობას" სალაპარაკოს მისცემს.
"მე მიკვირს ირაკლი ალასანიასი. ამ თემის გაგრძელება "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყალს ასხამს. კომისიის შექმნა კი არა, დიალოგია საჭირო."
ლია მუხაშავრია (იურისტი): "ჩემი აზრით, არ არის საჭირო საპარლამენტო კომისიის შექმნა, რადგანაც მანდ გამოსაძიებელი არც არაფერია. უბრალოდ, ეს ისეთი საკითხია, რომ სახელმწიფო სამხედრო საიდუმლოებას შეიცავს და, შესაბამისად, რომც იქნეს რაიმე გამოძიებული, ჩვენ, საზოგადოება მაინც ვერაფერს გავიგებთ.
"აქედან გამომდინარე, ჩემთვის საინტერესო არ არის. არც ის ვიცით, სახელმწიფომ თავი რატომ შეიკავა ამ მემორანდუმზე ხელის მოწერისგან. ესეც სახელმწიფო საიდუმლოა. ამიტომაც არ უნდა შევაბიჯოთ ისეთ სფეროში, სადაც კომპეტენტურები არ ვართ."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე მიმაჩნია, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია, სამართლიანი მოთხოვნაა. რა უდგას წინ, რომ შეიქმნას? ჩვენი ხელისუფლების შიში მაოცებს.
"რა მოხდა, არ ჯობია, გამოიძიონ? როდესაც ამხელა ეჭვი ჩნდება მთავრობის მისამართით და ამ განცხადებას მათივე ყოფილი თანაგუნდელი აკეთებს, მე მგონია, რომ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან."
გიგი თევზაძე (ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი): "რა თქა უნდა, ალასანიას განცხადებას მივესალმები და მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას, რადგანაც მთავრობის მისამართით ძალიან სერიოზული ბრალდება გაისმა. შესაბამისად, ამ ბრალდებას პასუხი უნდა გაეცეს, რადგანაც საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღების შეძენა აუცილებელია. საზოგადოებას კითხვები რომ არ დარჩეს, ვფიქრობ, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე