ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან სამი "ოცნების" წევრმა დაიკავა და ერთი "რესპუბლიკელმა"
იაგო ნაცვლიშვილი
04.04.2015

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით დავა დასრულებულია „როვნულ ფორუმსა“ და „ოცნებას“ შორის დავა დასრულებულია. „ფორუმში“ ცხადებენ, რომ მათ თავისი კანდიდატურა უკან გაიწვიეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კოალიციის ერთიანობას საფრთხე დამუქრებოდა.

"დღემდე ვრჩები პოზიციაზე, რომ შალვა კიკნაველიძე კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტს კარგად უხელმძღვანელებდა, მაგრამ კოლეგებმა მას ასაკი დაუწუნეს. კიკნაველიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, ის მხოლოდ 28 წლისაა.

"ეროვნული ფორუმი" დიდ პატივს სცემს გუნდურობას. საბოლოოდ კონსულტაციების დროს ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. იცით, რომ აქამდეც დაგვითმია რაღაც-რაღაცები და ამას ყოველთვის კოალიციის ერთობისთვის ვაკეთებდით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფრაქცია "ეროვნული ფორუმიდან" ანი მიროტაძე.

დეპუტატი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ დათმობის სანაცვლოდ მათ არაფერი მოუთხოვიათ. პარლამენტარის თქმით, სამართლიანია თუ არა ის, რომ ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან სამი "ოცნების" წევრმა დაიკავა და მხოლოდ ერთი "რესპუბლიკელებმა," ეს შეფასებითი საკითხია.

ცნობისთვის, ორი დღის წინ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გახდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გია ჟორჟოლიანმა დაიკავა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თამაზ მეჭიაური უხელმძღვანელებს, ხოლო კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი თემურ ჭკუასელი გახდა. ამ თანამდებობის დასაკავებლად "ფორუმი" თანაფრაქციელ შალვა კიკნაველიძეს ლობირებდა, თუმცა, საბოლოოდ ფრაქციამ დათმო და უმრავლესობის პოზიცია გაიზიარა.

"რეზონანსი": თქვენ ამბობდით, რომ არ აპირებდით პოზიციის დათმობას და კავკასიისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ "ფორუმის" წევრის შალვა კიკნაველიძის დასახელებას ითხოვდით, თუმცა, "ოცნებამ" თემურ ჭკუასელი დაასახელა და იგი უკვე თავმჯდომარედაც აირჩიეს. რა მოხდა, რატომ დათმო "ფორუმმა" პოზიცია?

ანი მიროტაძე: დავაზუსტებ, მე ვამბობდი, რომ კონსულტაციების რეჟიმი იყო. არგუმენტების წარდგენის ფაზაში ვიყავით. ვისი არგუმენტიც იქნებოდა ბევრად ღირებული, მის კანდიდატს დაუჭერდა მხარს კოალიცია.

დღემდე ვრჩები პოზიციაზე, რომ შალვა კიკნაველიძე კომიტეტს კარგად უხელმძღვანელებდა, მაგრამ კოლეგებმა მას ასაკი დაუწუნეს. კიკნაველიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, ის მხოლოდ 28 წლისაა. მისი ასაკი ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი გამოდგა.

რამდენად დამაჯერებელი არგუმენტია ასაკის გამო მის კანდიდატურაზე უარის თქმა, შეფასებითი საკითხია. თუმცა, ეს არ ყოფილა იმ რიგის საკითხი, რომ ამას რაიმე განხეთქილება გამოეწვია კოალიციაში.

"ეროვნული ფორუმი" დიდ პატივს სცემს გუნდურობას. საბოლოო კონსულტაციების დროს ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. იცით, რომ აქამდეც დაგვითმია რაღაც-რაღაცები და ამას ყოველთვის კოალიციის ერთობისთვის ვაკეთებდით. მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკაში ყველაზე გამართლებული ფორმაა - თუ შენ შეგიძლია დათმობაზე წასვლა, ეს ძალიან კარგია.

"რ": თუმცა, ალბათ სანაცვლოდაც უნდა იღებდე რამეს. თუ მიიღეთ სანაცვლოდ რამე?

ა.მ.: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სანაცვლოდ არაფერი მოგვითხოვია. ჩვენ არ მივეკუთვნებით იმ კატეგორიას, რომლებიც დათმობაზე რაღაცების სანაცვლოდ მიდიან. ჩვენ ვართ გუნდურად მოთამაშე პოლიტიკური პარტია და დათმობაზე გუნდურობის შესანარჩუნებლად წავედით.

გუნდურობა ბევრად უფრო მაღალი ფასეულობაა ამ დროის მოცემულობაში, ვიდრე კონკრეტული თანამდებობა. ანგარიში გავუწიეთ პოლიტიკურ პარტნიორებს. მთავარია, რომ საკუთარ ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ საერთო საქმე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტრუქტურა მუშაობდეს გამართულად. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო კოალიციისთვის, არამედ ხალხისთვისაც.

"რ": მიეცით თუ არა ხმა თემურ ჭკუასელს თქვენ და თქვენმა თანაფრაქციელებმა?

ა.მ.: რა თქმა უნდა. ჩვენი ფრაქციის 5 დეპუტატი იმყოფებოდა დარბაზში და ხუთივემ მივეცით ხმა. შეგიძლიათ ამოიღოთ კენჭისყრის შედეგები და ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ. გუბაზ სანიკიძე იმ დღეს ქუთაისში საპატიო მიზეზის გამო არ იმყოფებოდა და მან ხმა ვერ მისცა. თუმცა, სხდომაზე რომ ყოფილიყო, ხმას გუბაზიც მისცემდა.

"რ": რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ 4 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სამზე ფრაქცია "ოცნების" წევრი იყო წარდგენილი, მხოლოდ ერთზე სხვა ფრაქციის - "რესპუბლიკელების"?

ა.მ.: ეს შეფასების საკითხია. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობამ, რომლის წევრი მეც ვარ. შესაძლოა, მე ვფიქრობდე, რომ კარგი იქნებოდა, თანამდებობები ფრაქციებს შორის გადანაწილებულიყო, მაგრამ შესაძლოა, მე ვცდები და უმრავლესობის პოზიციაა სწორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×