ქეთა ციცქიშვილი
06.04.2015

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი განცხადებები, შესაძლებელია, შეიცავდეს სამართალწარმოებაზე ზეგავლენის საფრთხეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ცალსახად გამოხატა ამ დავაში ერთი მხარის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მოსამართლე, რომელმაც კომპანიის დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, პასუხს აგებს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება.

თქვენი აზრით, ერევა თუ არა პრემიერი სამართალწარმოებაში და ახდენს თუ არა სასამართლოზე ზეწოლას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):"ეს მე მგონი, პირდაპირი დადასტურებაა, რომ სამართალწარმოებაში ერევა საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პირით საუბრობს."

 

 

 გიგი თევზაძე (ილიაუნის ყოფილი რექტორი):"ერევა, რა თქმა უნდა. მისი განცხადება იყო სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის მცდელობა. ამ განცხადებიდან ვერ დაასკვნი, რამდენად ერევა, მაგრამ მცდელობა არის, ამას რად უნდა ლაპარაკი?!"

 

 

 

 მამუკა არეშიძე (ექსპერტი კავკასიის საკითხებში):"ეს უფრო მოწოდება იყო, ვიდრე პირდაპირი ჩარევა. მე, მაგალითად, ვთვლი, რომ ასეთი ტიპის მოწოდება არ იყო საჭირო. მაგრამ მისი სიტყვები ჩემთვის უბრალოდ მოწოდებაა და მეტი არაფერი."

 

 

 

 ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"):"ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ისინი ცალსახად ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს მათ დაქვემდებარებაში. ჩვენ გვახსოვს კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს ძალიან ცუდი ფაქტის, როდესაც მოსამართლის თანაშემწეს აშანტაჟებდნენ და არ მოჰყოლია ამას რეაქცია აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ იყო კიდევ თეა წულუკიანის განცხადებები, რომლებიც პირდაპირ აკნინებდნენ სასამართლო ხელისუფლებას. "ეს ტენდენცია გრძელდება ახლაც. ღარიბაშვილის განცხადებები აბსოლუტურად ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×