აფხაზი "დეპუტატები" აცხადებენ, რომ პატრიარქ კირილისაგან აფხაზეთში ეპისკოპოსების ხელდასხმის დაპირება მიიღეს
ეკატერინე ბასილაია
06.04.2015

 რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, შესაძლოა, მომავალში აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსები დანიშნოს - ამ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატები აკეთებენ და აცხადებენ იმას, რომ მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქ კირილისაგან ეს დაპირება ერთი დათქმით მიიღეს - აფხაზეთში არსებული მღვდელმსახურების ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შერიგება უნდა მოხდეს.

საუბარია დოროთეი დბარისა და ბესარიონ აპლიას მომხრეებს შორის არსებულ განხეთქილებაზე, სადაც დბარის ჯგუფი მსოფლიო საპატრიარქოსთან სიახლოვეს ემხრობა და წირვისას პატრიარქ ბართლომეოსს მოიხსენიებს, ხოლო აპლიას დაჯგუფებას რუსეთის საპატრიარქოსთან სიახლოვე და მის იურისდიქციაში შესვლა სურს და წირვისას პატრიარქ კირილს მოიხსენიებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ დავით შარაშენიძის განცხადებით, საეკლესიო სამართლის მიხედვით, სრულიად მიუღებელია, საქართველოს პატრიარქის ნებართვის გარეშე მის ეპარქიაში ვინმემ მღვდელმსახურება აღასრულოს და არანაირი კანონიკური საფუძველი არ არსებობს, რომ რუსეთისა თუ მსოფლიო პატრიარქს აფხაზეთის ეპარქიაზე რაიმე გავლენა ჰქონდეს.

მისი თქმით, მათთვის ასევე მიუღებელია აფხაზეთის ორივე სამტროდ დაპირისპირებული სასულიერო დაჯგუფების პოზიცია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რომელსაც ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო.

დეკანოზი დავით შარაშენიძე: "სამწუხაროდ, ჩვენ დღეს აფხაზეთში ვერ შევდივართ. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა, რომელიც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა, არაერთხელ სთხოვა რუსეთის საპატრიარქოსა და სახელმწიფოს, რომ უსაფრთხოების ზომები მიეღოთ და მას აფხაზეთში მღვდელმსახურება აღესრულებინა, სიტყვიერი დაპირების მიუხედავად, ეს არ შესრულდა და აფხაზეთში არც ქართველ მღვდლებს მიეცათ შესვლის შესაძლებლობა.

"აფხაზეთის ე.წ. დეპუტატების მოთხოვნა და ეპისკოპოსების ხელდასხმა - ეს კანონიკის ძალიან უხეში დარღვევა და უგულებელყოფაა, ამას არც ერთი ავტოკეფალიური ეკლესია არ მიიღებს."

დეკანოზის თქმით, საქართველოს პოზიცია რუსეთში იციან, თუმცა, თუ პატრიარქი საჭიროდ ჩათვლის, მოსკოვში შეიძლება პირადი წერილიც გაიგზავნოს.

ცნობისათვის, პატრიარქ კირილთან ვიზიტის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტარებმა 3 აპრილს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მათი თქმით, მოსკოვში ვიზიტი გაზაფხულის პირველ დღეს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე შედგა და ისინი რუსეთის დედაქალაქში თავისი ინიციატივით კი არ ჩავიდნენ, არამედ დე ფაქტო პარლამენტს სპეციალური მიწვევა მოსკოვიდან მიუვიდა და ამის შემდეგ ეწვია რუსეთის პატრიარქს სამი "დეპუტატი" აფხაზეთიდან - ვიაჩესლავ აგრბა, ბესლან ცხვინარია და იური ზუხბა. ისინი საზეიმო წირვას დაესწრნენ, ტრაპეზის შემდეგ პატრიარქმა კირილმა სოხუმელი სტუმრები სატახტო დარბაზში მიიღო.

აგრბას განცხადებით, აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის საინტერესო იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაზრება ეპისკოპოსის ხელდასხმის პერსპექტივის შესახებ. მისი თქმით, პატრიარქი კირილი გაგებით შეხვდა აღნიშნულ საკითხს და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი აფხაზეთის საზოგადოებასა და აფხაზ მღვდელმსახურებზეა დამოკიდებული.

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მომავალში შეიძლება მზად იყოს აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსების ხელდასასხმელად", - აფხაზეთის "პარლამენტარებთან" შეხვედრისას პატრიარქ კირილის ნათქვამი გადასცა ჟურნალისტებს აგრბამ.

მისივე თქმით, ამისათვის აუცილებელია აფხაზეთის შიდა საეკლესიო განხეთქილების გადალახვა.

"ახლა აუცილებელია, მღვდელმსახურთა დაპირისპირებული ჯგუფების შერიგების გზა მოვძებნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისკენაა განწყობილი პრეზიდენტიც. როგორც კი ამას მივაღწევთ, შესაძლოა, წარმოიქმნას სრულიად ახალი სიტუაცია და ჩვენი ეკლესიის აღიარების ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდეს," - განაცხადა "დეპუტატმა".

ბესლან ცხვინარიას თქმით კი, მათმა დელეგაციამ პატრიარქ კირილს აფხაზური საზოგადოების ის პოზიციაც მოახსენა, რომ 60 ათასზე მეტი აფხაზეთის მოქალაქის ხელმოწერა შეგროვდა, რომლებიც პეტიციით აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებას ითხოვდნენ, რაზეც პატრიარქმა კირილმა განაცხადა - "თქვენ თქვენს თავში სულიერი ერთიანობა მოძებნეთ, ჩვენ კი მოგეხმარებით ეკლესიის სტატუსის მოგვარებაში, აფახაზეთის ეპისკოპოსების ხელდასხმის შესაძლებლობაში და ამისათვის კანონიკური მექანიზმი უკვე მუშავდება".

შესაძლებელია თუ არა, აპლია-დბარის დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის თუნდაც ავტოკეფალიის პერსპექტივის გამო შერიგება შედგეს? - ისტორიკოსი ზურაბ პაპასქირი აცხადებს, რომ ეს გამორიცხულია.

ცნობისათვის, 2011 წლის მაისში დოროთეი დბარის ჯგუფმა ახალ ათონში "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია" შექმნა და მას შემდეგ სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის თვითგამოცხადებულ არქიმანდრიტ ბესარიონ აპლიასთან, რომელიც აფხაზეთის ეკლესიის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევა, შეურიგებელი მტრობა აქვს.

"რაც დრო გადის, ამ ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება არა თუ ნელდება, პირიქით, უფრო მძაფრდება და მათი შერიგება გამორიცხულია. რუსეთის მოწინააღმდეგენი დბარს, მომხრეები კი აპლიას უჭერენ მხარს და ეს გაყოფა უკვე ძალიან აშკარაა," - ამბობს პაპასქირი.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთის ეპარქიის დამოუკიდებლობას ვერ აღიარებს. ეს ძალიან რთულია, რადგან მსოფლიო საეკლესიო კანონი ასეთ ნორმას არ ცნობს, რომ მარტო ერთმა ეკლესიამ აღიაროს ავტოკეფალია. თუმცა, თუკი რუსეთის საპატრიარქო ამას მაინც გააკეთებს, საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია კონტრ ღონისძიებაზე წავიდეს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რაც ასევე უკანონო იქნება, მაგრამ იქნება პასუხი და ამდენად, მიაჩნია, რომ მოსკოვი ამ ნაბიჯზე არ წავა.

არეშიძე ასევე გამორიცხავს, რომ რუსეთის ეკლესიამ აფხაზეთში ეპისკოპოსების დანიშვნა დაიწყოს და ამას აფხაზების ტყუილს უწოდებს.

"ის, რასაც აფხაზები ამბობენ, რომ თითქოს ეპისკოპოსების კურთხევის დაპირება მიიღეს, არარეალურია. პოლიტიკოსებს ახასიათებთ ჩვევა, რომ ამომრჩეველს გულის მოსაგებად ტყუილი უთხრან, თავისი პოლიტიკური მიზნების გასამართლებად. გამორიცხულია, საქართველო რუსეთს დათანხმდეს ეპისკოპოსების თუნდაც დროებით კურთხევაზე," - დასძენს არეშიძე.

თეოლოგის, რელიგიის საკითხთა სააგენტოს მრჩეველ ლევან აბაშიძის განცხადებით, რუსეთმა ჩვენ გარეშე, ცალმხრივად თუ დაიწყო ეპისკოპოსების ხელდასმა აფხაზეთში, ეს ყველასთვის ცუდი იქნება.

"ამ ეპისკოპოსებს არ სცნობს რუსეთის ეკლესიის გარდა არავინ და ეს მრავალ პრობლემას წარმოშობს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის," - ამბობს აბაშიძე და მიიჩნევს, რომ თუ გვინდა, აფხაზეთში პროცესები უკონტროლოდ, ჩვენი ეკლესიისაგან აბსოლუტურად კონტროლს გარეთ არ წარიმართოს, ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისები უნდა გამოიძებნოს.

ლევან აბაშიძე: "რეალურად აფხაზეთში არა თუ ჩვენი პატრიარქი და ეპისკოპოსი, მღვდელიც ვერ შედის. ჩვენი ეკლესიის პოზიცია - თუ მე ვერ შევდივარ, სხვასაც არ შევუშვებ (თუნდაც დროებით), იქნება ეს რუსეთის თუ მსოფლიო პატრიარქის მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსი - არასწორია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აფხაზეთში მცხოვრებ მართლმადიდებლებს კანონიერი მღვდელმსახურების გარეშე დატოვებისათვის ვწირავთ.

"დღეს რეალურად აფხაზეთში კანონიკურად ხელდასხმული ეპოსკოპოსი არ არის, აფხაზეთში მცხოვრები მართლმადიდებლების ბედი კი ჩვენი ეკლესიის პასუხისმგებლობაა და ჩვენმა ეკლესიამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს.

"ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ აფხაზეთში დროებით მსოფლიო პატრიარქის მიერ ნაკურთხი ეპისკოპოსი შესულიყო, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ეს ნაბიჯი იმითაცაა დადებითი, რომ ბერძნები დააბალანსებდნენ აფხაზეთში რუსეთის დიდ გავლენას.

"აფხაზეთის ეკლესიის სტატუსზე კი ყოველგვარი საუბარი ზედმეტია და ჩვენი ეკლესია ამას, რა თქმა უნდა, უარყოფს. აფხაზეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ეპარქია და ჩვენი მხრიდან სტატუსზე ლაპარაკი ამ ეტაპზე არ იქნება".

აბაშიძის თქმით, დღეს ის მღვდლები ცოცხლები არიან, რომლებსაც ხელდასხმა ჯერ კიდევ აფხაზეთის დე ფაქტო გამოყოფამდე აქვთ მიღებული საქართველოს საპატრიარქოდან და ისინი გარკვეული თვალსაზრისით კანონიერი ღვთისმსახურები არიან. თუმცა, დროთა განმავლობაში ახალი ეპისკოპოსების კანონიკურად ხელდასხმა აუცილებელი გახდება, რადგან მღვდლის კურთხევა ეპისკოპოსის გარეშე შეუძლებელია.

"მე ვიცნობ მღვდელ დავით სარსანიას, რომელმაც რუსეთში სასულიერო განათლება მიიღო და მღვდლად კურთხევისთვის საქართველოში გამოაგზავნეს, თუმცა, მან უარი მიიღო. როდესაც აფხაზი გთხოვს ხელდასხმას, ამით აფხაზეთს ჩვენს კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, ამ დროს კი შენ უარით ისტუმრებ, გამოდის, შენ სხვა რამ გინდა, ალბათ ცდილობ, მხოლოდ ეთნიკურად ქართველები შევიდნენ იქ. სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესიის პოზიცია უკომპრომისო და მკაცრად შეურიგებელია და ეს ჩვენს საერთო საქმეს ვნებს," - მიიჩევს აბაშიძე.

დეკანოზი დავით შარაშენიძე განმარტავს, რომ სარსანიას მართლაც ეთქვა მღვდლად კურთხევაზე უარი, იმიტომ, რომ ის ძალიან არაკორექტულად იქცეოდა.

"ის საპატრიარქოს რეზიდენციაში ცხოვრობდა, დიაკვნად ხელდასხმა მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი თავხედური და არასწორი განცხადება გააკეთა და ამის გამო სასულიერო პირად გახდომის შესაძლებლობა არ მიეცა. ეს ბუნებრივია. ახლა ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ცდილობს ურთიერთობის დამყარებას," - აღნიშნავს შარაშენიძე.

ის ამბობს იმასაც, რომ რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოებისგან იყო სურვილი, დროებით მათ ეკურთხებინათ ეპისკოპოსები, მაგრამ მათ საქართველოს ეკლესიის მხრიდან ძალიან მკაფო უარი ეთქვათ.

"აფხაზეთში მღვდელმსახურების უფლება სხვას არ აქვს. რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოებს პოლიტიკური წონის მიხედვით შეეძლოთ გამოეჩინათ კეთილი ნება და აფხაზეთში ჩვენი პატრიარქის ჩასვლისათვის ხელი შეეწყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთმა ეკლესიამ ეს კეთილი ნება არ გამოიჩინა.

"თუ არის ის არგუმენტი, რომ ვიღაც შეიძლება ზიარების, ნათლობის ან ჯვრისწერის გარეშე დარჩეს, იქ არიან მღვდელმსახურები, რომლებსაც ჩვენი ეკლესია კანონგარეშედ არ ცნობს და ისინი მღვდელმსახურებას ასრულებენ, მაგალითად, იგივე ბესარიონ აპლია," - დასძენს შარაშენიძე.

გუშინ ამ საკითხზე საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

"გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ეკლესიის მეთაურის მიერ აფხაზეთიდან ჩასული მღვდელმსახურების მიღების შესახებ, რომელთაც ეპისკოპოსის კურთხევა ითხოვეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეისთვის აფხაზეთში მყოფ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა შორის ორი დაპირისპირებული დაჯგუფებაა. ერთნი ცდილობენ, კავშირი დაამყარონ მსოფლიო საპატრიარქოსთან და მის იურისდიქციაში შევიდნენ, მეორენი იგივეს რუსეთის ეკლესიას სთავაზობენ. ორივე მათგანის პოზიცია მიუღებელია და სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ აღიარებულ კანონებს, რასაც, ბუნებრივია, ვერ დაარღვევს როგორც კონსტანტინეპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქო", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკლესიამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, რომ მისი მოძღვრები ჩავიდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღავლინონ მსახურება, აფხაზეთში შესვლას ითხოვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც, თუმცა, ადგილობრივი "ხელისუფლების" წინააღმდეგობის გამო ჯერჯერობით ეს ვერ ხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×