"მივმართავთ ყველა პოლიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და დაიცავით პირველ რიგში თქვენი საკუთარი სიცოცხლე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
საქართველოს პრემიერმა მწუხარება გამოხატა პოლიციის თანამშრომლის ბექა მარგიშვილის დაღუპვის გამო.
"მის ოჯახს მივუსამძიმრე პირადად. ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელიც ოცნებობდა, რომ მამა გმირი ყოფილიყო. ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო შს სამინისტროს ყველა თანამშრომელს ამ პოლიციელის დაღუპვა. დაჭრილი პოლიციელი, მადლობა ღმერთს, სტაბილურად არის, ოპერაციამ კარგად ჩაიარა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, თავად ფაქტი არის ამაზრზენი. "სიტყვები არ მყოფნის, როგორ შევაფასო ეს არაადამიანი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. გახსოვთ, ბორჯომში ამ ადამიანმა ერთი პიროვნება მოკლა. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება და ხელის აღმართვა ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრების მიმართ", - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა შს მინისტრს, პროკურატურას, რომ კრიმინალის წინააღმდეგ გააათმაგონ ბრძოლა.
"ვინაიდან მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. მივმართავ ყველა პილიციელს, იმოქმედეთ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება, რომ დაიცვათ უსფრთხოება და პირველ რიგში თქვენი საკუთარი სიცოცხლე. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მინისტრობის დროს ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს თანამშრომლებს, რომ ყოველთვის წინ უნდა ვუსწრებდეთ კრიმინალს 2-3 ნაბიჯით და ჩვენ ვერ უნდა დაგვასწროს ვერცერთმა კრიმინალმა ვერც გასროლა და ვერც ვერაფერი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თქვენი აზრით, უნდა გაძლიერდეს თუ არა კრიმინალთან ბრძოლა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რა თქმა უნდა, კრიმინალთან ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. მინდა ხელისუფლებას და აგრეთვე შინაგან საქმეთა მინისტრს ვუთხრა, რომ ქუჩაში ვითარება ძალიან გართულებულია. ზოგიერთ ადგილას სიტუაცია იქამდეც არის მისული, რომ სკოლაში მიმავალ ბავშვებს ე.წ. ძველი ბიჭები ფულს ართმევენ.
ასეთი მძიმე სიტუაციაა, ამიტომ კრიმინალს ძალიან მკაცრად უნდა მიხედონ. ქვეყანაში მოქალაქე თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს. საზოგადოებრივი მოთხოვნა უსაფრთხოებაა. მინდა კიდევ ერთი რამ დავამატო, ხელისუფლებამ პოლიციელის მკვლელი აუცილებლად უნდა გამოავლინოს და სასტიკად დასაჯონ.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ კი არ უნდა გაძლიერდეს, გარკვეული კადრებიც უნდა გამოიცვალოს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არეული სიტუაცია ვიღაცას აწყობდეს - შეიძლება ეს ძველი ხელისუფლებაა, ან შეიძლება ჩრდილოელი მეზობელიც იყოს. ასე ერთგვაროვნად თქმა არ შემიძლია. საერთოდ რუსეთის მოქმედებას არასდროს არ გამოვრიცხავ და არც ძველი ხელისუფლების მღვრიე მოძრაობებს.
ხელისუფლება რომ იძახის, "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობდა, კი მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფ ზონდერებს ჩვენი დანიშნული პროკურორი როგორღა გაურიგდა?! პრეტენზია ვისთან აქვთ?! ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მთავრობის დროს - გამსახურდიას იქნება, შევარდნაძის, თუ სააკაშვილის, ჩვენ პასუხს ყოველთვის პირველ პირებს ვთხოვთ და ეს ასეც უნდა იყოს.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): ქვეყანაში როდესაც სამართალდამცავს არ ერიდებიან, კლავენ და ესვრიან, კრიმინალთან ბრძოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.
პროფესიონალი ის არის, როდესაც ნამდვილ დამნაშავეებს ეძებს, ისე არ უნდა მოხდეს, რომ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. როგორ შეიძლება პოლიციელზე ხელის აღმართვა. ყველასთვის გასაგებია, როდესაც პოლიციელს კლავენ, რიგითი ადამიანი ვინ არის, რომ არ ესროლონ? ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ესეთი რაღაცა აღარ მოხდეს. ამ ფაქტის გამო შეძრული ვარ.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): რა თქმა უნდა, ბრძოლაც უნდა გაძლიერდეს და პოლიციელის კრიმინალებთან მოპყრობის სპეციალური მეთოდიკაც უნდა გაძლიერდეს. სხვა ქვეყნებში მეთოდოლოგია არსებობს იმის შესახებ, პოლიციელები როგორ უნდა მოიქცნენ, რომ საფრთხე აირიდონ. ისეთი მეთოდოლოგია უნდა შეიმუშაონ, რომ პოლიციელი მოძალადის მხრიდან მსხვერპლი თავად არ გახდეს. და ეს მეთოდოლოგია დასამუშავებელია. ყველა შემთხვევაში პოლიციელი თუ დაცული არ იქნება, დანარჩენებზე საუბარიც ზედმეტია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე