ლიკა ამირაშვილი
08.04.2015

იმისთვის, რომ არ მოხდეს ისეთივე უბედური შემთხვევები, როგორიც მოხდა ბოლო პერიოდში, პოლიციელის უფლებამოსილებაში ცვლილებებია საჭირო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მინისტრის თქმით, საუბარია უმნიშვნელო ცვლილებებზე.

"საუბარია უმნიშვნელო თემებზე და არა ისეთი უფლებების მიცემაზე, რომ პოლიციელს პირდაპირ სროლის უფლება ჰქონდეს. ახლანდელი კანონი ნორმალურია, თუმცა არის პატარა ცვლილებები საჭირო, რომ არ მოხდეს ისეთივე სავალალო და უბედური შემთხვევები, როგორიც მოხდა ბოლო პერიოდში," - განაცხადა გომელაურმა და განმარტა, რომ საკითხი ჯერ მხოლოდ განხილვის დონეზეა.

თქვენი აზრით, პოლიციელებს უფლებამოსილება უნდა გაეზარდოთ თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): პოლიციელებს ისეთი უფლებები უნდა ჰქონდეთ, რომელიც მათ უსაფრთხოებას დაიცავს. ვფიქრობ, ასეთი უფლებები თუ არ აქვთ, უნდა მიეცეთ. ყველა ადამიანი, პოლიციელი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, დაცული უნდა იყოს. მითუმეტეს პოლიციელი, რომელიც ამავე დროს ჩვენს დაცვასაც ახორციელებს.

 

 

 ზურაბ მანჯავიძე (მომღერალი): ზოგადად, ალბათ რაღაც შესაცვლელია, თუმცა ალბათ ჯერ უნდა გავიგოთ, რა ცვლილებებზეა საუბარი და უფრო კონკრეტულად მერე ვიტყვი.

 

 

 

 გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები არ განმეორდეს, მაგრამ მე არ მგონია, რომ კანონის გამკაცრების საჭიროება არსებობდეს, თუმცა მოქმედების სახით რაღაც ზომების მიღება საჭიროა.

 

 

 

 თეო ხატიაშვილი (კინომცოდნე): ქვეყნაში რომ სრული განუკითხაობაა, რომელიც კონკრეტულად პოლიციელის ბრალი არ არის, ცხადია, თუმცა ხელისუფლება რეგულაციას როგორ მოახდენს, ეს უკვე არ ვიცი.

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი): ყველაზე მეტად კანონიერებას პოლიციელები უნდა იცავდნენ. პოლიციელი ყველა მოქალაქისთვის მაგალითი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში პოლიციელზე თავდასხმა კი არა და უბრალოდ ხელის შებრუნება როგორ შეიძლება. პოლიციისთვის ხელის შებრუნება ჩვენთვის არაფერს კარგს და სასიკეთოს არ ნიშნავს.

 

 

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს პოლიციას ყველა პატივს სცემდა. პრემიებიც და მეტი უფლებებიც ჰქონდათ. დღეს პოლიცია რა დღეშია - მცირე ჯამაგირი, პრემიებიც მოუხსნეს, ამავე დროს იარაღის ამოღების უფლება არ აქვთ... ეს საქმე აუცილებლად უნდა გადაიხედოს და პოლიციელს როგორც ეკუთვნის, ისეთი უფლებები უნდა მისცენ და ხელფასიც უნდა გაუზარდონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×