"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, სერგო რატიანის განცხადებას სახელი არა აქვს, ეს არის სიბინძურე, სპეკულანტობა და ამორალურობა," - ასე გამოეხმაურა "რეზონანსთან" საუბრისას ჟურნალისტი და საყდრისის ერთ-ერთი აქტიური დამცველი ნინო მიქიაშვილი რატიანის განცხადებას, რომ "არემჯი გოლდმა" 7 აპრილს ძეგლის დაუზიანებელი ნაწილი ააფეთქა.
"ჩვენდა სამწუხაროდ, რაც რატიანმა თქვა, ჩვეულებრივი ამბავია და სიახლე არ არის. ყოველდღე რაღაცა მონაკვეთს აფეთქებენ. 13 დეკემბრიდან მოყოლებული, საყდრისში ყოველ მეორე დღეს პერმანენტული აფეთქება მიმდინარეობს. დღეგამოშვებით დღის 4 საათზე აფეთქებენ-ხოლმე. დაახლოებით ნახევარი საათით კეტავენ მოძრაობას, ახლომახლო თუ ვინმეს ნახავენ, გაჰყავთ და მერე ისევ აგრძელებენ თავიანთ სამუშაოს. დღესაც ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლის, დალი მამულაშვილის დედამ დამირეკა, 4 საათზე კიდევ მოხდა აფეთქებაო, მაგრამ ვიმეორებ, ეს სიახლე არ არის.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა, როგორც ყოველთვის, თავისი პიარტექნოლოგია გამოიყენეს. ამაში ბადალი არ ჰყავთ. ეტყობა, ისეთი ფორმით გაავრცელეს ინფორმაცია, საყდრისის ნაწილი ააფეთქესო, თითქოს რაღაცა ახალი ამბავი მოხდა. ცდილობენ, კიდევ ერთხელ მოხდეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" საყდრისის ასოცირება. დღემდე, როგორც ვიცი, არც რატიანი და არც "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა და არაფერი უნახავს იქ. სპეკულანტები არიან და საყდრისის თემას ეწებებიან. "ნაციონალური მოძრაობა" პიარს იკეთებს - აი, ნახეთ, ჩვენ როგორი ეროვნულები ვართო. როგორ ზრუნავენ ქართულ კულტურაზე და მნგრეველს უპირისპირდებიან," - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას ნინო მიქიაშვილი.
მისი თქმით, საყდრისის ბედი ახლა მოსამართლეზეა დამოკიდებული, რომელმაც მის სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება 13 აპრილამდე უნდა გამოიტანოს.
"საყდრისის განადგურების შემჩერებელი ახლა მხოლოდ მოსამართლეა, რომელმაც 13 აპრილამდე ჩვენი - ნინო მიქიაშვილის, მამუკა ნოზაძის, ირაკლი ლომიძისა და გაიოზ მეხრიშვილის - სააპელაციო საჩივარზე გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.
"მანამდე კი იქ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, უფრო და უფრო სიღრმეში მიდიან და მიწისქვეშა ფენებს ანადგურებენ. რაც დრო გადის და პროცესი იწელება, ძეგლი უფრო მეტად ნადგურდება და 13-მდე შეიძლება საყდრისის ღვიძლი უკვე ბოლომდე ამოიღონ," - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ჟურნალისტმა და საყდრისის მცველმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" საყდრისთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება სერგო რატიანის პირით გაავრცელა.
სერგო რატიანი: "მინდა გავაკეთო საგანგებო განცხადება. დღეს ვიყავი საყდრისში. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ "არემჯი გოლდი" აპირებდა ძეგლის დაუზიანებელი ნაწილის აფეთქებას, მინდოდა, ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა საზოგადოებისთვის და ფაქტიურად რამოდენიმე წუთის წინ შემატყობინეს, რომ ძეგლის დაუზიანებელი ნაწილის აფეთქება უკვე განხორციელდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ძეგლის განადგურება გრძელდება. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არის ბარბაროსობა.
"მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებს აქვთ დადასტურებული, რომ საყდრისი არის მსოფლიოში აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი ოქროს მაღარო. სირცხვილია, რომ ჩვენ თვალწინ გრძელდება ძეგლის განადგურება.
"მთავრობის მიერ ჩადენილ ამ ვანდალურ აქტს მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში ადარებენ არაბი ფუნდამენტალისტებისა და ავღანელი ტალიბების მიერ ძეგლების განადგურებას. აუცილებელია მთავრობის დანაშაულის გამოძიება და იმის დადგენა, თუ ვის რა წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში.
"რამოდენიმე დღის წინ შემატყობინეს, რომ ბურღი დააყენეს ძეგლის იმ ნაწილში, სადაც ნგრევა ჯერ არ იყო განხორციელებული. დღეს რომ ჩავედით, ვნახეთ, რომ ბურღი უკვე მოხსნილი იყო და ეს ნიშნავდა, რომ დანაღმვა დაწყებულია," - განაცხადა რატიანმა.
"არემჯი გოლდის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ფარესიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გაკეთებული განცხადება კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაციაა.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გაკეთებული განცხადება არის კომპანიის წინააღმდეგ მიმართული მორიგი პროვოკაცია და სიცრუის ტირაჟირება.
კომპანია განმარტავს, რომ ყაჩაღიანის უბანზე უკვე რამდენიმე თვეა, რაც ლიცენზიისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით სრულმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აქვე განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის ობიექტი უკვე დიდი ხანია, რაც აღებულია და ნებისმიერი აპელირება იმის შესახებ, რომ ობიექტზე თითქოსდა კულტურული ფასეულობების განადგურება ხდება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა," - განაცხადა ფარესიშვილმა.