ლიკა ამირაშვილი
09.04.2015

მიმაჩნია, რომ არასწორია სპეცრაზმელების დაკავება შესრულებული დავალებების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე განმარტებით, დაკავებულ სპეცრაზმელთა საქმეზე მუშაობს როგორც პროკურატურა, ისე - შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"ვინც არის უკანონო დავალების გამცემი, სწორედ მისი პასუხისმგებლობით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც გასცემდა ამგვარ დავალებებს წინა ხელისუფლების დროს. ისინი იყვნენ პრეზიდენტი და მინისტრი. რაც შეეხება დაკავებულ სპეცრაზმელებს, ამ საკითხზე მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი აზრით, უნდა დაისაჯონ თუ არა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მონაწილე სპეცრაზმელები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): ღარიბაშვილის ნათქვამს ვეთანხმები. ისინი, უბრალოდ, დავალებას ასრულებდნენ და რა შუაში იყვნენ?! ვფიქრობ, არ უნდა დაისაჯონ.

 

 

 

 მერაბ სეფაშვილი (მომღერალი): გააჩნია დავალება რა არის? ადამიანი მოკალიო რომ დაგავალონ, ხომ არ უნდა მოკლა? კანონში როგორც არის, ისე უნდა იყოს. დანაშაული ჩადენილია და უნდა დაისაჯონ.

 

 

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა შემკვეთს ეკუთვნის, მაგრამ რამდენადაც ვიცი, არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც კაცი როდესაც თვლის, რომ ეს ბრძანება უკანონოა, მის შესრულებაზე უარის თქმა შეუძლია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ ცოტა გულისხმიერება გამოვიჩინოთ, თუმცა ადამიანი რომ მოკლეს, ვიღაც ხომ უნდა დაისაჯოს?!

 

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): სპეცრაზმელები მხოლოდ დავალებას ასრულებენ. მათ ხომ არ იცოდნენ, რა დავალებას ასრულებდნენ. მათ მისცეს დავალება, რომელიც უნდა შეესრულებინათ. მათ უთხრეს, რომ ისინი ბანდიტები იყვნენ და თავი უნდა დაეცვათ. მათ ეს დავალება, ასე ვთქვათ, "ხუთიანზე" შეესრულეს. ამ შემთხვევაში სასჯელი არასწორი ბრძანებისთვის უნდა იყოს. იმ შემთხვევაში უნდა დაისაჯონ, თუ მათთვის ცნობილი იყო, სინამდვილეში რაც კეთდებოდა, მაგრამ მათ ხომ არ იცოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×