1989 წლის 9 აპრილის იმ ტრაგიკული ღამიდან უკვე თითქმის 26 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, ქართველები მუდამ დიდი გულისტკივილით ცრემლმორეულნი ვიხსენებთ ამ საშინელ თარიღს და დაღუპულ თანამემამულეებს. ვიხსენებთ აგრეთვე იმ საბჭოთა ჯარისკაცებსაც, რომლებმაც ასე უმოწყალოდ დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და ვცდილობთ გავიგოთ, თუ ვინ იყვნენ ისინი, რა მიზანი ამოძრავებდათ მათ, რას ფიქრობდნენ, როგორ მოქმედებდნენ და გვებადება კითხვა - ნანობენ თუ არა?
ქვემოთ მოყვანილ სტატიაში გთავაზობთ ნაწყვეტს შინაგანი ჯარების ოფიცრის, მოვლენების უშუალო მონაწილის, ვინმე სტანისლავ რაზდობრეევის მემუარებიდან, რომელიც მან თავის ბლოგზე განათავსა და სადაც ის აღწერს 9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ისე, როგორც ეს დაინახა მან...
ტექსტი პირველ პირშია გადმოცემული, წერის სტილი დაცულია.
"ჩემი ხიფათისა და თავგადასავლებით აღსავსე გზაზე მრავალი საინტერესო დღე მქონია. ბევრჯერ სიკვდილისთვის ჩამიხედავს თვალებში, ბევრჯერ შემშინებია და შემდეგ უფრო მეტად დამიფასებია სიცოცხლე. ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ასეთი დღე (უფრო სწორად ღამე) 1989 წლის 9 აპრილია. 9 აპრილი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ოცი წლის შემდეგაც კი მე დეტალურად მახსოვს ის კოშმარული ღამე. რუსთაველის პროსპექტზე მომხდარ მოვლენებს აღვწერ ზუსტად ისე, როგორც სინამდვილეში იყო, როგორც ეს მე დავინახე. მაქსიმალურად შევიკავებ თავს შეფასებისაგან. იმ სამხედრო ნაწილს კი, რომელიც მონაწილეობას იღებდა თბილისის დემონსტრაციის დაშლაში, მე პირობითად "შსს-ს მე-19 დივიზიის მე-6 პოლკს" (სწორედ ასე მოგვიხსენიებდა ჩვენ იმდროინდელი პრესა) დავარქმევ.
"მე-6 პოლკს" საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. თუმცა მისი ისტორიის ყველაზე მძიმე და სისხლიანი ფურცელი კავკასიას უკავშირდება. ჩვენი პოლკი კავკასიაში პირველად 1988 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად სუმგაითში ვიყავით მივლინებულნი, სადაც აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, შემდეგ კი ერევანში გადაგვიყვანეს.
მორიგი მივლინება იმავე წლის შემოდგომაზე იყო. ამჯერად ბაქოში, ცკ-ის (კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი) შენობის წინ გამართული არასანქცირებული დემონსტრაციის დაშლა იყო ნაბრძანები. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი ჩარევა აღარ გახდა საჭირო. ეთნიკურ ნიადაგზე ბაქოში წარმოშობილი ვნებათაღელვა სპიტაკის მიწისძვრამ მეტნაკლებად გაანელა და დემონსტრანტები ნებაყოფლობით დაიშალნენ. ჩვენი "პოლკი" კი სპიტაკში გადაისროლეს. იქ ჩასულებს საშინელი სურათი დაგვხვდა... ქალაქი მთლიანად იყო განადგურებული. დიდი იყო მსხვერპლი მოსახლეობაში. გადარჩენილი ხალხი ღამეს ღია ცის ქვეშ, კარვებში ათევდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მარადიორები თავს ესხმოდნენ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ კოლონებს, ამიტომ გვიწევდა კოლონების ესკორტირება. ვპატრულირებდით დანგრეული ქალაქის დანგრეულ ქუჩებში, სადაც, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბევრი მარადიორი დაძრწოდა. 1989 წელის აპრილის დასაწყისში სხვა ოფიცრებს უნდა ჩავენაცვლებინეთ, ჩვენ კი რუსეთში უნდა დავბრუნებულიყავით. თუმცა 7 აპრილს საგანგებო თათბირზე დაგვიბარეს და მოსკოვიდან გამოგზავნილი ბრძანების საფუძველზე გამოგვიცხადეს, რომ სასწრაფოდ უნდა გადავესროლეთ თბილისში.
თათბირის დამთავრებისთანავე "პოლკის" ტერიტორია ჭიანჭველების ბუდეს დაემსგავსა. ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილის შეცვლისათვის ემზადებოდნენ და ბარგდებოდნენ. დავიწყეთ ბლოკ-პოსტების გაუქმება, დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტები ადგილობრივ მილიციელებს გადავაბარეთ, შევუდექით ინვენტარის ჩალაგებას მანქანებში და დავიწყეთ კოლონისდალაგება.
საღამოს ექვსი საათისათვის, კოლონა უკვე გასასვლელად იყო მზად. კოლონა მოძველებული, ლაზ-ისტიპის ავტობუსებისაგან, რამდენიმე სატვირთო ავტომობილისაგან, რადიოკავშირის მანქანისაგან და უკან მომავალი გამწევი სატვირთო მანქანისაგან შედგებოდა. წინ კი პოლკის მეთაურის, ა.მ.ბაკლანოვის მანქანა მიდიოდა.კოლონის მარშრუტი შემდეგი იყო: ლენინაკანი (ამჟამინდელი გიუმრი - რედ.), ყაზახი, რუსთავი და ბოლოს თბილისი.
დავიძარით... როდესაც უღელტეხილს მივადექით, უკვე ბნელოდა. ძველ ავტობუსებს აღმართზე ასვლა გაუჭირდათ. ერთ-ერთი ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა და მისი თრევა ბუქსირით მოგვიწია. გზა აუტანლად გაიწელა... უეცრად ჩვენ უკან მომავალი ავტობუსი დაგორდა და რომ არა მის უკან მომავალი სატვირთო მანქანის მძღოლის სიმარჯვე, რომელმაც თავისი მანქანა ავტობუსს უკან მსუბუქად დააჯახა და ამით 30-მდე ჯარისკაცი ხევში გადაჩეხვას გადაარჩინა. უღელტეხილიდან დავეშვით და რუსთავისაკენ მიმავალ გზას დავადექით. გამთენიისას რუსთავში შევედით, ეს იყო პატარა და ლამაზი ქალაქი, სუფთა ქუჩებითა და თანამედროვე შენობებით. როგორც იქნა, ჩავედით თბილისში. მოგვაჯადოვა ამ ქალაქის სილამაზემ, მდინარის პირას, კლდეში ჩაშენებულმა სახლებმა, ეკლესიებმა, ქუჩებმა...
თბილისელების დამოკიდებულება ჩვენდამი საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთები გვიღიმოდნენ და ხელს გვიქნევდნენ, ნაწილი კი გვიყვიროდა და ხელებით შეურაცხმყოფელ ჟესტებს გვიჩვენებდა. ეს ალბათ იმით იყო განპირობებული, რომ ჩვენს ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქში უკვე გამოიყვანეს სამხედრო ტექნიკა, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
მივედით დროებითი დისლოკაციის ადგილზე. ეს იყო არცთუ ისე დიდი სპორტული მოედანი ქალაქის ცენტრში. ჯარისკაცებს მიეცათ დასვენების და დანაყრების საშუალება. ლენინაკანიდან წამოსული ძველი ავტობუსები უკან გავაბრუნეთ, სანაცვლოდ კი თბილისის ავტოპარკის ახალი "იკარუსები" მოგვიყვანეს, რომელთაც ქართველი მძღოლები მართავდნენ.
ჩვენი მეთაური ა.მ. ბაკლანოვი შიშობდა, რომ ქართველი მძღოლები ჩვენს ტრანსპორტირებაზე უარს იტყოდნენ, ამიტომაც მათ ჩვენი სამხედროები მიამაგრეს, რომელთათვისაც უნდა ესწავლებინათ ავტობუსის მართვის ნიუანსები. ამის შემდეგ, დაახლოებით დღის 2 საათზე, ოფიცრები საგანგებო თათბირზე დაგვიბარეს. მე, როგორც მეკავშირეს, დამევალა საკავშირო კვანძების მოწყობა და სატელეფონო კავშირის გამართვა. მე და ლეიტენანტმა კონიუხოვმა დაკისრებული ამოცანა შევასრულეთ, ანტენა სტადიონის ყველაზე მაღალ წერტილზე დავამაგრეთ და ამით კავშირგაბმულობის პრობლემაც მოვაგვარეთ.
ამდროისათვის"ზაკვოს"შენობაში (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი - რედ.) როდიონოვსა და ეფიმოვთან თათბირზე მყოფი ბაკლანოვიც დაბრუნდა. ძლიერ აღელვებული ჩანდა. მან სასწრაფოდ დაგვიბარა ოფიცრები და იქვე მდგარ "რაფ"-ის ტიპის მიკროავტობუსში ჩაგვსვა. ქართველმა მძღოლმა თბილისის ვიწრო ქუჩების გავლით მიგვიყვანა ლენინის მოედანზე. ბაკლანოვმა ჩამოსვლა და რუსთაველის პროსპექტზე "გასეირნება" გვიბრძანა. უკვე დაახლოებით საღამოს 7-8 საათი იყო, თუმცა პროსპექტზე ათასობით დემონსტრანტი იყო და ისინი დაშლას არ აპირებდნენ. მეთაურმა სწრაფად აგვიხსნა, თუ სად რომელი შენობა მდებარეობდა. დემონსტრანტებს არ გამოპარვიათ ჩვენი იქ ყოფნა, ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ მოგვიწია პროსპექტის დატოვება. ჩვენს "რაფს" "ჟიგულის" მარკის წითელი ავტომობილი გამოჰყვა, თუმცა ჩვენმა მძღოლმა მოახერხა მდევარისაგან თავის დაღწევა. ბაკლანოვმა შეგვკრიბა ოფიცრები იმპროვიზებულ შტაბში და განგვიმარტა ვითარება:
"რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 10 000-მდე დემონსტრანტი, რომლების საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ადგილი აქვს ნაციონალისტურ-შოვინისტურ მოწოდებებს. დაზვერვის ინფორმაციით, მომიტინგეებს დემონსტრაციის დარბევის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ხის ჯოხები, დროშის ტარები, ქვები და ა.შ. ცეცხლსასროლი იარაღი არ აქვთ, თუმცა რამდენიმე დემონსტრანტისათვის შემჩნეულ იქნა ცივი იარაღი. რუსთაველის პროსპექტი და პარალელურ ქუჩებზე გამავალი გზები სატვირთო მანქანებით არის გადაკეტილი. მიტინგი მშვიდობიანი ხასიათისაა და რაიმე სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია."
ჩვენი მოქმედების გეგმა კი შემდეგნაირი იყო: 342-ე სადესანტო ჯარების 200-კაციან ქვედანაყოფს უნდა განედევნა ხალხი მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჩვენი პოლკის 400-კაციან ქვედანაყოფს კი ხალხი პროსპექტის სიღრმისაკენ უნდა განედევნა და გაეფანტა. ამავე დროს მედესანტეებს უნდა გაენთავისუფლებინათ მხატვართა სახლი, რომელიც დემონსტრანტებს ჰქონდათ დაკავებული. ომონელებს უნდა გადაეკეტათ პარალელურ ქუჩებზე გასასვლელი გზები და უზრუნველეყოთ საფილტრაციო პუნქტების ორგანიზება. ამოცანის შესასრულებლად გადმოგვცეს 5 ჯავშანტრანსპორტიორი და სამი სახანძრო მანქანა.
ღამის 12 საათზე ჯარისკაცებს საბრძოლო განგაში გამოვუცხადეთ და მოედანზე მოვაწყვეთ. მათ მოკლედ ავუხსენით შექმნილი ვითარება და სამოქმედო გეგმა. ბაკლანოვმა გასცა ბრძანება არასანქცირებული დემონსტრაციის დაშლის შესახებ. მე კი ჩემი ჯარისკაცები გავაფრთხილე, რომ არ დაკარგულიყვნენ და ერთმანეთს არ ჩამორჩენოდნენ. ამის შემდეგ გადმოგვცეს შეიარაღება. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა ჩაჩქანი, ალუმინის (მედესანტეებს - პლასტმასის) ფარი, ჯავშანჟილეტი, ხელკეტი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. (ბრძანების თანახმად, ეს უკანასკნელი უკიდურეს სიტუაციაში უნდა გამოგვეყენებინა და მომიტინგეთა შესაშინებლად ჰაერში უნდა გვესროლა), ოფიცრებს კი "ჩერიომუხა-10"-ის ტიპის 5-5 ბალონი დაგვირიგეს.
გამართლდა ბაკლანოვის ვარაუდი, ქართველმა მძღოლებმა უარი თქვეს ჩვენს წაყვანაზე, ამიტომაც ავტობუსების საჭეს ჯარისკაცები მიუსხდნენ და გეზი რუსთაველის პროსპექტისაკენ ავიღეთ.
ღამის პირველი საათისათვის უკვე ლენინის მოედანზე ვიყავით. აქ უკვე მოეყვანათ სატვირთო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები და მედესანტეთა საბრძოლო მანქანები. მედესანტეები უკვე იქ იყვნენ. იქვე იყვნენ მოსკოვიდან ახლად ჩამოფრენილი ფელიქს დერჟინსკის სახელობის პოლკის ჯარისკაცები. ჩვენდა გასაოცრად, არსად ჩანდნენ ომონელები. როგორც შემდეგ გაირკვა, მათ ტრანსპორტირებაზე ქართველმა მძღოლებმა უარი განაცხადეს, თავად ომონელებმა კი ვერც ავტობუსების მართვა შეძლეს და არც გზა იცოდნენ. მოედნის მარჯვენა კუთხეში, პატარა სკვერში ქართველი მილიციელები იყვნენ შეკრებილნი. ეტყობოდათ, რომ დაბნეულები იყვნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ. ჩვენც ძლიერ ვღელავდით, ზოგიერთმა ჯარისკაცმა სიგარეტიც გააბოლა, რაც დისციპლინის დარღვევა იყო. შევეცადე ეს დარღვევა აღმეკვეთა, თუმცა მივხვდი, რომ ეს ნერვების ბრალი იყო და მათთვის ხელი აღარ შემიშლია, საბოლოოდ მეც მოვუკიდე სიგარეტს და მოვლენების განვითარებას დაველოდე. მოედანზე, ლენინის ძეგლის გარშემო ათობით სატვირთო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი იდგა. პროსპექტის სიღრმიდან კი ხალხის გუგუნი არ წყდებოდა. დრო გაიწელა...
დაახლოებით ღამის 4 საათისათვის მოულოდნელად მწყობრში მოწყობის ბრძანება გაიცა.
მარცხენა და მარჯვენა ფლანგები ჩვენი პოლკის ჯარისკაცებმა დაიკავეს, ცენტრში კი მესანგრეთა ნიჩბებით შეიარაღებული მედესანტეები და დერჟინსკის პოლკის ჯარისკაცები იყვნენ.
მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ჯარისკაცთა რაოდენობა საკმარისი არ იყო, პროსპექტის სიღრმიდან ხალხის ძლიერი გუგუნი კი იმაზე მეტყველებდა, რომ დემონსტრანტთა რაოდენობა ჯარისკაცების რაოდენობას რამდენჯერმე აღემატებოდა. ჩვენ წინ ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი განლაგდა. რუსთაველის პროსპექტიდან უწინდებურად ისმოდა ხალხის გუგუნი. მივიღეთ ბრძანება არასანქცირებული დემონსტრაციის დაშლის შესახებ. ჯარისკაცები დაიძრნენ. ფარებზე ხელკეტების რიტმული ცემით მივიწევდით წინ.
ჯავშანტრანსპორტიორებმა დემონსტრანტები შუაზე გაყვეს. ხალხმა მათ კორიდორი გაუკეთა. თავდაპირველად უპრობლემოდ მივიწევდით წინ, ხალხი სტვენით, ტაშის კვრითა და რუსულ-ქართული შეძახილებით შეგვეგება. დემონსტრანტთა ნაწილი ადგილიდან გაცლას ცდილობდა. მოულოდნელად ჯავშანტექნიკასა და ჯარისკაცთა მწკრივს ქვების სეტყვა დაატყდა. უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა მარცხენა ფლანგი. ისინი უშუალო ფიზიკურ კონტაქტში შევიდნენ მომიტინგეებთან. ჩვენს ფლანგზე კი სიტუაციას მეტნაკლებად ვაკონტროლებდით. ხალხი ქვების სროლითა და შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შემოიფარგლებოდა. აშკარა შეიქნა, რომ ზოგიერთი დემონსტრანტი ნასვამი იყო. მოულოდნელად ბრბომ ერთ-ერთი ჯარისკაცი მწყობრიდან გამოაგდო, წააქცია და ცემა დაუწყო. ძლივს გამოვგლიჯეთ გამხეცებულ ხალხს ჩვენი თანამებრძოლი ხელიდან და სასწრაფოდ ზურგში გადავიყვანეთ დემონსტრანტები გააქტიურნენ მარცხენა ფლანგზეც. ჩვენი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. მწყობრი დაიშალა.
ჩვენ უკან მომავალმა სახანძრო მანქანების ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც ქართველები იყვნენ, უარი განაცხადეს წყლის ჭავლის გამოყენებაზე. მედესანტეებმა "კუს სტრატეგიას" მიმართეს და ფარებით კედელი შექმნეს, რომლითაც თავს იცავდნენ ქვებისაგან. მოულოდნელად მათ მწყობრს მოზრდილი ქვა ესროლეს, რომელმაც ერთ-ერთ მედესანტეს თავი გაუტეხა. დაშავებული სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო პუნქტში. ლაზარეთის ფუნქციასაც ავტობუსი ასრულებდა, რომელსაც იმ მომენტისათვის არც ერთი მთელი შუშა აღარ ჰქონდა შერჩენილი. გამზირზე შემაძრწუნებელი გუგუნი იდგა. ყველაფერი ეს შუა საუკუნეების სისხლისმღვრელ ორთაბრძოლებზე გადაღებულ ფილმს ჰგავდა. ვცდილობდი ჩემი ჯარისკაცების მწყობრში მოწყობას, რათა უფრო ეფექტურად დაგვეცვა თავი. ძალები აშკარად არათანაბარი იყო, ცოტაც და დემონსტრანტები გადაგვთელავდნენ, თუმცა ამ დროს ხალხის მასაში ჩავარდნილი "ჩერიომუხების" თეთრი შლეიფი შევნიშნე, ამან სიტუაცია ოდნავ შეგვიმსუბუქა, მომიტინგეებმა უკან დაიხიეს.
როგორც იქნა, მხატვართა სახლს გავუსწორდით, რომლის აივანზეც "დამოუკიდებელი საქართველოს" და ამერიკის დროშები იყო გამოფენილი, რამაც ძლიერ გაგვაღიზიანა. მედესანტეებმა, მათი ერთ-ერთი მეთაურის, ა.მ. ზელენკოს წინამძღოლობით, შენობაში შეჭრა სცადეს. გამსახურდიას მომხრეებმა, რომლებიც შენობაში იყვნენ, წინააღმდეგობის გაწევა დააპირეს, მაგრამ ჩვენ მიერ შენობაში შეგდებულმა "ჩერიომუხამ" ისინი დააფრთხო და გააქცია. მედესანტეებმა აივნიდან გადმოყარეს დროშები, რამაც მებრძოლთა ყიჟინა გამოიწვია და ჩვენი შემართება გააძლიერა.
უკიდურესად რთული იყო ვითარება მარცხენა ფლანგზე. ჯარისკაცებსა და მომიტინგეებს შორის გააფთრებული ბრძოლა გაიმართა. საშინელ ღრიანცელში დროდადრო ქალების კივილიც ისმოდა. ზოგიერთი დემონსტრანტის ხელში ნაალაფარი ხელკეტები და ფარები შევნიშნე. მძიმედ დაშავდა მარცხენა ფლანგის მეთაური - ლეიტენანტი მარინინი. მარჯვენა ფლანგზე სიტუაცია კვლავ მეტნაკლებად სტაბილური იყო. ჩვენსა და დემონსტრანტებს შორის 5-10-მეტრიანი დისტანცია იყო. შეგნებულად არ ვიძლეოდი ბრძანებას წინ წაწევის შესახებ, რათა დემონსტრანტთათვის გასაქცევი გზა არ გადამეკეტა და მწყობრი არ დამერღვია, რადგანაც მარცხენა ფლანგი და ცენტრი ვერ დამეწეოდა. მომიტინგეები არ წყვეტდნენ ქვების სროლას. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, დემონსტრაციების დაწყებამდე, საქალაქო სამსახურები პროსპექტზე სატელეფონო მავთულებს ცვლიდნენ. ფილები ამოღებული იყო და აკურატულად ელაგა ტროტუარზე. სწორედ ამიტომ მომიტინგეები "საბრძოლო მასალების" სიმცირეს არ განიცდიდნენ. ქვების სროლა ჯარისკაცებმაც დაიწყეს, რომლებიც იმ დონეზე იყვნენ გააფთრებულნი, რომ მათთვის რაიმეს დაშლას აზრი აღარ ჰქონდა. მოულოდნელად პროსპექტზე სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ჩვენკენ გამოემართა და ჯარისკაცთა რიგებში შეიჭრა. რიგითმა ოსიპოვმა ხელკეტით საქარე მინა ჩაამსხვრია, მანქანა გაჩერდა. გაბრაზებულმა მთელი ხმით დავუღრიალე:
- რას შვრები, გაგიჟდი? ეგ ხომ სასწრაფო დახმარების მანქანაა?!
მან კი პასუხად გვერდითა მინაც ჩაამსხვრია და ნიშნის მოგებით მომაძახა:
- ნახე, აქ ვინ ყოფილან!
სალონიდან სპორტული აღნაგობის ოთხი ქართველი მამაკაცი ჩამოვიყვანეთ, დავაკავეთ და მილიციას გადავეცით. თანდათან ხალხის მასა უკან იხევდა. დემონსტრანტთა უმეტესობა გაიქცა, ნაწილმა კი თავი პარალელურ ქუჩებს შეაფარა. გამზირზე მხოლოდ აგრესიულად განწყობილი ელემენტები რჩებოდნენ. როგორც იქნა, მწყობრი დალაგდა. ნელ-ნელა წინ მივიწევდით, თუმცა ქვების სეტყვა მაინც არ წყდებოდა. როგორც იქნა, პროსპექტზე არსებულ ეკლესიას გავცდით და ერთ ლამაზ შენობას, სავარაუდოდ, მუზეუმს ან თეატრს გავუთანაბრდით. უკან მოვიხედე და ცივმა ოფლმა დამასხა... ზურგში თითქმის არავინ იყო... პარალელური ქუჩები გადაკეტილი არ იყო. შემზარა იმის გაფიქრებამ, თუ რა მოგვივიდოდა იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები პარალელური ქუჩებიდან შემოგვივლიდნენ და ალყაში მოგვაქცევდნენ. დღემდე მიკვირს, თუ რატომ არ მოიქცნენ ასე.
თითქმის ნახევარსაათიანი ორომტრიალის შემდეგ ძლიერ დაღლილნი ვიყავით და გამზირიდან ჩვენი გარეკვა არა მგონია მათთვის დიდი პრობლემა ყოფილიყო. ჩვენ წინ შეკრებილი ასობით დემონსტრანტი კი არ წყვეტდა წინააღმდეგობას. მოულოდნელად აფეთქების რამდენიმე ხმა გავიგონე, ჩვენმა მწყობრმა რღვევა დაიწყო. შევეცადე მწყობრში მოწყობის ბრძანება გამეცა, მაგრამ ამაოდ. ჰაერი აღარ მეყო, ვიგუდებოდი, ფილტვები საშინელმა სპაზმმა მოიცვა. აქეთ-იქით ვაწყდებოდი, რათა ჰაერი ჩამესუნთქა. როგორც იქნა, სუნთქვა აღვიდგინე, მაგრამ ამ დროისათვის ჯარისკაცთა მწყობრი არეული იყო, ხალხიც აღარსად ჩანდა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს იყო "სი-ეს"-ის ტიპის გაზი, რომელიც კ-51 ტიპის ყუმბარაში იყო ჩაწნეხილი. ერთ-ერთი მათგანი შემთხვევით ჩვენს მწყობრში ჩავარდა. აი, ასე გამოვცადეთ ჩვენს თავზე ამ საშინელი გაზის მოქმედება...
როდესაც გონს მოვედით, ოფიცრებმა ჩვენ-ჩვენი ჯარისკაცები შევკრიბეთ. ჩემი ქვედანაყოფის ყველა მებრძოლი ადგილზე იყო. ბევრ ჯარისკაცს აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, თუმცა თითოეულ მათგანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი დაკისრებული ამოცანის შესრულება. რუსთაველის პროსპექტის ბოლომდე უპრობლემოდ მივედით. აქა-იქ გამოჩნდებოდა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, თუმცა გამზირზე მოძრავი ჯავშანტრანსპორტიორების დანახვისას, თავს მეზობელ ქუჩებს აფარებდნენ. ერთ-ერთ ჯავშანმანქანას ბაკლანოვი მოჰყვა. მან ჯარისკაცებს პარალელური ქუჩების შემოწმება და პოსტების მოწყობა უბრძანა.
როგორც იქნა, ყველაფერი დამთავრდა. ჯარისკაცები გამოფიტულნი იყვნენ. ბევრს ჩაეძინა კიდეც. მეც დავაპირე დაძინება, მაგრამ ამაოდ, თავში საშინელი გუგუნის ხმა ჩამესმოდა. 12 საათის მიმართულებით (სამხედრო ტერმინია, მიმართულების აღმნიშვნელი. ავტ.) ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა, რომელსაც ჩემი მეგობარი, ლეიტენანტი ლეონოვი მართავდა. მან საკვები მოგვიტანა და მოგვიყვა, თუ როგორ დაესხნენ თავს დემონსტრანტები. მართლაც, ბეტეერის მარცხენა გაბარიტული მაშუქი ჩამსხვრეული იყო.
პროსპექტზე დღის 9-10 საათამდე დავრჩით, შემდეგ კი სხვა ქვედანაყოფმა ჩაგვანაცვლა. მოგვიანებით ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელსაც თბილისში განთავსებული სამხედრო გარნიზონები და განჯიდან ჩამოყვანილი მედესანტეები იცავდნენ. ჩვენ ისევ დისლოკაციის ადგილს დავუბრუნდით. 11 აპრილს კი თბილისი დავტოვეთ და განჯაში ჩავედით, საიდანაც მოსკოვში გადაგვაფრინეს.
ჩემთვის ის კოშმარი დასრულდა. ბაკლანოვს, როდიონოვს და ეფიმოვს კი დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ თავის მართლება ე.წ. "სახალხო დამცველებთან" და ახლად გამომცხვარ "დემოკრატებთან".
"დემოკრატიის ქომაგებმა" მაინც მიაღწიეს თავისას. ა.მ. ბაკლანოვი განთავისუფლებული იქნა პოლკის შტაბის მეთაურის თანამდებობიდან. გარკვეული დროის განმავლობაში ასწავლიდა შსს-ს აკადემიაში. 2004 წელს კი სამხედრო კარიერა დაასრულა და ახლა კომერციულ სტრუქტურაშია დასაქმებული.
ლეიტენანტი მარინინი 1993 წლის მოსკოვის ოქტომბრის მოვლენების შემდეგ არმიიდან წამოვიდა. დაიწყო მუშაობა მილიციაში და 2002 წელს კარიერა პოლკოვნიკის ჩინით დაასრულა.
ლეიტენანტი ლეონოვი 1994 წლის 31 დეკემბერს გროზნოში, ჩვენი გენერალიტეტის მიერ უაზროდ დაგეგმილი შტურმის დროს დაიღუპა.
მე კი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ არაერთ ცხელ წერტილსა და სპეცმივლინებაში (მთიანი ყარაბაღი, ბაქოს მოვლენები, აფხაზეთი, ჩრდ. კავკასია) მიმიღია მონაწილეობა. შედეგად მივიღე დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ღამისეული კოშმარები.
დღეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმის შესახებ, თუ სად არიან ის ჯარისკაცები, რომლებიც მაშინ იქ იყვნენ. თუმცა ერთი რამ ფაქტია, 9 აპრილის მოვლენებმა ჩვენ შემდგომ ცხოვრებაზე თავისი წარუშლელი კვალი დატოვა. ჩვენს კარიერასა და ცხოვრებას დაღი დაასვა იმ დაუმთავრებელმა კრიტიკამ და ცილისწამებამ, რაც საზოგადოებიდან წამოვიდა. ათასგვარ სისულელეს გვაბრალებდნენ. თითქოს ჩვენი ინიციატივით ჩავედით თბილისში დემონსტრაციის დასარბევად, თითქოს ჩვენი მთავარი მიზანი ხალხის დახოცვა ყოფილა, თითქოს ცივსისხლიანი მკვლელები ვიყავით... ჩვენზე მრავალი ჭორი დადიოდა. ხალხი ზეჯარისკაცებად მიგვიჩნევდა, რომელთათვისაც უცხო იყო ადამიანური გრძნობები და ემოციები, თუმცა ისინი ძლიერ ცდებოდნენ..."
(აღნიშნული მემუარები ითარგმნა ვახო შამუგიას მიერ. პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "გზაში", 2011 წელს)