აზერბაიჯანელი ექსპერტი: "ქართულ-აზერბაიჯანულმა ურთიერთობამ პიკს მისი მმართველობის დროს მიაღწია"
ვახტანგ შამუგია
09.04.2015

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვის ბოლოს აზერბაიჯანის დედაქალაქს ეწვევა. 2015 წლის 27-30 აპრილს ბაქოში გაიმართება ღია საზოგადოებათა მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომლის თემაც "ნდობის აღდგენა ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში" იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის ყოფილი პირველი პირი და ასევე ათეულობით პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აზერბაიჯანული ანალიტიკური ცენტრ "ატლასის" თავმჯდომარე, პოლიტოლოგი ელხან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში არანაირად არ არის ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არამეგობრული ქმედება და თბილისს შეშფოთების საფუძველი არ აქვს.

"ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის კერძო ვიზიტი. საქართველოს ექსპრეზიდენტი საერთაშორისო კლუბ "ნიზამის" წევრი ჯერ კიდევ მაშინ გახდა, სანამ მის წინააღმდეგ თბილისში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. სააკაშვილთან ერთად ბაქოს ასზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის ექსპრეზიდენტები და ექსპრემიერმინისტრები ეწვევიან. ისინი დღევანდელი მსოფლიოს წინაშე არსებულ პოლიტიკურ სირთულეებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხერხზე ისაუბრებენ," - განაცხადა ანალიტიკოსმა ელხან შაჰინღლუმ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღესდღეობით უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია. ის ხშირად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ ევროპის ქვეყნებში, თუმცა მიუხედავად მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისა, მისი დაკავება და თბილისში ექსტრადირება აზრადაც არავის მოსვლია.

შაჰინოღლუს თქმით, ამას არც ბაქო გააკეთებს, რადგანაც აზერბაიჯანში სააკაშვილს დიდ პატივს სცემენ და ქვეყნის მეგობრად მიიჩნევენ. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ქართულ-აზერბაიჯანულმა ურთიერთობამ ნაყოფიერების პიკს სწორედ მისი მმართველობის დროს მიაღწია.

"თბილისისა და ბაქოს თანამშრომლობამ საფუძველი ჩაუყარა ბევრ ურთიერთმომგებიან პროექტს, რომელიც განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. საქართველოს დღევანდელ მთავრობას მშვენივრად ესმის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მოითხოვს ქვეყნის ექსპრეზიდენტის დაკავებასა და ექსტრადირებას, აზერბაიჯანი ამას არ გააკეთებს, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყნის მეგობარია," - თქვა შაჰინოღლუმ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში კიდევ ერთი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის გაღიზიანებასაც გამოიწვევს. მოსკოვში მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის შემდეგ პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული და მას ღიად უწოდებენ სამხედრო დამნაშავეს, ადანაშაულებენ რა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასა და "ოსი ერის გენოციდში."

აზერბაიჯანელი ექსპერტი ელხან შაჰინოღლუ აღნიშნავს, რომ ბაქო გეგმაზომიერ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს. ვის მიიწვევენ სტუმრად და ვის არა, ექსპერტის თქმით, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა.

აზერბაიჯანელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 2013 წლის ზაფხულში თბილისში, ქართული ხელისუფლების ხელშეწყობით ჩატარებულმა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერული ძალების შეკრებამ მართალია ბაქოში გარკვეული წყენა გამოიწვია, თუმცა არც ერთ ოფიციალურ პირს არანაირი მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი მაშინ დაგმო მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

"აზერბაიჯანის პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. დაუშვებელია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორია გამოიყენო მეზობელ სახელმწიფოში პოლიტიკური მღელვარების გამოსაწვევად. მე ამაში რუსულ კვალს ნათლად ვხედავ," - განუცხადა ჟურნალისტებს 2013 წლის ზაფხულში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ბაქოში არანაირ ასახვას არ ჰპოვებს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაზე თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები თუ საერთო ინტერესი აერთიანებს. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები საერთაშორისო ურთიერთობის პრაქტიკაში არაერთხელ დაფიქსირებულა და ამაში ახალი და განსაკუთრებული არაფერია.

"ალბათ აზერბაიჯანული მხარისათვის ის მტკიცებულებები, რომელიც საქართველოს პროკურატურას აქვს ქვეყნის ექსპრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, არასაკმარისია საიმისოდ, რომ იგი დააკავოს და ქართულ მხარეს გადასცეს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის პიროვნული ურთიერთობა, რაც სააკაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის არის. ეს არის ჩვეულებრივი, კერძო ვიზიტი, სადაც იგი ჩადის როგორც ამ ფორუმის მონაწილე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იქ ყოფნა მან თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვისაც გამოიყენოს," - უთხრა "რეზონანსს" ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.

მისივე თქმით, ვიზიტის ფაქტი არანაირად არ აისახება ქვეყნის საგარეო იმიჯზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთ შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში არის არა ის მხარე, რომელიც პირის გადმოცემას არგუმენტირებულად ითხოვს, არამედ ის, რომელიც ამას არ აკეთებს. თუმცა ამ მხრივ, ანალიტიკოსის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებას აქვს უხერხულობის მომენტი, რადგანაც კიევმა, მიუხედავად თბილისის მოთხოვნისა, არა მხოლოდ თავშესაფარი მისცა, არამედ საკმაოდ მაღალთანამდებობებზე დანიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ის ლიდერები, რომლებთანაც ქართულ მართლმსაჯულებას ბევრი შეკითხვა ჰქონდა.

"უკრაინულ მხარესთან მიმართებაში, საქართველოს ეყო ის დიპლომატიური უნარი, რომ მაღლა დამდგარიყო და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეენარჩუნებინა ახლო და მეგობრული ურთიერთობა კიევთან, რაც ორივე მხარისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, განსაკუთრებით დღეს," - თქვა არჩილ გამზარდიამ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს რუსული მედიაც ეხმაურება. საექსპერტო-ანალიტიკურმა გამომცემლობამ სტატიაში სათაურით "ბაქო დამნაშავეებს ღებულობს", გააკრიტიკა საქართველოს ექსპრეზიდენტის ვიზიტი ამ ქვეყანაში. ავტორმა ივარაუდა, რომ ოფიციალური თბილისი მოერიდება უკმაყოფილების საჯაროდ დაფიქსირებასა და ელჩის დაბარებას საგარეო საქმეთა სამინისტროში, რადგანაც იგი აზერბაიჯანულ ენერგორესურსებზე დიდად არის დამოკიდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×