ლიკა ამირაშვილი
10.04.2015

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, რომელთაც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს, ჰპირდება, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, ეს ვერ დააფასეს, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით.

"ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენ შორის, ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთავონ ყველა ასეთი კრიმინალისგან ჩვენი საზოგადოება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი აზრით, როგორ უნდა განთავისუფლდეს საზოგადოება კრიმინალებისგან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): ვფიქრობ ერთს - მთავრობა ამნისტიით განთავისუფლების დროს, როგორც დაუფიქრებლად მოიქცა, იმედია, ასე დაუფიქრებლად და გაუაზრებლად არ მოიქცევიან. საერთოდ ამათ დაუფიქრებელი მოქმედება ახასიათებთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ცოტა უფრო გონიერად მოიქცევიან.

რა თქმა უნდა, ამნისტიამ კრიმინალი გაზარდა, რაც მათი გაუაზრებელი ქცევის კიდევ ერთი ნიშანია. საერთოდ ქართულ პოლიტიკაში გაუაზრებლობისა და იმპულსურობის სერიოზული პრობლემა დგას. უფალს ძალიან ვუყვარვართ, რომ მაინც ვარსებობთ და მომავალშიც ვიარსებებთ.

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ქვეყანა არ არსებობს, სადაც კრიმინალი არ ხდება. კრიმინალებისგან თავისუფალი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. მალტაში და ნორვეგიაში შეიძლება კრიმინალი ასეთი გავრცელებული არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კრიმინალი ყველგან ხდება. ერთი წლის წინ კალიფორნიაში ვიყავი და იქ არასრულწლოვანთა ბანდების სერიოზული პრობლემა ჰქონდათ.

კრიმინილის საერთოდ განადგურება ვერ მოხდება, თუმცა კრიმინალთან ბრძოლის მეთოდიკა არსებობს. შსს მობილიზებულია და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კრიმინალი აღიკვეთოს. გასაგებია, ძალიან მძიმეა საუბარი მაშინ, როდესაც ქვეყანაში გარდაცვლილი პოლიციელი გვყავს.

ერთის თქმა შემიძლია, რომ დამნაშავე, ვინც უნდა იყოს ის, ყოფილი მსჯავრდებული თუ ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრი, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

რა თქმა უნდა, თუნდაც საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადადგმული ის ნაბიჯი, რომელიც იარაღის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ეხება, იმისკენ არის მიმართული, რომ კრიმინალთან ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ წინასწარ პროგნოზს, რომ ქვეყანაში კრიმინალი საბოლოოდ აღმოიფხვრება, ვერავინ ვერ გააკეთებს.

 ლადო ვარდოსანიძე  (ურბანისტი-არქიტექტორი): რა თქმა უნდა, ასეთი ხელაღებითი ამნისტია კრიმინალს გაზრდიდა, მაგრამ ჩვენ მაინც დიფერენცირებულად უნდა მივუდგეთ. როდესაც ადამიანი ციხიდან გამოდის, ზოგიერთ მათგანს სამსახური, საცხოვრებელი და ადამიანებთან ურთიერთობაც არ აქვს. ამიტომ გამოსვლისას, კართან საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროგრამები უნდა დაგვეხვედრებინა.

ერთი კატეგორიაა, ვინც ამ პროგრამას აყვებოდა და მეორე კატეგორია, ვინც თავიდან ბოლომდე კრიმინალია, მისი სამყარო კრიმინალური სუბკულტურაა. ასეთი ადამიანების ადგილი ისევ ციხის კედლებს შორისაა. ვფიქრობ, აქ კანონმა უნდა იმუშაოს, თუ ადამიანი ქცევის სამართლებრივ ნორმებს არღვევს, უკან უნდა დააბრუნონ. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ნორმალურ პირობებში უნდა იყვნენ.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ ყველაფერი დღევანდელ ხელისფულებას დაბრალდეს. საზოგადოებაში არის მითები ადამიანის დაუცველობის შესახებ. რაც შეეხება ქუჩაში მკვლელობებს და სწორედ რომ დაგეგმილ მკვლელობებს, მაგათი 9 - წლიანი მმართველობის დროს ხდებოდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამაც" და "ქართულმა ოცნებამაც" მათი შეხედულებების მიუხედავად, კრიმინლის წინააღმდეგ ერთად უნდა იბრძოლონ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი ქვეყნის აშენება და ამ ქვეყანაში ცხოვრება გვსურს.

კანონი კი არ უნდა გამკაცრდეს, კანონი უნდა შესრულდეს. იმდენი დამნაშავე გამოვიდა, რომ აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ცოტა ხანს წესრიგის დარღვევა და კრიმინალის გაზრდა. საგანგაშო და თავშისაცემი აქ არაფერი არ არის. მთელმა საქართველომ იცის, კრიმინალის გაზრდაში ვინ არის დამნაშავე. მთავარია, რომ საგამომძიებლო ორგანოებმა ჯიბიდან ხელი ამოიღონ და უფრო აქტიურად იმუშაონ. ამდენი გამომძიებელი და დაუმთავრებელი საქმე ალბათ დედამიწაზე, არც ერთ სახელმწიფოში არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×