საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გიგლა აგულაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც შალვა აბულაძის დაკავება, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივების დადგენა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმე ჩვეულებრივ დამნაშავეს არ უნდა ეხებოდეს და საჭიროა გაირკვეს ის გარემოებანი, რამაც მას მძიმე დანაშაულების ჩადენისაკენ უბიძგა.
მისივე შეფასებით, აბულაძის დაკავებით შსს-მ ეფექტური მუშაობა დაადასტურა.
"ვნახეთ, აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია როგორ მშვიდად, წყნარად და უხმაუროდ წარიმართა. ამით სკეპტიკოსების მოსაზრებებსაც პასუხი გაეცა," - განუცხადა ჟურნალისტებს აგულაშვილმა.
შალვა აბულაძე წუხელ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თქვენი აზრით, დღეს საქართველოში პოლიცია რამდენად ეფექტურად მუშაობს, ანუ გაეცა თუ არა აბულაძის დაკავებით პასუხი ყველა სკეპტიკოსს? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): დღეს საქართველოში პოლიცია, ვფიქრობ, რომ კალაპოტში ჯდება და წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია. შალვა აბულაძის დაკავებისას პოლიციამ მშვიდად და პროფესიონალურად იმუშავა.
პოლიცია თანდათანობით უახლოვდება თავის ღირსეულ ადგილს. მართალია, კიდევ შორს არის ევროპისა და დასავლეთის გამოცდილებისგან, მაგრამ დღეს პოლიციის თავისუფლება ნამდვილად თვალში საცემია. ზოგი პოლიტიკოსი კი საუბრობს იმაზე, რომ პოლიციას უფლებები ჩამორთმეული აქვს, მე მათ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ეს აბულაძის დაკავებამაც კარგად აჩვენა.
გია ნოდია (პოლიტოლოგი): შალვა აბულაძის დაკავება ცალკე შემთხვევაა. თუმცა სხვა გახმაურებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ პოლიცია ეფექტურად მუშაობს.
პოლიციის არაეფექტურ მუშაობას მთლად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც დავაბრალებ იმას, რომ დღეს კრიმინოგენური მდგომარეობა ქვეყანაში გაზრდილია. სამწუხაროდ, არის ფაქტები და შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები კრიმინალებს ხელს აფარებენ. ამით, რა თქმა უნდა, პოლიციის სისტემის დემორალიზება ხდება.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): თავისთავად ის ფაქტი, რომ შალვა აბულაძე დაჭრილი არ არის და სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა, ვფიქრობ, პოლიციის კარგი მუშაობის დამსახურებაა.
თუმცა ის, რომ ორი თვის განმავლობაში ეს ადამიანი დაკავებული არ იყო და მან კიდევ ერთი უდანაშაულო პოლიციელი შეიწირა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი შეცდომაა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად მაინც მგონია, რომ დღეს პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე დგას. ეს აბულაძის დაკავების შემთხვევამაც გვაჩვენა.
გია მურღულია (ფილოლოგი): მე ვფიქრობ, რომ შალვა აბულაძის დაკავების შემთხვევაში ძალიან ეფექტურად იმუშავეს. ყველანაირი ხმაურისა და პრობლემების გარეში დააკავეს. მე მრჩება შთაბეჭდილება იმაზე, რომ პოლიცია დღეს მშვიდად და ეფექტურად მუშაობს.
კითხვები იმაზე, რომ პოლიციამ რატომ უფრო ადრე არ დააკავა ეს პიროვნება, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არაეფექტურად მუშაობენ. ყველა ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე