სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესზე საუბრობს. უწმინდესი სათამაშო ბიზნესს "საშიშ და სერიოზულ პრობლემას" უწოდებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ "თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით".
"შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, - სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა. თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან," - ბრძანებს უწმინდესი.
გარდა ამისა, სააღდგომო ეპისტოლეში უწმინდესმა სხვადასხვა თემაზე გაამხვილა ყურადღება, მათ შორის, საუბარია მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითად მიზეზებზე, აბორტის ცოდვაზე, ურწმუნოების თემაზე. პატრიარქი მრევლს სიყვარულისა და სინანულისკენ მოუწოდებს.
"უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში... ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა. თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა," - ნათქვამის ეპისტოლეში.
თქვენი აზრით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები პატრიარქის ეპისტოლეში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ჩემთვის, როგორც დემოგრაფისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი აბორტების თემა იყო. საერთოდ აბორტებისა და შობადობის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების წინააღმდეგი ვარ.
პატრიარქმა რაზეც ეპისტოლეში გაამახვილა ყურადღება, ყველა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ საკითხს გამოვყოფიდი, აუცილებელია ერის გამრავლება.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): უწმინდესისა და უნეტარესის ყველა ეპისტოლე გამორჩეულია იმით, რომ საზოგადოებისთვის ყველაზე არსებითი რაც არის, პატრიარქი ყურადღებას ზუსტად იმაზე ამახვილებს. წლევანდელი ეპისტოლეც ზუსტად ასეთი იყო.
მისმა უწმინდესობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, მათ შორის პირველი გახლავთ აბორტის თემა, რომელზეც მანამდეც გარკვეული აჟიოტაჟი იყო, პატრიარქის ნათქვამს საზოგადოების გარკვეული ნაწილი არასწორად იგებდა.
მეორე ეს არის ჩვენი ღირებულებათა სისტემა. ჩვენი ღირებულებები რაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რომ ერობა შევინარჩუნოთ. პირადად ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე სათამაშო ბიზნესს ავკრძალავდი. ამის გამო ძალიან დიდი პრობლემები იქმნება, თამაში უამრავ ოჯახს ანგრევს. როგორც ნარკოტიკს ვეღარ ანებებენ თავს, ასევეა სათამაშო ბიზნესი.
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): ბუნებრივია, პატრიარქი ყოველთვის საუბრობს ეკლესიის პოზიციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, ცხოვრებაში რამდენად შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეკლესიის ფუნქციაა მორწმუნე ადამიანებს სწორი ორიენტაცია მისცეს.
ყველა ის საკითხი, რაც იყო წარმოდგენილი - თამაშებზე და სუიციდთან მიმართებაში და სხვები... ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
თუმცა ზოგიერთი საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ შესაძლოა, პირდაპირ არ ვეთანხმებოდეთ და არის საკითები, რომელიც მსჯელობის საგანია - მაგალითად, აზარტული თამაშები, ეს თამაშები მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებისაა, ზოგიერთ ქეყანაში სპორტის სახეობადაც აქციეს. ამის გარდა, ჩვენ სოციალური არსებები ვართ და გარკვეულ საკითხებში არჩევანის უფლებაც გვაქვს.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): პატრიარქის ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებებს ვეთანხმები. განსაკუთებით ჩვენი ერის გამრავლების საკითხი მაწუხებს. აქედან გამომდინარე, მეტად მტკივნეულია აბორტებთან დამოკიდებულების საკითხი. ვინაიდან შესაბამისი კანონმდებლობით ამ საკითხის დარეგულირება არ მოხდა, ჩვენს ერს ცხოვრება ძალიან მძიმე პირობებში მოუწევს.
აქედან გამომდინარე, მე ვიტყოდი, რომ ჩვენ დემოგრაფიული კატასტროფა გვემუქრება, ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ ყურადღება არამარტო ამ საკითხზე გაამახვილოს, არამედ მრავალსულიანი ოჯახების სოციალურ უზრუნვლყოფაზეც. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები - საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია და ქართველი ერის გამრავლების საკითხი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე