"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ნეპოტიზმის კრიმინალიზაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნის კონკურსის წესების დარღვევის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
პარლამენტის კომიტეტმა ამ ინიციატივას გუშინ მხარი იმ მოტივით არ დაუჭირა, რომ ნეპოტიზმი არსებული კანონმდებლობითაც დანაშაულად ითვლება.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი კანონმდებლობით, ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია.
"ის კანონები, რაც მიღებულია, უნდა დავიცვათ. დღევანდელი კანონმდებლობით, ნეპოტიზმის გამოვლინებები არის აკრძალული. თუ ამას ვინმე არღვევს, მისთვის დაწესებულია კონკრეტული პასუხისმგებლობა. ამას სჭირდება შესრულება, აღსრულება. თუ ვინმე რაიმე უკეთესს და ეფექტურს გვთავაზობს, ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
თქვენი აზრით, უნდა მოხდეს თუ არა ნეპოტიზმის კრიმინალიზაცია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი): მე მგონი, ნეპოტიზმის კრიმინალიზაცია საჭირო არ არის. საერთოდ ნეპოტიზმი დაუშვებელია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მაშინ ჭკვიანი ნათესავი არსად არ უნდა დაინიშნოს. იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, ახალი რეგულაციების შემოღება საჭირო არ არის.
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): რა სისულელეა, ჩემი ძმა თუ კარგად მუშაობს, სამსახურიდან გავაგდო? ან ბიძაშვილი და მეზობელი? ჩვენ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. მცირერიცხოვანი ერისათვის ეს არის სიკვდილი.
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაზე დიდი საშინელება, რაც არსებობს, ეს არის თანამდებობებზე ნათესავებისა და მეგობრების დანიშვნა. მე პირადად ვთვლი, რომ როდესაც სახელწიფო სამსახურში მუშაობ, შენი მტერიც კი უნდა აიყვანო, თუ ის შენს სამშობლოს ინტერესებს გამოადგება და იმ საქმის პროფესიონალია, მაგრამ თუ მხოლოდ იმიტომ აგყავს, რომ ნათესავია, შენ სამშობლოს ფაქტობრივად ღალატობ.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): ძალიან რთული საკითხია. ნებისმიერ თანამდებობაზე, ეს იქნება საუნივერსიტეტო თუ საჯარო სამსახური, როდესაც მინისტრი მრჩეველს ნიშნავს, რა თქმა უნდა, მინისტრს ჭკუა უნდა ეყოს და გარკვეული ეთიკური ნორმები დაიცვას და თანამდებობაზე საკუთარი ძმა არ დანიშნოს.
ამასთან დაკავშირებით მეორე საკითხიც არის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ამავე დროს სხვისი უფლებებიც ირღვევა. წარმოიდგინეთ, ის ძმა ძალიან კომპეტენტურია. რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა გააღიზიანო იმით, რომ საკუთარი ნათესავები გარშემო გყავდეს. ამიტომ თუ ნათესავები კონკურენტუნარიანები არიან, სხვა სტრუქტურაშიც კარგად იქნებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე