მოსაზრება
18.04.2015

თამაზ აქუბარდია

ილფის და პეტროვის ცნობილი გმირის, ოსტაპ სულეიმან ბერტა-მარია ბენდერ ბეისთვის, როგორადაც იგი საკუთარ თავს მოიხსენიებდა, ფულის კეთების 420 გზა არსებობდა. ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ფულის კეთების კიდევ ერთ, მეტად ორიგინალურ გზას წავაწყდით, რომელსაც პირობითად "ფულის კეთების 421-ე გზა ვუწოდეთ", თორემ დღეისათვის უკვე შესაძლოა ამ გზების რაოდენობამ 4200-საც მიაღწია.

სადგურიდან დაბლა მოვუყვებოდი ქუჩას ჩელუსკინელებისკენ, ავტობუსის გაჩერებამდე. მობილურზე მინდოდა დარეკვა და ჯინაზე, ანგარიშზე არ გაქვსო - ხმამ მითხრა. ორლარიანი ამოვიღე ჯიბიდან და იქვე ყვითელი ექსპრესს ყუთი იდგა და ანგარიშის შესავსებად გავემართე.

ჩემ წინ გოგონამ ჩააგდო ლარიანი და ავტომატმა, როგორც ჩანს, "ჩაუყლაპა" და იგი გამწარებული ურტყამდა ხელს ამ ტექნიკის "უსინდისო საოცრებას". არა და, ავტომატს სპეციალური წაკვეთილი პირამიდის ფორმის ყუთი ჰქონდა მიკერებული, გასწვრივ ცილინდრის ფორმის ჩამკეტით, რათა მავანს სპეციალურად არ გაეფუჭებინა ავტომატი.

ჭრილში შევიხედე და დავინახე, რომ მონეტა გაჩხერილი იყო. ჯერ ჩემი ორლარიანით ვეცადე მივწოლოდი მონეტას, - უშედეგოდ; შემდეგ ხელი ვურტყი, - უშედეგოდ. გოგონას ვეუბნები ფრჩხილების საქლიბი, ან მაკრატელი ხომ არ გაქვს-მეთქი. არაო, - მიპასუხა. რამდენიმე გამვლელ ქალბატონს ვკითხე, - ქლიბი ხომ არ გაქვთ-მეთქი და ერთმა გამვლელმა ქალბატონმა, რომ დაგვინახა, რასაც ვცოდვილობდით, არ დაიზარა, ჩანთიდან ამოიღო და მომაწოდა, მე ნაპრალში შევუყარე და მივაწექი. ძვრა არ იყო. მაშინ უკან გამოგდება ვცადე და ჰოი საოცრებავ, - მონეტა გამოვარდა და ხელში ჩამივარდა. მაშინვე მივეცი გახარებულ გოგონას თავისი ლარიანი და დიდი მადლობების მოსმენის ფონზე გზა განვაგრძე.

იქვე მეორე ყუთთან ვიღაცა იდგა და სანამ მე მივიდოდი, ხელი ჩაიქნია და წავიდა. ეტყობა, მასაც ჩაუყლაპა ავტომატმა და უშედეგო ცდის შემდეგ თავი დაანება. მესამე ყუთთან მე თავად მივედი და ორლარიანის ჩასაგდებად გავემზადე, უკვე იმის ეჭვით, რომ "ორგანიზებულ საქმიანობასთან" გვქონდა საქმე.

მოგეხსენებათ, თუ რაიმე მოვლენა (წესით ხდომილობა, - ალბათობის ენაზე), რომლის მოხდენის ალბათობა საკმაოდ მცირეა, ერთხელ მოხდა, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ეს შემთხვევითობაა; თუ იგივე მოვლენა მოკლე დროში კიდევ განმეორდა, უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, დამთხვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ მესამედაც განმეორდა... ამ ყველაფერმა მომენტალურად გამიელვა თავში და მივადექი მესამე ყუთს, ჩავაგდე ორლარიანი და... იგივე განმეორდა, - ორლარიანი გაეჩხირა ისევე, როგორც იმ გოგონას ემთხვევაში.

ამ დროს მომადგა ძალიან სიმპათიური, ლამაზად ჩაცმული ქალბატონი, ასე 13-14 წლის შვილთან ერთად და მითხრა, -ავტომატს მიარტყითო. მე გამოცდილება ამ საქმეში უკვე მქონდა და ვუთხარი, ფრჩხილების ქლიბი ხომ არ გაქვთ-მეთქი. მოკლედ, კარგა ხანს ვიწვალე, მაგრამ შენც არ მომიკვდე, არაფერი.

იქვე ორი კაცი იდგა, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ყურადღებით აკვირდებოდნენ და მეგობრულად მირჩიეს, რომ თავი დამენებებინა ამ საქმიანობისათვის და წავსულიყავი, თორემ სიგნალიზაცია ჩაირთვებოდა, პოლიციაც მოვიდოდა და სერიოზულ უსიამოვნებებს გადავეყრებოდი. ამან უფრო გამიმძაფრა ეჭვი. არა და ეს ქალბატონი არ მშორდება. მე ვუთხარი, რომ ისინი ვერ ჩააგდებდნენ ფულს, რადგან იქ ჩემი ფული იყო გაჩხერილი და აზრი არ ჰქონდა დაცდას.

მაინც არ წავიდა. არა და, უცხოთა მხრიდან ყურადღება არ მიკვირს, განსაკუთრებით ქალების მხრიდან, თუმცა აქ მე არაფერ შუაში ვარ, ხშირად რატომღაც ჩემს ძმაში ვეშლებით, თუმცა ის ჩემთან შედარებით გაცილებით უკეთესი ვარიანტია და რადგანაც ჩემი ძმა ხალხში ნამდვილად დიდი სიმპათიებით სარგებლობს, ხშირად გამომელაპარაკებიან-ხოლმე.

მოკლედ, ამ ქალბატონმა ჯერ იქვე დაგდებული ხის ტოტი მომაწოდა, მერე, რომ არაფერი გამოვიდა, ერთი წუთით სადღაც გაქრა და ცოტა ხანში მავთულით ხელში დაბრუნდა. სულ რაღაც ნახევარი წუთი და ორლარიანი ამოვაგდე. ამ ქალბატონს დიდი მადლობები ვუხადე და თან დავსძინე, რომ ამ მავთულს შევინახავდი, როგორც იმის დადასტურებას, რომ ჯერ კიდევ გვყავს ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ პრინციპით, - "გიყვარდეს მოყვასი შენი".

რაც შეეხება ამ სამჯერ ზედიზედ დამთხვევას, მგონი, დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ ვიღაცები ჩვენი ნერვების ხარჯზე ფულს აკეთებენ, თუმცა ეს რა მოსატანია იმასთან, რასაც ჩვენზე ბანკები აკეთებენ, მობილური ოპერატორები აკეთებენ, ბენზინგასამართი სადგურები, გაზმომარაგება, წყალი, ელექტროენგია და კიდევ ათასი სხვა რამ. მოკლედ ქართული, დარდუბალობამდე მისული შემგუებლობა და გამოუსწორებელი ოპტიმიზმი რომ არა, ჭკუიდან გადავიდოდა კაცი!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×