რამდენად წარმატებული იქნება ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლში
ია აბულაშვილი
18.04.2015

 მომავალ კვირას ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. საქართველოს ბიზნესდელეგაციასთან ერთად ეწვევა ბათუმს - ეს არის მწირი ინფორმაცია, რომელიც გაცხადდა საგარეო უწყების მიერ.

რა წინადადებებით ჩამოდის საქართველოში ლუკაშენკო, ხომ არ უკავშირდება ბელორუსი ლიდერის ვიზიტი მის განზრახვას, შეასრულოს შუამავლის როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების საქმეში?

სოსო ცინცაძის თქმით, რასაკვირველია, ცარიელი ხელით, უბრალოდ მეგობრული ვიზიტით ლუკაშენკო თბილისს არ ეწვევა.

"თუ არ ვცდები, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. ადრე მას არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი შუამავლის როლის თაობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის. თავის დროზე ამგვარი ხმები გავრცელდა ვანო მერაბიშვილის მინსკში ვიზიტთან დაკავშირებით.

"მე მხოლოდ მივესალმები იმ ფაქტს, რომ ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა სრულ კონფედენციალურ რეჟიმში განეხორციელებინა ვიზიტის სამზადისი და ძალიან კარგია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დარეგულირების მოწინააღმდეგეებს არ მიეცათ პრევენციული წივილ-კივილის საშუალება.

"კონკრეტულად რა წინადადებები ჩამოაქვს ლუკაშენკოს პუტინისაგან (და ეს რომ ასეა, მე ამაში ეჭვი არ მეპარება), სრულად ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ. ელემენტარულად ვიზიტის შედეგების ანალიზი ნაწილობრივ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ მისი ეფექტურობა.

"რასაკვირველია, ჯერჯერობით რაიმე დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ვინაიდან ბევრი წინააღმდეგობაა გადასალახი თბილისსა და მოსკოვს შორის დაგროვილი ჯებირების გასაწმენდად, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადადგმის დრო უკვე დიდი ხანია მოვიდა.

"დიდი ალბათობით, მე იმის თქმაც შემიძლია, რომ ლუკაშენკოს მომავალი ვიზიტი შეიძლება განხილული იქნეს ჩვენს პრობლემატურ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ერთ-ერთ უკანასკნელ შანსად", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

რამაზ საყვარელიძე: "ლუკაშენკო საქართველოსთვის დიდი ხანია საინტერესო გახდა, "ნაცმოძრაობასაც" ჰქონდა მოძრაობები ამ მხრივ, მიდიოდა დიალოგები და ინტენსიური ურთიერთობები. შეუძლია თუ არა ლუკაშენკოს, ითამაშოს შუამავალის როლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების საქმეში? - მეეჭვება, რომ პუტინმა ლუკაშენკოს მიანდოს ეს საქმე, ალბათ ეს უფრო ლუკაშენკოს ინიციატივაა.

"რაც შეეხება ევრაზიის კავშირის თემას, შეიძლება შეხვედრების დროს ეს ფრაზა ამოტივტივდეს, მაგრამ თუ სახელმწიფოს უნდა ევრაზიულ კავშირში შესვლა, ამას ლუკაშენკო არ სჭირდება, თუ არ უნდა, იგი თავის პოზიციაზე დარჩება. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატშიც კი არ გაჟღერებულა ეს საკითხი და რაში დასჭირდებოდა ამ საქმის მიბარება ლუკაშენკოსთვის..." - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ნოდარ ნათაძის თქმით, რუსეთს არ სჭირდება საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება და რუსეთს თავის გეგმები აქვს.

"რუსეთი რაღაც შემოთავაზებებზე დროს არ დაკარგავს. ლუკაშენკო თავის აზრს გამოთქვამს და დამოუკიდებლობას იჩენს. ის ამ საქმეში დესპანის როლს ვერ ითამაშებს. იქნება თუ არა შეხვედრების დროს საუბარი ევრაზიული კავშირის თაობაზე საქართველოსთან მიმართებაში? - არ გამოვრიცხავ, რომ დიალოგი გაიმართოს, მითუმეტეს, ორი წლის წინ ლუკაშენკო აცხადებდა, რომ "ვევედრები საქართველოს, შემოვიდეს ევრაზიულ კავშირშიო", - განცხადა "რეზონანსთან" ნოდარ ნათაძემ.

პეტრე მამრაძე: "საქართველოს ნამდვილად სჭირდება კარგი ურთიერთობა ბელორუსთან. შეგახსენებთ სააკაშვილის სამარცხვინო და დანაშაულებრივ პოლიტიკას ბელორუსის მიმართ. ჯერ იყო და "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დესანტი გააგზავნა მინსკში, სადაც იყო ოპოზიციის გამოსვლები. მახსოვს, გიორგი კანდელაკი დააკავეს კიდეც, თუ არ ვცდები, გივი თარგამაძეც იყო გადასროლილი მინსკში. სააკაშვილი კი საჯაროდ აცხადებდა, რომ საქართველო მონაწილეობს ევროპის ბოლო დიქტატორის ჩამოგდებაშიო.

"გავიდა წლები, ლუკაშენკომ "სიენენს" მისცა ინტერვიუ და თქვა - "ამერიკა მაკრიტიკებს დემონსტრაციების დაშლის გამო, მაგრამ როცა სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერს განახორციელა მასობრივი ძალადობა დემონსტრანტების მიმართ, დაარბია ტელევიზია, თქვენ ეს არ დაგმეთ; ბუშმა კი მიულოცა სააკაშვილს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა. რატომ აკეთებს ამას?" - იკითხა ლუკაშენკომ და თავადვე უპასუხა: "იმიტომ, რომ სააკაშვილი თქვენი ძაღლიშვილია და მე კი არა? (თავის დროზე პრეზიდენტ რუზველტს უთქვამს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ დიქტატორზე - ის ნამდვილად ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლის შვილიაო, მას შემდეგ ეს გამოთქმა გახდა მოარული).

"გავიდა კიდევ დრო და ლუკაშენკო გახდა ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის გვერდით სვამდნენ სააკაშვილს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. სააკაშვილი ბელორუსის წარმომადგენლის მიღების შემდეგ აცხადებდა, მახსოვს, ეს ბათუმში მოხდა, რომ ლუკაშენკო არის ყველაზე ბრძენი და ძლიერი მმართველი პოსტსაბჭოურ სივრცეშიო.

"საქმე ისაა, სააკაშვილს ეშინოდა, რომ ლუკაშენკოს ბელორუსი ცნობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რასაც პუტინი ძალიან სთხოვდა ლუკაშენკოს; ამის გამო ხოხავდა მუცელზე "ევროპის ბოლო დიქტატორის" წინაშე.

"ძალიან კარგია, რომ ლუკაშენკო ჩამოდის. საქართველოს მთავრობა, თუ მისთვის ძვირფასია ეროვნული ინტერესები, არ უნდა იყოს დაკავებული ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტის დემოკრატიულობა-არადამოკრატიულობის შეფასებით და ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ გააღრმავოს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოებთან, რათა საქართველოს დაუმკვიდროს ღირსეული ადგილი საერთაშორისო თანამეგობრობაში, ეს ურთიერთობები კი საქართველოს კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უნდა ემსახურებოდეს.

"რაც შეეხება ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკას, მან, რომელმაც ბევრჯერ გამოაცხადა, რომ ბელორუსი და რუსეთი ერთიანი სახელმწიფოა, რეალურად არ დათმო ბელორუსის ინტერესები, პირიქით, ევროპელი დიპლომატების არ იყოს, წარმატებით "წველიდა" რუსეთს მრავალი წლის განმავლობაში.

"ევროპელი დიპლომატები გვეუბნებოდნენ - ლუკაშენკოს საგარეო პოლიტიკა ნიმუშია იმისა, რომ შეიძლება ქვეყანამ შეინარჩუნოს სრული სუვერენიტეტი, თანაც "მოწველოს" რუსეთი ისე, როგორც თვითონ უნდაო.

"ევრაზიის კავშირი და საბაჟო კავშირი რეალურად არ შედგა იმის გამო, რომ არც ლუკაშენკომ და არც ნაზარბაევმა არ დათმეს ეროვნული ინტერესები რუსეთის სასარგებლოდ. ფორმალურად თუ რამე არსებობს, მნიშვნელობა არა აქვს. ლუკაშენკომ და ნაზარბაევმა მხარი დაუჭირეს პოროშენკოს და დემონსტრაციულად ჩავიდნენ კიევში ამ მხარდაჭერის საჩვენებლად. რა მოუვიდოდა პუტინს ამ ამბის შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ.

"რაც შეეხება შუამავლის როლს, მოცემულ ვითარებაში რეალურად რაიმე შუამავლობის გაწევა საქართველოს გამთლიანების საქმეში, ან თუნდაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ლუკაშენკოს არ შეუძლია, მაგრამ იმაზეც დიდი მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ სააკაშვილის უგუნური და დანაშაულებრივი პოლიტიკის მიუხედავად, მხედველობაში მაქვს მინისკში ლუკაშენკოს ჩამოგდების მიზნით დესანტის გაგზავნა, ლუკაშენკომ არ ცნო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობას. დღეს კი ჩამოდის იმისათვის, რომ გააღრმავოს ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

"საქართველოს ეკონომიკა დღეს სავალალო მდგომარეობაშია და თუ გაიზრდება ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ბელორუსში, ეს ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×