ორმაგად დელიკატური დილემა საქართველოსათვის
ეკატერინე ბასილაია
18.04.2015

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში ეთიკური სომხების მასობრივი დახოცვის ფაქტი გენოციდად აღიარებული არ არის, 22-24 აპრილს ერევანში, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღნიშნავად, საქართველოდან დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. თუმცა, ჯერ გარკვეული არ არის ვინ იქნება ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ არც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სომხეთში არ გაემგზავრებიან, ხოლო პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

საქართველოსათვის ეს ვიზიტი ორმაგად დელიკატურია. ერთი, რომ შესაძლოა, მაღალი რანგის დელეგაციის წასვლამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - თურქეთისა და აზერბაიჯანის განაწყენება გამოიწვიოს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მიშვნელოვანი დეტალიც - ერევანში გენოციდის მსხვერპლთა ხსენების ღონისძიებებში 22-24 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდეტი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობს და, დიდი ალბათობით, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოუწევს.როგორც დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, საქართველოს ამ დელიკატურ საკითხში ისტორიულად სიფრთხილე მართებს. დელეგაცია უნდა წავიდეს, მაგრამ თუკი პრემიერი არ წავა, ეს სომხეთში კრიტიკულად არ უნდა მიიღონ.

"ის, რაც სომხების მიმართ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო. პრაქტიკულად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ ეს ფაქტი გენოციდად არის შეფასებული.

"თუმცა, ამ მორალური ვალდებულებების გარდა, არსებობს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. თუ ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმას, რომ სომხეთი თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, საქართველოსთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და რუსეთთანაც, აგერ ევრაზიის კავშირშიც შედის, ვფიქრობ, სომეხ ხელმძღვანელებს უნდა ესმოდეთ იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ საქართველოს არ შეუძლია ღია სოლიდარობით გააღიზიანოს ისეთი მიშვნელოვანი მეზობლები, როგორიც თურქეთი და აზერბაიჯანია.

"ეროვნული ინტერესებისა და მატერიალური ფაქტორის გათვალისწინებით, ინვესტიციების გათვალისწინებით, ჩვენთვის სომხეთს უფრო მოკრძალებული ადგილი უჭირავს. ერევანში დელეგაცია აუცილებლად უნდა წავიდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკობა გამოვავლინოთ. ჩვენი მორალური ვალი სომეხი ხალხის წინაშე გენოციდის წლებში პირველებმა შევასრულეთ და 10 ათასობით დევნილ სომეხს საქართველოში თავშესაფარი მივეცით. მაშინ დემოკრატიული საქართველო სომეხ ხალხს გვერდში დაუდგა," - ამბობს ცინცაძე.

თუმცა იმასაც დასძენს, რომ თუკი დიპლომატიურ დონეზე პუტინსა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს შორის შესაძლო შეხვედრის შესახებ წინასწარი მუშაობა მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა პრემიერი წავიდეს და ეს "უნიკალური შანსი" იქნება. თურქეთს და აზერბაიჯანს კი ამ შემთხვევაში შეიძლება პრივატულ საუბრებში ავუხსნათ, რომ რუსეთთან დიალოგის დაწყება ჩვენთვის აუცილებელი იყო და ერევანში სწორედ ამ მიზნით მოხდა მაღალი დონის დელეგაციის ჩასვლა.

"სპონტანურად შეხვედრა არაფრის მომცემი არ არის. ამას კონფიდენციალურად დიდი სამზადისი სჭირდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელისა და პუტინის საჯარო შეხვედრა იქ იქნება, ხელსაც ჩამოართმევენ, აბა, გაბუტულებივით ხომ არ იქნებიან?! მაგრამ მთავარი პრივატული შეხვედრაა და არა ეგ სპონტანური ხელის ჩამორთმევა.

"ვიტყოდი, უნიკალური შანსი არსებობს, რომ ამ ტრაგიკულ ფონზე რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყება ან ამ ურთიერთობების შერბილების მცდელობა მოხდეს. მთავარია, ამას როგორ გამოიყენებს ქართული დიპლომატია. ეს მის გამბედაობაზეა დამოკიდებული, იმიტომ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობის დარეგულირების მოწინააღმდეგეები ყველაზე დიდი ტელესკოპით და გამადიდებელი შუშით დაუწყებენ ყურებას, თუ რა მოხდება ერევანში. თუნდაც იმას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი პუტინს გაღიმებული ჩამოართმევს ხელს, თუ მოღუშული.

"ის, რაც ერევანში მოხდება - ვინ წავა და რა იქნება - თავისებური ტესტი იქნება. თუკი პრემიერი არ წავა და წავა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს არაფერი არ იქნება. მაშინ არც არავინ უნდა წავიდეს.

"თუკი დელეგაცია წავა და პუტინს ხელს არ ჩამოართმევს, ამას პუტინი გამოწვევად მიიღებს და ეს შეიძლება ჩვენ მავთულხლართების კიდევ 10 კილომეტრით აქით გადმოწევად დაგვიჯდეს", - აღნიშნავს ციცნაძე.

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ რეზონანსულობის თვალსაზრისით რთული თემაა - არწასვლით სომხებს აწყენინებ, წასვლით - თურქეთს და აზერბაიჯანს. თანაც, ცალკე პუტინის თემაც ძალიან დამაფიქრებელია.

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემაა და მიჭირს რაიმეს თქმა. თანაც პუტინთან შეხვედრის პერსპექტივაც ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმულია.

"თურქეთი და აზერბაიჯანი ქართული დელეგაციის ერევაში ჩასვლას დიდი მოწონებით არ შეხედავენ, მეორე მხრივ სომხეთისთვის ზურგის შექცევაც არ გამოვა. ამ ფონზე ნებისმიერ საგარეო პოლიტიკურ აქტივობას რუსეთის მიმართულებით დასავლეთი ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდება. ამ რეგიონში იმდენად დიდი კონფიგურაციებია, ეს ჩვენი გამოუცდელი, არაპროფესიონალი მთავრობა რას იზამს, არ ვიცით," - აღნიშნავს ლაგაზიძე.

არც მთავრობის ადმინისტრაციაში და არც საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ წავა თუ არა სომხეთში პრემიერი, ეს შაბათს გადაწყდება.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს მიწვევა გაგზავნილი აქვთ, მაგრამ ვინ წავა და ამ დელეგაციას ვინ უხელმძღვანელებს, არ იციან.

"პასუხი არ მიგვიღია, თუმცა, დელეგაცია აუცილებლად წავა. სომხურენოვანი და სხვა დეპუტატები ვიცით, რომ აუცილებლად მიდიან. ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას - ეს არ ვიცით. ჯერჯერობით არც საელჩოში არ აქვთ პასუხი.

"22-24 აპრილს ერევანში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადიან დელეგაციები. ჩადის საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი; ასევე კანადის დელეგაცია, ისრაელის ქსენეთის დელეგაცია და აშშ-ის დელეგაციაც," - განგვიცხადეს სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში.

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვან ბაიბურთის თქმით, სომხეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ამიტომაც ვარაუდობს, რომ საქართველოდან ოფიციალური დელეგაცია წავა.

"სომეხთა გენოციდის 100 წელი აღინიშება და ეს თარიღი სომხებისთვის დიდი ტკივილია. ეს დღე მნიშვნელოვანია არა მარტო სომხებისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, იმიტომ, რომ გენოციდი სხვაგანაც არ განმეორდეს.

"რომის პაპი გამოვიდა ვატიკანში და გენოციდზე ილაპარაკა, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, გაერომაც თავის დროზე, 20-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა ეს გენოციდი. ვთვლი, რომ საქართველომ ეს გენოციდი 1915 წელს აღიარა, მაშინ, როდესაც პირველმა ათიათასობით სომეხი ეროვნების ლტოლვილი შეიფარა და დაასახლა. დღეს ლტოლვილი სომხების შთამომავლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ყველას ახსოვს საქართველოს ეს დახმარება.

"დღეს საქართველოსთვის აზერბაიჯანი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებია, ეს სომხებმა იციან და გაგებით ეკიდებიან. ამიტომაც არ ვიცი, ვინ წავა. თუმცა, სომხეთში ჩასული საქართველოს ყველა პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელი პირები მიდიან გენოციდის მემორიალთან და გვირგვინით ამკობენ. ეს კი არა, თურქეთიდან იყვნენ თავისუფალი ჟურნალისტები, რედაქტორები და ყვავილი დადეს გენოციდის მსხვერპლთა ძეგლთან.

"საქართველო ისე უნდა მოიქცეს, როგორც სახელმწიფო ინტერესებს გამოადგება. თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენს პოლიტიკურ ისნტებლიშმენტში ვიღაცებს სურთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგება, ამ ღონისძიებაზე დელეგაციების შემთხვევითი შეხვედრა უკეთესიც მგონია," - ამბობს ბაიბურთი.

ცნობისათვის, სომეხთა გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა.

სომხური მოსახლეობის განადგურება 1918 წლის სექტემბრამდე გრძელდებოდა. სომხური წყაროების მიხედვით, ამ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონი სომეხი დაიღუპა. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანსა და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით გარდაიცვალა. ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი მთელ მსოფლიოში გაიფანტა.

ეს ფაქტი, როგორც სომეხთა გენოციდი, ოფიციალურად 20-მდე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ და 24 აპრილი სომეხი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსენების დღედ დაწესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×