ქართველ მოხალისეს ჩეჩენმა თანამებრძოლებმა ჩეჩნებზე გაკეთებული განცხადებებისათვის განმარტება მოსთხოვეს
ვახტანგ შამუგია
20.04.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში ათობით ქართველი მონაწილეობს. ისინი ბარიკადების ორივე მხარეს დგანან. მათი ნაწილი კამერების წინ გამოჩენას არ ერიდება. ვიდეორგოლები მათი მონაწილეობით სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით დიდი ინტერესითა და რეიტინგით სარგებლობს.

მათ შორის ამ მხრივ ყველაზე ცნობილია მეომარი, ბატალიონ "დონბასის" ყოფილი წევრი, მეტსახელად "დობერმანი", რომელიც ინტერნეტსივრცეში ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში გამოჩნდა. ყველაზე პოპულარული და რეზონანსული მისი ის ვიდეოჩანაწერი გახდა, რომელშიც ნიღბიანი ქართველი მოხალისე დონბასში ჩასულ ჩეჩენ მებრძოლებს ტურებს უწოდებს.

"ჩემო უკრაინელო ძმებო, ნუ გეშინიათ ამ ჩეჩნების, ისინი არიან ტურები, უბრალოდ წვერიანი ტიპები, რომლებსაც გავპარსავთ", - ამბობს "დობერმანი" "იუთუბზე" გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ამ ჩანაწერს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან ჩეჩნური საზოგადოების დიდი გაღიზიანება გამოიწვია. "კადიროველებმა" ჩაწერეს საპასუხო ვიდეორგოლები, სადაც დობერმანს ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და მას ლაჩარს უწოდებდნენ, რადგანაც ის საკუთარ სახელს მალავდა.

პარალელურად, გავრცელდა ხმები, რომ პრორუსი მეამბოხეების მხარეზე მებრძოლმა ჩეჩნებმა "დობერმანი" მოჰკლეს. ინტერნეტში ფოტოზე ნაჩვენები იყო ხეზე მიბმული, სასტიკად ნაცემი ადამიანი შეიარაღებული კადიროველის ფონზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს დადგმული სცენა იყო და სურათს რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა.

მოგვიანებით, "დობერმანი", რომელიც, მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომელია, ნიღბის გარეშე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში მან განაცხადა, რომ მას ზოგადად ჩეჩენი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული, რის გამოც ისიც ძალიან გაღიზიანებული იყო. ის ვიდეოს სრული ვერსიის გამოქვეყნებას ითხოვდა, სადაც, მისი თქმით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ის მხოლოდ "კადიროველებს" გულისხმობდა.

მოგეხსენებათ, დონბასში, ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ წარგზავნილ ჩეჩნების გარდა იმყოფებიან მათი ის თანამემამულეებიც, რომლებიც ოფიციალური კიევის პოზიციას იზიარებენ და მეამბოხე სეპარატისტებს, მათ შორის "კადიროველებსაც" ებრძვიან. რამზან კადიროვს ისინი "უჯიშოს", "კრემლის ძაღლს", "პუტინის ხელის ბიჭს" და სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ.

სწორედ ამ მოხალისეების ინიციატივით მოხვდა შეხვედრა, რომლის ვიდეოჩანაწერმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საუბარია "დობერმანისა" და ჩეჩნების შეხვედრაზე, სადაც ქართველ მებრძოლს მისი სიტყვებისათვის განმარტება მოსთხოვეს.

ვიდეოჩანაწერი "იუთუბზე" რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

შეხვედრა ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების შტაბის ტერიტორიაზე მოხდა. "დობერმანიც" და ჩეჩნებიც შეიარაღებულნი იყვნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, საუბარი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიდიოდა.

"შენ ქართველი ხარ, მე - ჩეჩენი. ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენს შორის არ უნდა არსებობდეს არანაირი გაურკვეველი საკითხი. არავის არ აქვს არც ჩეჩნენი, არც ქართველი, არც უკრაინელი და საერთოდ არცერთი ერის შეურაცხყოფის უფლება. თუ ვინმესთან პირადად რამე პრეტენზია არსებობს, ეს პირადად ამ პიროვნების მისამართით უნდა ითქვას. მოხარული ვარ რომ დღეს ყველაფერი გაირკვა და კითხვის ნიშნები არ დარჩა" - თქვა ჩეჩენმა მოხალისემ, მეტსახელად "მთიელმა".

"მე ჩეჩენი ერის წინაშე დამნაშავე არ ვარ, მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, სულელია ის ადამიანი, რომელიც რომელიმე ერს შეურაცხყოფას აყენებს. სამწუხაროდ, ვიდეოს ავტორებმა დაამონტაჟეს ჩანაწერი ისე, რომ ყველაფერი ეს ძალიან ცუდად გამოჩნდა.

"მტყუანი ადამიანი იმალება, მე კი მართალი ვარ თქვენ წინაშე და ამიტომაც მოვედი აქ, რათა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მე ვსაუბრობ იმ მოღალატე ჩეჩნებზე, რომლებიც დღეს აქ, უკრაინაში ჩამოვიდნენ ჩვენთან საომრად. მოღალატეები ჩვენც გვყავს, არც მე მომწონს ოლიგარქი ივანიშვილი. მე მყავდა სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ააშენა. მე ჩეჩნეთისა და საქართველოს სრული დამოუკიდებლობის მომხრე ვარ", - თქვა "დობერმანმა".

ვიდეოჩანაწერი შეხვედრაზე მყოფი უკრაინელი მოხალისის სიტყვებით მთავრდება, სადაც იგი მადლობას უხდის უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩასულ ჩეჩნებსა და ქართველებს და პირობას იძლევა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავადაც ანალოგიურად მოიქცევა.

"მოვა დრო და ჩვენ ჩამოვალთ საქართველოსა და ჩეჩნეთში, რათა საერთო ძალებით ვებრძოლოთ რუს აგრესორებს", - ამბობს ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მონაწილე უკრაინელი მებრძოლი.

მიუხედავად მცდელობისა, "მთელმა კვირამ" "დობერმათან" დაკავშირება ვერ მოახერხა. მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" მეთაურს, მამუკა მამულაშვილს მივმართეთ. მას უჭირს ამ პიროვნებაზე რაიმის თქმა, რადგანაც "დობერმანს" დონბასში მებრძოლ ქართველებთან არასდროს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×