თეა ბეჟიტაშვილი
22.04.2015

 "დღეს ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბი წონის გავრცელების მაჩვენებლები თითქმის გასამმაგდა. ზედმეტი კილოგრამები ბავშვებში მთელ მსოფლიოში ეპიდემიად იქცა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.

მისი თქმით, საქართველოში ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა და მოზარდთა ასაკში სიმსუქნის მაჩვენებლებმა 20-25%-ს მიაღწია.

მარინა გორდელაძე: წონა და მისი დინამიკა ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების ძალზე მგრძნობიარე მაჩვენებელია. მასზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური, ბიოლოგიური, სოციო-კულტურული და მრავალი სხვა ფაქტორი. სიმსუქნე განიხილება, როგორც მემკვიდრეობითი და შეძენილი დაავადებების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბ დაგროვებასთან.

ჭარბი წონა და სიმსუქნე არის მიღებულ საკვებსა და დახარჯულ ენერგიას შორის დისბალანსის შედეგი. ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიმსუქნის პრევენციისათვის დახარჯული კალორიები ყოველთვის უნდა აღემატებოდეს მიღებულ კალორიებს.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, თუ რა რაოდენობის საკვები ანუ კალორიები ეკუთვნის მის შვილს ასაკის მიხედვით. ზედმეტი კალორიები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აუცილებლად მიგვიყვანს სიმსუქნემდე.

"რეზონანსი": როგორ კლასიფიცირდება სიმსუქნე?

მ.გ: მიუხედავად ფართოდ გავრცელებისა და ამ საკითხის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესისა, სიმსუქნის აღიარებული კლასიფიკაცია არ არსებობს, მაგრამ თანამედროვე შეხედულებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს პირველადი და მეორადი სიმსუქნე. პირველად სიმსუქნეს მარტივ სიმსუქნესაც ვუწოდებთ, რომელიც გულისხმობს კალორიების ჭარბ მოხმარებას ჰიპოდინამიისა და მემკვიდრეობითი განწყობის ფონზე.

მეორად ანუ სიმპტომურ სიმსუქნეთა ჯგუფს მიეკუთვნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების, ენდოკრინული პათოლოგიის, გენეტიკური სინდრომებისა და სხვადასხვა მდგომარეობათა დროს განვითარებული სიმსუქნე. პირველადი სიმსუქნე, როგორც წესი, ტანმაღლობით მიმდინარეობს, სინდრომული სიმსუქნის დროს კი ტანდაბლობა ამ მდგომარეობათა ერთგვარი სავიზიტო ბარათია.

"რ": ბავშვთა ასაკიდან გამომდინარე, თუ არსებობს წონის სტანდარტი?

მ.გ: დროული, ჯანმრთელი ახალშობილის სხეულის მასა დაახლოებით 3500 გრამამდეა. დაბადების მასას ბავშვი ოთხი-ოთხნახევარი თვის ასაკში აორმაგებს, ერთი წლის ასაკში კი ასამმაგებს. შემდგომში წონის მატება წელიწადში დაახლოებით 2 კილოგრამია. 6-7 წლისთვის ერთი წლის ასაკის მასა ორმაგდება, 11-12 წლის ასაკში კი ოთხმაგდება. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ყოველწლიურმა ნამატმა შეიძლება 5-8 კილოგრამსაც მიაღწიოს. ეს მონაცემები სქემატურია.

სიმსუქნის შეფასების საუკეთესო კლინიკურ სტანდარტად დღეისათვის მიღებულია სხეულის მასის ინდექსი, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით: წონა შეფარდებული სიმაღლის კვადრატთან. მიღებული ციფრის შეფასება უნდა მოხდეს ასაკის სპეციფიკური პერცენტული მრუდების მიხედვით.

"რ": რა განსხვავებაა ჭარბ წონასა და სიმსუქნეს შორის?

მ.გ: ბავშვისა და მოზარდის სხეულის მასა ფასდება როგორც ჭარბი წონა, როცა ბავშვის სხეულის მასის ინდექსი არის 85-დან 95-ე პერცენტილს შორის, ხოლო სიმსუქნედ, თუ სხეულის მასის ინდექსი 95-ე პერცენტილზე მეტია.

"რ": რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ჭარბწონიანობამ?

მ.გ: სიმსუქნის სოციალური მნიშვნელობა განპირობებულია მისი ფართო გავრცელებით და მასთან ასოცირებულ დაავადებათა თანაარსებობით. სიმსუქნის დროს პრაქტიკულად ყველა ორგანო და სისტემა ზიანდება, განსაკუთრებით ის იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტენზიას, ლიპიდურ დარღვევებს და სხვა.

"რ": როგორია ასაკისა და სიმსუქნის დამოკიდებულება?

მ.გ: გაჰყვება თუ არა ბავშვს სიმსუქნე მოზრდილ ასაკში, ეს დამოკიდებულია სიმსუქნის განვითარების ასაკზე, მის ხარისხზე და იმაზე, არიან თუ არა ბავშვის მშობლები მსუქნები. განსაკუთრებით თვალსაჩინოა კავშირი დედის ხაზთან.

სამ წელზე უმცროსი ასაკის მსუქან ბავშვებს, რომელთა მშობლებს სიმსუქნე არ აღენიშნებათ, მოზრდილობისას შეიძლება სიმსუქნე არც კი ჰქონდეთ, მაგრამ თუ ბავშვს 6 წლამდე გაჰყვა სიმსუქნე, მოზრდილობისას ჭარბი წონის და სიმსუქნის რისკი უკვე 70%-ს შეადგენს. ხოლო თუ ორივე მშობელი ჭარბწონიანია, ეს მაჩვენებელი 90%-მდე იზრდება, მაგრამ თუ არცერთი მშობელი არ არის მსუქანი, მაშინ სიმსუქნის განვითარების რისკი 10%-მდე მცირდება.

"რ": როგორი უნდა იყოს ჭარბწონიანი ბავშვის დიეტა?

მ.გ: ბავშვის და მოზრდილის დიეტა ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვადასხვა სახის დიეტები, რომლებითაც აჭრელებულია სოციალური ქსელები, არ შეიძლება ბავშვთა ასაკში გამოიყენოთ. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს სიმსუქნის ხარისხი, გამომწვევი მიზეზები, ამის შემდეგ კი ვირჩევთ კომპლექსურ მიდგომას, ეს გულისხმობს არა მხოლოდ დიეტოთერაპიულ მიდგომას, არამედ დოზირებულ და სწორად შერჩეულ ფიზიკურ დატვირთვას, საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ ჩარევას. ხშირად საჭირო ხდება სხვა სპეციალისტების ჩართვა, მაგალითად, ორთოპედების, ბავშვთა ფსიქოლოგების და ა.შ.

დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალურად შერჩეული ბავშვის ასაკის, სქესის, მისი ჩვევებისა და სურვილების გათვალისწინებით. აუცილებელია ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფიზიოლოგიური შეფარდების დაცვა, წონის კლების ყველა ეტაპის ამოცანების თანმიმდევრული და სწორი გათვლა, მონიტორინგის მაჩვენებლების შერჩევა და მრავალი სხვა. აი, ამ მომენტებს ვგულისხმობ, როცა აღვნიშნავ, რომ დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალური.

"რ": თქვენს პრაქტიკაში, მდგომარეობა როგორია, ძირითადად რა ასაკის ბავშვები მოდიან და მათში გოგონები სჭარბობენ თუ ბიჭები?

მ.გ: სქესობრივი მომწიფების დადგომამდე ჭარბი წონა და სიმსუქნე თანაბრად გვხვდება გოგონებსა და ვაჟებში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი უფრო გოგონები სჭარბობენ.

"რ": როგორ აიცილონ მშობლებმა თავიდან ბავშვებში ჭარბი წონა?

მ.გ: ბავშვს პატარა ასაკიდანვე შესთავაზეთ მრავალფეროვანი და ჯანსაღი რაციონი. ზოგჯერ ათი ცდაც არ კმარა, რომ ბავშვი ახალ გემოს მიეჩვიოს. ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ. ყოველდღიურად შესთავაზეთ ბავშვებს სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული.

არ მისცეთ ბავშვს უფლება, დიდხანს იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. გადააჩვიეთ ტელევიზორის ყურებისას ჭამას. ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად იაქტიუროს. დაეხმარეთ მოძებნოს სპორტის სახეობა, რომელიც შეუყვარდება და მთელი ცხოვრება არ მიატოვებს. ნუ აიძულებთ, მანცდამაინც თქვენ მიერ ამორჩეულ სპორტულ სექციაში იაროს.

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვმა დროის მცირე მონაკვეთში წონაში მკვეთრად მოიმატა, კანზე გაუჩნდა პიგმენტური ლაქები, ნახეთქები, დაერღვა სქესობრივი მომწიფების ვადები, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს და ყველაზე მთავარი: აგრძნობინეთ პატარას, რომ განურჩევლად იმისა, რამდენს იწონის, ძალიან გიყვართ და გინდათ დაეხმაროთ, იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×