იუნესკოს 24 - წევრიანი კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
სალომე სარიშვილი
24.04.2015

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაზე ნომინაცია - "სამი სახეობის ქართული ანბანის კულტურა", იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მარტის ბოლოს უკვე წარუდგინა, თუმცა ნომინაციის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას თან გარკვეული პროცედურები ახლავს, რომელზეც იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობს.

საბოლოო გადაწყვეტილებას კი შესაბამისი კომიტეტი 2016 წლის მიწურულს მიიღებს.

ნომინაციის სახელწოდება - "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა", ასომთავრულ, ნუსხურ და მხედრულ ანბანს მოიცავს, რომელთა მთავარი ღირებულება მისი უწყვეტი თანაარსებობაა. აღსანიშნავია, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში უკვე შეტანილია ორი ქართული ძეგლი, ესენია: ქართული პოლიფონია (მრავალხმიანობა) და ქვევრის ღვინის უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი. ეს უკანასკნელი იუნესკოს სიაში გასულ წელს შეიტანეს.როგორც "რეზონანსთან" საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი აღნიშნავს, არამატერიალურ მემკვიდრეობის კომიტეტს თავისი ექსპერტთა საბჭო ჰყავს, რომელიც წარდგენილ ნომინაციებს წელიწადნახევრის განმავლობაში განიხილავს, შესაბამისად, მარტში გაგზავნილ ნომინაციას, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის სააგენტომ წარუდგინა, კომიტეტი 2016 წლის ბოლოს გამართულ სესიაზე განიხილავს.

"არსებობს გარკვეული პროცედურები, რაც ამა თუ იმ ნომინაციამ უნდა გაიაროს. ექსპერტები ნომინაციას დაამუშავებენ, რის შემდეგაც არაა გამორიცხული, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, მათ გარკვეული კითხვებითაც მოგვმართონ. ანუ, ეს ეხება უშუალოდ ნომინაციას, რომელზეც ინფორმაცია შესაძლოა ამომწურავი არ აღმოჩნდეს, რის შემდეგაც კონკრეტულ ქვეყნებს მიმართავენ ხოლმე.

 "ბოლო ეტაპი კი კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციით მიმართვაა, რომელიც 24 ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებათან დაკავშირებით სწორედ ისინი იღებენ.

"ყველა იმ კრიტერიუმს, რომლითაც ქვეყნები ნომინაციას ამზადებენ, კონვენცია განსაზღვრავს. ბუნებრივია, როდესაც დოკუმენტსა და ნომინაციას ვამზადებდით, ჩვენც ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ.

"თავად ნომინაციის ფორმასაც მოჰყვება შესაბამისი სახელმძღვანელო, რომელშიც ასევე მითითებულია, თუ რა აქცენტები უნდა დაისვას და როგორ უნდა მოხდეს ნომინაციის შედგენა. დანარჩენზე ვერ ვიტყვით, რომ რამე პრიორიტეტს სხვა ქვეყანას ანიჭებენ გეოგრაფიულად, ეს, ცხადია, დაბალასებულია.

"თუმცა, თუკი თემატიკა და ნომინაციის შინაარსი მაღალპროფესიულ დონეზეა მომზადებული და კონვენციით განსაზღვრულ ძირითად მიმართულებას შეესაბამება, ასევე ამ ელემენტის სიცოცხლის აქტივობაა დადასტურებული, მაშინ ხელშემლელი ფაქტობრივად არაფერია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მირზიკაშვილი.

მისივე თქმით, კონვენცია საკმაოდ მასშტაბურია და შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატან ერთ ელემენტს, ყოველწლიურად ძალიან ბევრი ქვეყანა ამზადებს. აქედან გამომდინარე, მირზიკაშვილი აღნიშნავს, რომ კონკურენციაც საკმაოდ დიდია, თუმცა ნომინაცია, რომელიც საქართველომ იუნესკოს წარუდგინა, კონვენციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ამიტომ ქართული ნომინაციის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანის მოლოდინიც მაღალია.

 "მზად ვართ განხილვის დროს, საერთაშორისო ექსპერტების ნებისმიერ შეკითხვაზე დასაბუთებული პასუხი გავაგზავნოთ. ენა და ანბანი ჩვენი კულტურული იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტია, ამიტომ მისი საერთაშორისო დონეზე წარდგენა, ქართულ კულტურასა და მის საუკუნოვან ტრადიციებს კიდევ უფრო სიღრმისეულად წარმოაჩენს.

"თვითონ ის ფაქტი, რომ სამი ანბანი დღემდე პრაქტიკაში გამოიყენება და ის საუკუნეების მანძილზე ცოცხალია, უნიკალურია და ამას ენათმეცნიერები ამტკიცებენ. არსებობს ქვეყნები, სადაც მხოლოდ ერთ ანბანს იყენებენ, სამი ანბანის ხმარებაში არსებობა კი დიდი იშვიათობაა, ამდენად ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ნომინაციაა", - აღნიშნავს ძეგლთა დაცვის იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

საგულისხმოა, რომ ესტონეთში საქართველოს საელჩოსა და ძეგლთა დაცვის ინიციატივით, "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" ესტონეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე გამოიფინა, რის შემდგომაც გაჩნდა იდეა, ქართული ანბანი წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში გამოიფინოს. რუსუდან მირზიკაშვილის აზრით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.

"რაც შეეხება ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას, ვფიქრობთ, რომ ანბანის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა გამოფენების სახით ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეხმარება. ქართული ანბანი ტალინში უკვე გამოიფინა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ეს გამოფენა მსოფლიო მასშტაბითაც გაგრძელდება. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ენის ფენომენისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის", - დასძენს მირზიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×