ელზა პაპოშვილი
24.04.2015

 "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ევროკავშირი გეგმავს პროგრამის წევრ ქვეყნებთან უფრო დაახლოებას. თუმცა ჩვენ უნდა შევახსენოთ, რომ უფრო მეტი მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა მოლდოვაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რიგის სამიტთან დაკავშირებით, რასაც ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა ევროკავშირის მხრიდან რამე განსაკუთრებულ ახლო და მჭიდრო ურთიერთობას არ ელიან.

"ფონდი ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ლიტვის პრეზიდენტის განცხადება ევროკავშირის მხრიდან ღია მხარდაჭერას ნიშნავს.

მისი თქმით, გრიბაუსკაიტემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ამ განცხადებით კონკრეტულად მიანიშნა, რომ მათი დახმარებისა და ქვეყანაში რიგი რეფორმების გატარების გარეშე ევროკავშირი პარტნიორობას ვერ გაუწევს.

"რა თქმა უნადა, ლიტვის პრეზიდენტის განცხადებამდეც საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს მოლოდინი ევროკავშირში გაწევრიანების შემოთავაზებაზე არ ჰქონია. ამაში ახალი და მოულოდნელი არაფერი არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მან ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწვრიანება მინიმუმ 5 წელი არ იგეგმება.

"ევროკავშირის ქვეყნებიდან თუკი საუბარი იქნება მჭიდრო ურთიერთობაზე, ვფიქრობ, ისინი ტექნიკური სახის დახმარებას გულისხმობენ. ასევე იქნება მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებისთვის ხელშეწყობაზე საუბარი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს.

"რაც ასოცირების ხელშეკრულებაში ისედაც გარკვევით წერია, რომ ამ კუთხით ქვეყანამ ვალდებულება აუცილებლად უნდა შეასრულოს. ლიტვის პრეზიდენტის განცხადებაში საგულისხმოა ის დეტალი, რომ ამ ქვეყნებმა საკუთარი მომავლის გაუმჯობესებისთვის თავად უნდა იზრუნონ.

"ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ორი მთავარი ასპექტი იგულისხმა. პირველი ეს არის ტექნიკური საკითხი, რომ საქართველომ ზუსტად და ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები რაც ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა.

"ხოლო მეორე მთავარი საკითხი, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის მოგვარებაა. ქვეყანას ამ ეტაპზე დიდი ბერკეტი იმისა, რომ ევროკავშირზე ზეგავლენა მოახდინოს და დაარწმუნოს, რომ მზად არის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, სამწუხაროდ არ აქვს. რადაგანაც საქართველომ უნდა დაუმტკიცოს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ის პრეტენზიები, რაც მათ ჩვენს მიმართ აქვთ, გამოსწორებულია.

"სახელმწიფომ პირველ რიგში ევროკავშირის ყურადღების მისაქცევად, უნდა დაიწყოს პოლიტიკური ვითარების გამოსწორება, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება, პროკურატურის, პენიტენციალური სისტემის რეფორმა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება. ამ ყველაფრის შემდეგ ქვეყანას უკვე შეეძლება პრეტენზია გამოთქვას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - აცხადებს ჩხიკვაძე "რეზონანსთან".

საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებას ლოგიკურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ სხვა მოლოდინი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს არ უნდა ჰქონდეს. რადგანაც მისი თქმით, ქვეყანა ამ ეტაპზე არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

"ვფიქრობ, მჭიდრო და ახლო ურთიერთობაში ლიტვის პრეზიდენტმა თავისუფალი და ყოვლის მომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება იგულისხმა, რომელიც შეიძლება დაიძრას. სხვა რამე სახის ურთიერთობაზე ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ საუბარი იყოს.

"საქართველო მოლდოვასგან განსხვავებით, ასე თუ ისე რეფორმების თვალსაზრისით მოღონიერდა. მოლდოვა ჩვენს ქვეყანასა და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკის თვალსაზრისით ბევრად ჩამორჩენილია.

"რეფორმების გატარების კუთხით ევროკავშირისთვის აუცილებელია, რომ საქართველო და მათ შორის სხვა გაწევრიანების მსურველი ქვეყნები დემოკრატიულად განვითარდეს. აუცილებელია კონკურენტუნარიანი ეკონომიკის არსებობა, ეკოლოგიური ნორმების მაღალი ხარისხის ქონა და დაცვა.

"რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ძალიან რთული სათქმელია. იგვე დრო, რაც ალბათ, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად დასჭირდა.

ეს პროცესი ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ ალბათ ძალიან დიდი დროა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად და ევროკავშირის ქვეყნების დასარწმუნებლად", - აცხადებს შარაშენიძე "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×