ძალიან მაინტერესებს, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ საბურთალოს სასაფლაოებთან სპორტის სასახლის მშენებლობა ნორმალურია
სალომე სარიშვილი
25.04.2015

 "ძალიან მაინტერესებს, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ საბურთალოს სასაფლაოებთან სპორტის სასახლის მშენებლობა ნორმალურია. მაშინ ფილარმონია მუხათგვერდში ავაშენოთ და ეგაა. ესაა ფაცი-ფუცისა და არაკომპეტენტურობის შედეგი. ნარმანია ყიფიანს დააბრალებს ამ მშენებლობას თუ პირიქით, ამით არაფერი იცვლება. ფულს ვიხდით იმაში, რაც მერე ისევ გადასატანი გაგვიხდება, ვერ ვხვდები, ასეთ რაღაცებს რატომ ვაკეთებთ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს. ამბობს, რომ თბილისში ორმოების რაოდენობა გაიზარდა, რასაც კვლავ მერიის წარუმატებელ და არაორგანიზებულ საქმიანობას უკავშირებს.

ელისაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ საპასუხოდ ღია წერილის გამოქვეყნებას გეგმავს.

ალეკო ელისაშვილი: ბიძინა ივანიშვილსაც და სხვებსაც ვეტყოდი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები "ქართულ ოცნებაში" მიათვალიერ-მოათვალიერონ. ივანიშვილს კი ვურჩევდი, პირველ რიგში, გასაკრიტიკებელი "ოცნებაში" დაინახოს, კარგად გადახედოს, ხელისუფლებაში რა უთავბოლობაცაა. ამაზე თუ უფრო კრიტიკულად ისაუბრებს და არა კოჟორიძესა და ელისაშვილზე, კარგი იქნება, თუმცა, როგორც ჩანს, ჩემს მეტი საკრიტიკებელი მაინც ვერავინ ნახა.

ივანიშვილის კრიტიკის საპასუხოდ ღია წერილის გამოქვეყნებას ვგეგმავ, რომელშიც ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ.

რაც შეეხება "პანორამა თბილისს", ივანიშვილს ისევ ვურჩევდი, რომ თუ მაინცადამაინც თანხის დახარჯვა და ამ პროექტის განხორციელება სურს, უმჯობესი იქნება, თუ ამას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გააკეთებს.

ეს ლოგიკურია, ვინაიდან პერსპექტივაში ქალაქი სწორედ მარცხენა სანაპიროზე უნდა განვითარდეს. მარჯვენა სანაპირო და მითუმეტეს სოლოლაკისა და თავისუფლების მოედნის ტერიტორია, ინფრასტრუქტურულად ამოწურულია. ამას გეტყვით დამწყები, ოროსანი ურბანისტიც კი.

მე ეს ივანიშვილს ადრეც ვურჩიე და სხვათა შორის, ჩემი პოზიციის დასაცავად არგუმენტებიც მოვუყვანე. ივანიშვილის ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს პირადად მე თავი და ბოლო ვერ გავუგე.

"რეზონანსი": თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა ახლა "პანორამა თბილისის" პროექტის განხილვა?

ა.ე.: ეს პროექტი ახლა ეკონომიკის სამინისტროს აქვს განსახილველად გადაცემული და კაციშვილმა არ იცის, რა ხდება. ესეც სპეციალურად გააკეთეს, რომ პროექტი დახურული ყოფილიყო და საზოგადოებისთვის განხილვის პროცესი უხილავი ყოფილიყო, ამიტომ დამატებითი ინფორმაცია არც მე მაქვს.

"რ": დედაქალაქში გზების მდგომარეობაზე თქვით, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ამაზე თუ მიდის მუშაობა?

ა.ე.: მე არაფერს ვიგონებ, ქუჩაში გავლისას ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, რომ ორმოების რაოდენობა გაიზარდა. წერაქვითა და ლომით ხელში ნამდვილად არ დავდივარ და ორმოებს მე არ ვჩიჩქნი, ეს მოუვლელობისა და უყურადღებობის შედეგია. ბიძინა ივანიშვილი მე რომ მაკრიტიკებს ამის ფონზე, სასაცილო არაა? გაიხედონ, ქალაქში რა ხდება, ეს მოსწონთ?

მაკრიტიკოს, ეს მისი უფლებაა, უბრალოდ ისეთ რამეებს ამბობს - გაოგნდები. "ნაციონალებს" 2011 წლამდე თვითონ აფინანსებდა, რომელთა ნაწილითაც "ქართული ოცნება" დღემდე გამოტენილია, ისე ექცევიან, ცივ ნიავსაც არ აკარებენ და ამის შემდეგ მე ვყოფილვარ საკრიტიკო. რაც უნდათ, ის უქნიათ, ჩემი კრიტიკით არც ორმოები ამოივსება და არც სხვა რამეს ეშველება.

"რ": ყოფილ ვიცე-მერზე, ალეკო მარგიშვილზე მინდა გკითხოთ. თქვენ თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდით მერიაში ბიზნესის განვითარების ცენტრის შექმნას, რომლის ხელმძღვანელიც ახლა მარგიშვილია. რას აკეთებს ეს ცენტრი დედაქალაქის განვითარებისათვის და თუ გვაქვს რაიმე შედეგი?

ა.მ.: ამ ცენტრის შექმნა აბსურდი იყო. მიღრმავდება ეჭვი, რომ ეს ცენტრი მარგიშვილს მხოლოდ იმიტომ შეუქმნეს, რომ ვიღაცებზე რაიმე არ თქვას. ამ ლოგიკით, რუსთავის მრეწველობის ცენტრი, ფოთის სამრეწველო განვითარების ფონდი, ხობის, ხონის, სამტრედიის და რა ვიცი, ყველა მუნიციპალიტეტში ასეთი ცენტრები უნდა შევქმნათ. ლოგიკა ასეთია - მაშინ სხვები რატომ უნდა დავჩაგროთ?

ეს სხვა არაფერია, თუ არა წყალში გადაყრილი ფული. გეგონება, ისეთი უმდიდრესი ქვეყანა ვართ, რომ ვიღაცა მაჩანჩალა და ხელმოცარული ჩინოვნიკებისთვის 2 მილიონი ლარი ჰაერში გავისროლოთ. ამ ცენტრის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. აღმაშფოთებელია, თითქოს ამის უფლება ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანას აქვს. ეს კაცი არის ხელმოცარული ჩინოვნიკი, რომელმაც სიკეთე ვერც კულტურის სამინისტროში ქნა და ვერც მერიაში. ეს არაფერია, თუ არა კატასტროფა და ყოვლად დაუშვებელი ფაქტი.

"რ": პარასკევს დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მშენებლობის ახალ პროექტზე, რომელიც საბურთალოს სასაფლაოების მიმდებარედ გაკეთდება, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მასზე პასუხისმგებელი სპორტის სამინისტროა, თქვენ რას ფიქრობთ ამ პროექტზე?

ა.ე.: არ მინდა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ელისაშვილი ყველაფერს აპროტესტებს და აკრიტიკებს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, რომელ ადამიანს მოუვიდა თავში სასაფლაოებთან სპორტის სასახლის მშენებლობა. სამარცხვინოა, რას იტყვის სპორტსმენი, რომელიც სპორტული ოლიმპიადის გასამართად საქართველოში ჩამოვა? რამდენიმე დღის წინ ამ ტერიტორიაზე გამოვიარე და გულზე შემომეყარა, მაგრამ ხმა არ ამომიღია, არ მინდა, ისეთი შთაბეჭდილება დავტოვო, რომ ყველაფერს ვაპროტესტებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×