თერჯოლაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მწიფდება
იაგო ნაცვლიშვილი
25.04.2015

დაძაბული ვითარებაა თერჯოლაში, სადაც ერთმანეთს რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლი და იეჰოვას მოწმეები უპირისპირდებიან. მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტს იწვევს ის, რომ იეჰოვას მოწმეები ქალაქის ცენტრში, საჯარო სკოლასთან ახლოს შენობის აშენებას აპირებენ, სადაც პერიოდულად შეიკრიბებიან ხოლმე. მართლმადიდებლები შიშობენ, რომ ეს ბავშვებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

თერჯოლელი მართლმადიდებელი სასულიერო პირები სერიოზული დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობენ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმადიდებლების ინტერესებიც. გამგეობა მხარეებს სთავაზობს, რომ კვირას შეიკრიბონ და კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

გამგეობა იეჰოვას მოწმეებს მშენებლობისათვის სხვა ადგილს სთავაზობს, რაც იეჰოვას მოწმეებისთვის მიუღებელია. ისინი დათმობას არ აპირებენ და ამბობენ, რომ არც კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე მივლენ. დასძენენ, რომ მათ არგუმენტები იქ წარადგინეს, სადაც საჭირო იყო - სასამართლოში.იეჰოვას მოწმეებს მართლმადიდებელ მრევლთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც ქალაქის ცენტრში გამგეობის ნებართვით სახლის მშენებლობა დაიწყეს. ამის გამო ადგილობრივმა მრევლმა აქციები გასული წლის ივნისშიც გამართა. მოგვიანებით მუნიციპალიტეტმა განკარგულება გამოსცა, რომლითაც მშენებლობა შეაჩერა.

ეს გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეებმა ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივრეს და საქმე მოიგეს კიდეც.

თერჯოლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი იეჰოვას მოწმეებსა და მართლმადიდებელ მრევლს შორის მოსალოდნელ სერიოზულ დაპირისპირებაზე საუბრობს.

დეკანოზმა ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა. მისი განცხადებით, იეჰოვას მოწმეები წინააღმდეგი არიან სახლი სხვა ადგილზე ააშენონ. მათ ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ გამოცემული განკარგულება სახლის მშენებლობის შეჩერების შესახებ ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივრეს.

"სასამართლომ გამგეობის მიერ გამოცემული განკარგულება შეაჩერა და სახლის მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. სასამართლოში მხარეს თერჯოლის რაიონის გამგეობა წარმოადგენს. ადგილზე ამ მომენტში სახლის მშენებლობა ფიზიკურად არ მიმდინარეობს. სასამართლოს განაჩენის აღსრულება ჯერ არ მომხდარა, რადგან გამგეობას უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს", - აღნიშნა მამა სპირიდონმა.

მისივე განცხადებით, თერჯოლაში აღნიშნული პრობლემის გამო საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. საკითხის მოსაგვარებლად მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფიც შექმნეს და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მედიის მეშვეობით ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებსაც მიმართეს.

დეკანოზი მხარეებს შორის დაპირისპირების საშიშროებას ხედავს და მიმართავს ორივე მხარეს, 26 აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის დარბაზში შეიკრიბონ, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ნინო გაბრიაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ პრობლემის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმადიდებლების ინტერესიც. გამგეობა მხარეებს კვირას შეხვედრას სთავაზობს.

"ადამიანთა ყველა ჯგუფს აქვს უფლება გააკეთოს ის, რაც უნდათ, მითუმეტეს, როცა არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგრამ ამავე დროს გასათვალისწინებელია ჩვენი - მართლმადიდებლების ინტერესებიც. ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა შენობის აშენება და ეწინააღმდეგება ამას. ამიტომ გადაწყდა, რომ კვირას გაიმართება შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან როგორც იეჰოვას მოწმეები, ისე მართლმადიდებლები. უნდა შედგეს მოლაპარაკება და მივიდეთ კონსენსუსამდე ისე, რომ დაზარალებული არ იყოს არცერთი მხარე.

"გასაგებია, რომ სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა, მაგრამ ვინ დაიცავს იმათ უფლებებს, ვისაც სასამართლოსთვის არ მიუმართავს?! მაგალითად, ამ სახლის მეზობლად მცხოვრები მოსახლეობის.

"შენობა შენდება ისეთ ადგილას, სადაც არის ხალხმრავლობა. შენდება მე-2 სკოლასთან, რომელიც ქალაქის ყველაზე დიდი სკოლაა. მოგეხსენებათ, ბავშვები არ არიან ჩამოყალიბებული თავის რელიგიურ გრძნობებში, იეჰოვას მოწმეები კი არიგებენ ბროშურებს და ხდება პროპაგანდა. ამიტომ მოსწავლეების მშობლები ეწინააღმდეგებიან მშენებლობას", - ამბობს გაბრიაძე, რომელიც აქვე დასძენს, რომ დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს.

"მამაოებიც სიმშვიდისკენ მოგვიწოდებენ, ამიტომ დაპირისპირებას გამოვრიცხავ. თუ იეჰოვას მოწმეები კომპრომისზე არ წამოვლენ, მაშინ სავარაუდოდ, მშვიდობიანი აქციები იქნება. თუმცა, ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ და მოგვიწევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ.

"შესაძლოა სასამართლოს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაშიც გასაჩივრდეს. საბოლოო პასუხი კვირის შეხვედრის შემდეგ გვეცოდინება", - გვითხრა ნინო გაბრიაძემ.

იეჰოვას მოწმეების იურისტი მანუჩარ ციმინტია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მათ არავისთან არ აქვთ დაპირისპირება.

"ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვაქვს. ჩვენ დაგვიპირისპირდა მეორე მხარე, რომელშიც მოიაზრება გამგეობა და სასულიერო პირები, ხშირ შემთხვევაში ასევე არიან სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მივმართეთ სასამართლოს, რომელმაც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. ველოდებით მეორე მხარეს - თუ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს, მაშინ გვაქვს მშენებლობის ნებართვა და შენობის აშენება დაიწყება.

"რაც შეეხება იმას, რომ შენობის ასაგებად ალერნატიულ ადგილს გვთავაზობენ, ამაზე გიპასუხებთ, რომ მას გვთავაზობენ მოშორებით, მიყრუებულ ადგილას. გვაჩვენეს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც არის მეწყრულ ზონაში და სადაც სანაგვეა და ა.შ.

"რამე დავაშავეთ, შენობას, რომ ვაშენებთ? იქაც ავაშენებდით, მაგრამ რის გამო უნდა დავთმოთ?! ამიტომ ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ. მეორე მხრიდან წამოსულ ძალადობას ჩვენ დავუპირისპირეთ კანონი და სასამართლო. ასევე ვაპირებთ საქმის ბოლომდე მიყვანას", - ამბობს იურისტი, რომელიც აქვე აცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეები 26 აპრილის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

"სადაც საჭირო იყო, ჩვენი არგუმენტები იქ წარვადგინეთ - სასამართლოზე. ახლა ამ შეხვედრაში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ. ამ დროის განმავლობაში ხშირი იყო ჩვენი წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, მაგრამ, ვიმეორებ - ამას დავუპირისპირეთ კანონი და ცივილიზებული მეთოდები.

"თუ ჩვენ მიმართ გაგრძელდება აგრესია, ამაზე შესაბამის ორგანოებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება", - გვითხრა მანუჩარ ციმინტიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×