(ანუ ერთი შანსი ოთხმოცდაცხრამეტის წინააღმდეგ)
მოსაზრება
27.04.2015

თამაზ აქუბარდია

"ბარასისა და მირაბოს მიერ რესპუბლიკის წინააღმდეგ ზურგსუკან წარმოებულმა ქმედებებმა ნათლად დაგვანახა, რომ რესპუბლიკის ინტერესებისათვის საბრძოლველად თავადები არ გამოდგებიან".

სტენდალი

მიშას 9 წლიანი დიქტატურა უცხადესი და, ამავე დროს, უსაშინლესი მაგალითია იმისა, როცა შენი სიმართლე არავის არ აინტერესებს და კეთდებოდა მხოლოდ ის, რაც მისი ხელისუფლების განმტკიცებას ესაჭიროება. ცხადია, მიშას ფენომენი უნიკალური სულაც არ გახლავთ, თუმცა, მისი განუმეორებლობა იმაშია, რომ მან უმოკლეს დროში შექმნა მწყობრი სისტემა; სისტემა, რომელიც ძალიან "გამართულად" მუშაობდა და წარმოადგენდა ადამიანის ღირსების შემლახველ, მისი ღირსების დამრთგუნველ, უზადო მექანიზმს.

ამ ფონზე ის, რაც მკითხველს გვინდა მოვუთხროთ, უფრო ღიმილისმომგვრელი იქნება, ვიდრე დამაფიქრებელი, მაგრამ როცა ადამიანი საკუთარ სიმართლეს ისე ამტკიცებს, რომ კრეტინისთვისაც კი ცხადი ხდება, ადამიანს ოპტიმიზმით განაწყობს და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედს შთაუნერგავს. მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი წერილიც.

ერთი ანდაზისა არ იყოს, როცა ჯიბეში სიცარიელეა, ყოველი თეთრის აუდიტი თავით ხორციელდება. მოკლედ, რატომღაც მახსოვდა, რომ "მეტრომანზე" 60 თეთრი მედო და ავტობუსში თამამად ავედი იმ განზრახვით, რომ კოლმეურნეობის მოედანზე მეტრომანს დავტენიდი. ავედი თუ არა, სალაროსკენ გავემართე, "მეტრომანი" დავადე სალაროს, მაგრამ ბილეთი ვერ ავიღე, რადგან ეკრანზე გამოჩნდა ციფრი - 30 თეთრი.

პირველსავე გაჩერებაზე, სადაც გადახდის აპარატი იდგა (არადა, ეს ავტომატი "ვარკეთილის" მეტროდან დაწყებული, მეტროსადგურ "სამგორამდე", მოსკოვის პროსპექტის გავლით, არსად არ იდგა და მონიტორინგის სამსახურის ხალხი რომ ამოსულიყო, უსიამოვნებას ნამდვილად ვერ ავცდებოდი) ჩავედი, 2 ლარიანი ჩავაგდე აპარატში, ანუ ანგარიშზე 2,3 ლარი დამიჯდა, იმავე ავტობუსში ავედი, ბილეთი ავიღე, ანუ ანგარიშზე ახლა უკვე 1,8 ლარი მქონდა და კოლმეურნეობის მოედნისკენ გავემგზავრე.

კოლმეურნეობის მოედანზე მეორე ავტობუსში გადავჯექი და ბილეთის ასაღებად სალაროსკენ გავემართე. ავტობუსის ნომერს შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან, ჯერ ერთი, დღეს იმდენად ძნელია სამსახურის შოვნა (რომლის მწარე გამოცდილება პირადად მეც და ჩემს შვილებსაც გვაქვს), რომ არ მინდა მათ პრობლემები შეექმნათ, რადგანაც მათი ქმედებები თვითგადარჩენის ინსტინქტებით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე საღი აზროვნებით და, მეორეც, ამ ნომერთან ჩემ მიმართ წრმოებული იმდენად ბინძური და უზნეო მოგონებები მაკავშირებს, რომ ზედმეტად გახსენებაც არ მინდა.

"მეტრომანი" დავადე სალაროს, თუმცა, ბილეთი ვერ დავინახე, ამიტომ ინსტინქტურად მეორედ დავადე სალაროს და თან ხელი შიგნით შევყავი, საიდანაც ბილეთი გამოდის, - ბილეთის თავი ოდნავ ჩანდა და მას ძლივს დავწვდი, მოვხიე და მექანიკურად დავხედე, - ანგარიშზე ნული ლარი და 15 თეთრი იდო.

კონდუქტორს შევძახე, ეს რა ხდება-მეთქი. კონდუქტორი მივიდა სალაროსთან, დაადო ჩემი "მეტრომანი" და მეორე ბილეთიც მომაწოდა, სადაც ასევე 15 თეთრი იყო დაბეჭდილი.

ავტობუსში ხალვათობა კი იყო, მაგრამ ათ კაცამდე მაინც იქნებოდა. ამიტომ ჩემმა შეძახილმა ყველას ყურადღება მიიპყრო. კი მაგრამ, - ხმამაღლა, ყველას გასაგონად შევძახე, - ანგარიშზე ლარი და ოთხმოცი თეთრი მქონდა და 15 თეთრი როგორ დამიტოვა, ეს რა ხდება-მეთქი?

კონდუქტორმა ისეთი შეურაცმყოფელი, დამცინავნარევი და მენტორული ტონით ყველას გასაგონად "დამისაბუთა", რომ, - "როგორ შეიძლებოდა ლარი და ოთხმოცი თეთრი მქონოდა ანგარიშზე და აპარატს 15 თეთრი ეჩვენებინა; რომ გეთქვა ლარ-ნახევარი, ან ერთი ლარი კიდევ დაგიჯერებდა კაციო, მაგრამ 15 თეთრი?", რომ სიმწრისაგან ნერვული ცახცახი ამიტყდა. არადა, მის სიტყვებში ლოგიკა ნამდვილად ჩანდა.

ამ დროს გამახსენდა, სულ ახლახან წაკითხული, ტორნტონ უაილდერის შესანიშნავი რომანი "მერვე დღე", სადაც ჯონ ეშლი ვერ ამტკიცებს თავის სიმართლეს და მთელი ცხოვრება ოჯახის გარეთ მალვაში გაატარებს. გამახსენდა დიდი ილია, რომელიც ბოლო ხუთი წელი პრაქტიკულად თავისუფლად ვერ გამოდიოდა გარეთ მის წინააღმდეგ აგორებული უბინძურესი ჭორების გამო.

ეს მაგალითები ჩემს ისტორიასთან რა მოსატანია, მაგრამ უსამართლობა და იმის განცდა, რომ შენ შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ, უსაშინლესი გრძნობაა ყველა სხვა გრძნობებს შორის და მთელი სიგრძე-სიგანით თვალწინ წარმომიდგა, თუ რა გადაიტანა ქვეყანამ მთელი ამ ჯოჯოხეთის განმავლობაში.

ამ დროს ახალი მგზავრებიც ამოვიდნენ; ერთმა ბილეთის ასაღებად "მეტრომანი" დაადო აპარატს და ბილეთი ვერ აიღო; მეორემ ასევე ვერ აიღო; მესამემ ორი ბილეთი აიღო და ამაზე უკვე ქალები აღშფოთდნენ და კონდუქტორს მიმართეს ცხელი ხაზის ნომერი მოგვეციო; კონდუქტორმა ეგერ შუშაზეა გაკრულიო; მაგრამ იქ ნომერი ვერ ამოვიკითხეთ; შემდეგ ერთ-ერთმა მგზავრმა მძღოლს მიმართა, ცხელი ხაზის ნომერი მომეციო, მძღოლმა უთხრა, მაგრამ ხაზი სულ დაკავებულს უჩვენებდა (როგორც შემდეგ მითხრეს, ეს ნომერი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ნომერი იყო და ჩვეულებრივი მგზავრი ამ ნომერზე ვერ დარეკავდა).

ეტყობა, კონდუქტორში რაღაც გრძნობამ (უფრო თვითგადარჩენის ინსტინქტმა) გაიღვიძა, მოდის და მეუბნება, რომ ჩემი ორი ბილეთიდან იგი ერთ ბილეთს გაყიდდა და ამით 50 თეთრის კომპენსირებას მაინც მომიხდენდა. მე მივეცი ბილეთი და ცოტა ხანში მან 50 თეთრი დამიბრუნა.

ამ დროს, უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში, ოთარაანთ ქვრივის რკინის ქალამნებიც გამახსენდა და ჩემი "მეტრომანი", რომლის ანგარიშზე სულ 15 თეთრი იდო, სალარო-აპარატს დავადე... და, ჰოი საოცრებავ, იმ წამსვე ბილეთი გამოსრიალდა და ბილეთის ანგარიშზე ჩემთვის სანუკვარი ციფრი - ლარი და ოთხმოცი თეთრი, გამოჩნდა... და ეს ყველაფერი კონდუქტორის და გარშემო მყოფი მგზავრების თვალწინ მოხდა.

პირველი, ვინც თვალწინ დამიდგა, ჩვენი ბრწყინვალე კომიკოსის, იპოლიტე ხვიჩიას სახე, რომელიც ფეხბურთის ბილეთს უფრიალებს თვალწინ კონტროლიორს და გაჰყვირის, - არის თუ არა ეს ბილეთი?! ამან იუმორის ხასიათზე დამაყენა, უცებ მოვეშვი და საკმაოდ ხმამაღლა და იუმორნარევი ტონით ვეუბნები კონდუქტორს, - არის თუ არა ეს ლარი და ოთხმოცი? თურმე შეიძლება ისე მოხდეს, რომ ავტომატმა 15 თეთრი აჩვენოს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე? კონდუქტორი რაღაცას ამბობდა, მაგრამ მე მას უკვე აღარ ვუსმენდი.

მერე უკვე ჩემთვის ვფიქრობდი, რომ არასდროს არ შეიძლება ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება; არ შეიძლება ადამიანი ისე დაადანაშაულო, რომ მასაც არ მოუსმინო ყურადღებით და ბოლომდე; რომ შეიძლება 1 პროცენტი მეტი იყოს 99 პროცენტზე და ა.შ.

ჩემთვის გაუგებარი ის დარჩა, თუ რატომ არ დარეკეს თავად კონდუქტორმა, ან მძღოლმა ცხელ ხაზში და რატომ არ გამოიძახეს ხელოსანი? რატომ არ დადგა კონდუქტორი სალაროსთან და რატომ არ აფრთხილებდა მგზავრებს, რომ ეს სალარო არ მუშაობდა გამართულად? ბოლოს და ბოლოს გარაჟში წასულიქო მანქანა? ესეც თავისებური საბოტაჟი ხომ არ არის, რომელიც შესაძლოა თვითგადარჩენის ინსტინქტებით იყოს გამოწვეული, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებული "ცხელი ხიფათის სუნი ასდიოდეს?"

ზყთყ ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, როცა უკვე მეათასედ გავიაზრე განცდილ-გადატანილი, უცებ თავში დამარტყა, - საბოლოოდ მე ხომ 50 თეთრი ვიხეირე ამ თავგადასავლიდან? პირველი, რაც გავიფიქრე, - იქვე ეკლესიასთან მდგარი მათხოვრებისთვის მიმეცა ეს ფული, მაგრამ მერე ვიფიქრე, იქნებ ეს ღმერთის მინიშნებაა, რომ ყველა შემთხვევაში ბრძოლას აზრი აქვს და იგი საბოლოოდ აუცილებლად დაჯილდოვდება?

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×