ჩრდილოკავკასიელმა მეამბოხეებმა უახლოეს პერიოდში ახალი ლიდერი უნდა აირჩიონ. ერთი კვირაა გასული, რაც რუსეთის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი მეამბოხეების ჯგუფის, "კავკასიის იმარატის" მეთაური ალიასხაბ კებეკოვი, იგივე ალი აბუ მუჰამად ად-დაღესტანი მოკლეს.
პოლიტოლოგები ახალ ლიდერს დიდი ინტერესით ელოდებიან, რადგან აცხადებენ, რომ ამის შემდეგ გამოჩნდება, გაძლიერდება თუ არა კავკასიაში რადიკალური ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ხალიფატის", იგივე "ისის"-ის გავლენა, რაც რეგიონში უფრო სისხლისმღვრელი ამბების მაუწყებელად მიიჩნევა.
გარდა ამისა, ასევე ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფება "თალიბანმა" და "ისლამურმა სახელმწიფომ" ერთმანეთს ომი გამოუცხადეს. ცნობები ამის შესახებ ავღანეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა, რომელსაც "თალიბანისა" და "ისის"-ის შიდა დოკუმენტები ჩაუვარდა ხელში.
როგორ იმოქმედებს ეს ფაქტი ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეებზე, რომელთა შორისაც როგორც "ისლამური სახელმწიფოს" შეფიცულები, ასევე "თალიბანის" მომხრეებიც არიან?
ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ კებეკოვის ლიკვიდაციის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში "ისის"-ის გავლენა გაძლიერდება, რადგან "კავკასიის იმარატის" დაღესტნელი საველე მეთაურების ნახევარი და ასევე ჩეჩენი მეთაურების ნაწილი უკვე "ხალიფატის" შეფიცულია, მათ "იმარატზე" გავლენა ისევ შენარჩუნებული აქვთ და ახალი ლიდერი "ხალიფატის" მიმართ ლოიალური ნიშნით შეირჩევა.
თუმცა, ექსპერტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პირიქით, ვინც უკვე ხალიფატის შეფიცული გახდა, ის ახალი ემირის არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად, სწორედ ხალიფატის მიმართ არაკეთილგანწყობილი ლიდერი აირჩევა მეთაურად.
ერთ რამეში ყველა მიმომხილველი თანხმდება - "კავკასიის იმარატი" მწვავე კრიზისს განიცდის და დაჯგუფების შიგნით განხეთქილებაა.
განხეთქილება კი "კავკასიის იმარატის" რიგებში სირიასა და ერაყში მოქმედი ტერორისტული ირგანიზაცია "ისლამური ხალიფატის" გამოა. როგორც ცნობილია, "იმარატის" მოკლული ლიდერი კებეკოვი ჩრდილოეთ კავკასიაში "ხალიფატის" ტრიუმფალური სვლის შემაკავებელ პირად მიიჩნეოდა. მის დროს "იმარატსა" და "ისის"-ს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო, რადგან კებეკოვი კიცხავდა მათ პრაქტიკას, როგორც შარიათის საწინააღმდეგოს.
კებეკოვის მოღვაწეობა დაიწყო იმით, რომ დაგმო ჯიჰადი, მსხვილი ტერორისტული აქტები და ამბოხებულების მთავარ მიზნად მხოლოდ ძალოვანების წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევდა. მის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტების რიცხვი შემცირდა. ამის გამო რამდენიმე ახალგაზრდა საველე მეთაურმა მასთან ფიცი გაწყვიტა და "ხალიფატის" შეფიცლული გახდა.
კებეკოვის მოწოდებისაგან განსხვავებით, "ისის"-ი ძალიან რადიკალური მოქმედებების მომხრეა. კებეკოვს კი ამ ნაკლებად რადიკალიზმში ძველი თაობის მეთაურები უჭერდნენ მხარს.
ამიტომაც რუსულ საექსპერტო წრეებში მიიჩნევა, რომ კებეკოვის შემცვლელი მისივე იდეების გამტარებელი იქნება, ისეთი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად "ისის"-თან დაპირისპირებასაც გააგრძელებს.
"იმარატის" მეთაურობის პრეტენდენტებად ორი პირი სახელდება, ერთი გახლავთ გამორჩეული ფიგურა, ჩეჩენი საველე მეთაური ასლამბეკ ვადალოვი, რომელსაც დოკუ უმაროვის სიკვდილის შემდეგ კებეკოვმა "ემირის" როლი დაუთმო; მეორე კი კებეკოვის "შარიათის სწავლების თანაკურსელი" მაგომედ სულეიმანოვი - მეამბოხეთა შარიათის მოსამართლე და დაღესტნელი ლიდერი.
ვადალოვი ამბოხებულების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა, თუმცა, დღეს იმარატში წამყვან ძალას არა ჩეჩნები, არამედ დაღესტნელები წარმოადგენენ და ამდენად სულეიმანოვს გამარჯვების მეტი შანსი აქვს.
კავკასიის საკითხებში ექსპერტ ალეკო კვახაძის განცხადებით, ალიასხაბ კებეკოვის ლიკვიდაციამ "კავკასიის იმარატი" დაასუსტა.
"ის დაღესტნელებს შორის განთქმული ლიდერი იყო, რომელიც ისლამური სამართლისა და ყურანის ძალიან დიდი ცოდნით გამოირჩეოდა. ის ასევე გამოდიოდა "კავკასიის იმარატის" რეფორმირების იდეით. მისი ინიციატივა იყო თავის აფეთქების აკრძალვა, ასევე აკრძალა ოპერაციების იმ ტერიტორიებზე ჩატარება, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იყო და სწორედ ამიტომ მას "იმარატის" რადიკალური ნაწილი დაუპირისპირდა და ეს ნაწილი "ისის"-ში გადავიდა", - ამბობს კვახაძე.
მისი თქმით, მაქსიმუმ ორ კვირაში გვეცოდინება ახალი ამირის ვინაობა და ვინც "ისლამური სახელმწიფოს" შეფიცული გახდა, ისინი ახალი ამირის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"ასეთი საველე მეთაურების რაოდენობა დიდია, დაახლოებით ნახევარზე მეტი. დღეს ვინც "კავკასიის იმარატში" დარჩა, ისინი "ისის"-ის მოწინააღმდეგეები არიან. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ "იმარატის" რიგებში დარჩენილ მებრძოლთა უდიდესი ნაწილიც სირიაში იმყოფება და არა კავკასიაში.
"კებეკოვის შემცვლელი ისევ იმ იდეების გამტარებელი იქნება, რაც კებეკოვი. კებეკოვის შემცვლელად ორი კანდიდატურა მოიაზრება. ერთია დაღესტნელი შეიარაღებული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და შარიათული სასამართლოს მოსამართლე აბუ უსმან სულეიმანოვი, მეორე კი ჩეჩენი მებრძოლი ჰამზათ ბუტიკაევი, რომლის დაჯგუფება ყოველთვის ყველაზე რთულ დავალებას ასრულებდა. ასევე განიხილება ვინმე სირიაში მყოფი რუსტან მეჟიევის დანიშვნის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ნაკლებად რეალურად მიმაჩნია, რადგან ის სირიიდან დისტანციურად მართვას ვერ მოახერხებს," - აღნიშნავს კვახაძე.
"კავკასიური სახლის" აღმასრულებელ დირექტორ გიორგი კანაშვილის თქმით, ის, რომ რამდენიმე ხნის წინს "ხალიფატმა" და ასევე ექსტრემისტულმა მოძრაობა "თალიბანმა" ერთმანეთს ომი - ჯიჰადი გამოუცხადეს, ეს დაპირისპირება ჩრდილოეთ კავკასიაშიც გაგრძელდება, რადგან "თალიბანს" იმარატის რაღაც ნაწილზე გარკვეული გავლენა აქვს, მეორე ნაწილზე გავლენა კი "ისის"-საც გააჩნია.
მისივე განმარტებით, თუკი ეს დაპირისპირება კავკასიაშიც გადმოვა, ლიდერებისა და ფინანსურ კრიზისში მყოფი "იმარატი" კიდევ უფრო დასუსტდება. ხოლო რადგანაც "იმარატის" საველე მეთაურების დიდი ნაწილი დღეს ისედაც "ისის"-ის შეფიცულია, დასუსტებული კავკასიელი ამბოხებულები სწორედ "ისის"-ის გავლენის ქვეშ გადავლენ და კავკასიაში "ისლამური ხალიფატის" გაძლიერებაა მოსალოდნელი.
გიორგი კანაშვილი: "კავკასიის იმარატი" დღეს დასუსტებულია, რაც ძირითადად განპირობებულია იმარატის მებრძოლების უმეტესობის ახლო აღმოსავლეთში საომრად წასვლით, ასევე რაღაც ნაწილი უკრაინაშია წასული, რაღაც ნაწილი კი განადგურდა. სოჭის ოლიმპიადამდე რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან პროაქტიული სამხედრო პოლიტიკა გაატარა და იმ დროსაც ბევრი მებრძოლი დაიღუპა. ამდენად, "იმარატი" დასუსტებულია, თუმცა, რაღაც ტიპის დაპირისპირებები იქნება, იმიტომ, რომ იგივე "ისის"-სა და "თალიბანს" შორისაც დაიწყო დაპირისპირება, "თალიბანს" კი "იმარატზე" გარკვეული გავლენა აქვს.
"დაპირისპირება რაღაც მასშტაბით კავკასიაშიც აისახება და კრიზისში მყოფი ჩრდილოეთ კავკასიის ამბოხებულთა მოძრაობის კიდევ უფრო დასუსტება მოხდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროცესებმა შესაძლოა სხვა შედეგები მოიტანოს. გააჩნია, "ისის"-ს რა ბედი ეწევა. თუკი ეს ორგანიზაცია რაღაც პერიოდში არ განადგურდა, შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაშიც "ისის"-ის ძალები გაძლიერდნენ იქიდან გამომდინარე, რომ აქვთ მეტი ფინანსური რესურსი, უკეთესი წვრთნის გავლის საშუალება და ა.შ.", - ამბობს კანაშვილი.
მისივვე თქმით, დაპირისპირება იქნება, მაგრამ ამის შედეგად რაც უნდა მივიღოთ, ის ძალა ოპერირებას ისევ ჩრდილოეთ კავკასიაში გააგრძელებს. ამ მიმართულებით რაღაც ძალიან რადიკალურ მოვლენებს არ ელოდება.
ალეკო კვახაძის თვალსაზრისით, "თალიბანსა" და "ისის"-ს შორის გამოცხადებული ჯიჰადის გამო დაპირისპირება ავღანეთში იქნება, მაგრამ კავკასიაში მოვლენებზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, რადგან კავკასიაში არც "ისის"-ისა და არც "თალიბანის" პოზიციები ძლიერი არ არის. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, რუსულ სპეცსამსახურებთან მოწინააღმდეგის "ჩაშვება" და ამით კონკურენტის მოცილება.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც "კავკასიის იმარატი" ორად გაიხლიჩა და ნაწილი "ისლამურ სახელმწიფოს" მიემხრო, ამ ორ დაჯგუფებას შორის იდეოლოგიური დაპირისპირება მიმდინარეობს. ამან ჩრდილოეთ კავკასიაში პარტიზანული ბრძოლები დაასუსტა და საერთოდ ტენდენციაა, რომ კავკასიიდან მებრძოლების სირიასა და ერაყში გადინება ხდება, რასაც რუსეთი მაინცდამაინც ხელს არ უშლის, იმიტომ, რომ ამით პრობლემებს იგვარებს.
კებეკოვის მოკვლამ რომ მეამბოხეთა რიგებში დისონანსი შეიტანა, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ გამოიწვევს თუ არა ეს ამბოხებულების ძირითადი მასის "ისის"-ის გავლენის ქვეშ გადასვლას, ამაზე ვერც რუსი ექსპერტები საუბრობენ ერთმნიშვნელოვნად.
ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ვოლგა-ურალის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კვლევის ცენტრის მეცნიერი, პროფესორ მიხეილ როშინის თქმით, კებეკოვის სიკვდილის შემდეგ გაიზრდება თუ არა რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" გავლენა, ჯერ გაურკვეველია. საერთოდ, "ისლამური სახელმწიფო" კავკასიას მიაქცევს თუ არა ყურადღებას - ზოგადად, ეს კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება, რადგან "ისლამურ ხალიფატს" დღეს საქმე არც ისე მარტივად აქვს.
მისგან გასხვავებით, "ისლამური სახელმწიფოს" გავლენის გაძლიერებას და ჩრდილოეთ კავკასიაში სისხლიან ამბებს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს.
"ხალიფატი" ალბათ შეძლებს "კავკასიის იმარატის" დამორჩილებას და ეს კავკასიაში დაძაბულობას გაზრდის. სადაც "ისის"-ი გამოჩნდა, ნახეთ, რა სიტუაციაც გამოიწვია. "ხალიფატი" იატაკქვეშა მოქმედებებს საქართველოში ახლაც ეწევა, მაგრამ ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულან. კავკასიაში გაძლიერების შემდეგ კი უფრო აქტიურ მოქმედებებს დაიწყებენ. არ გამოვრიცხავ, რომ კავკასიაში სისხლიანი ამბები დაიწყოს," - აცხადებს მაისაია.
რუსეთის ეთნო-პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი აჰმედ იარლიკაპოვი აცხადებს, რომ "კავკასიის იმარატს" "ისის"-ისათვის წინააღმდეგობის გაწევა გაუძნელდება და პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში "კავკასიის იმარატის" წევრებსა და "ისლამური ხალიფატის" ერთგულ მომხრეებს შორის სერიოზული კონფლიქტი იქნება.
ალეკო კვახაძის თქმით, "იმარატსა" და "ისის"-ს შორის არსებული კონფლიქტი გაგრძელდება, მაგრამ ეს არ იქნება სისხლიანი შეტაკებები, არამედ იქნება ისევ იდეოლოგიური მტრობა.
"ისის"-ი დაინტერესებული არ არის, კავკასიაში დაფუძნდეს და რესურსი აქ გადმოისროლონ, მათ კავკასიელები, როგორც მებრძოლი ძალა სირიასა და ერაყში სჭირდებათ. მით უმეტეს, უახლოეს მომავალში ქალაქ მოსულისთვის ძალიან დიდი ბრძოლები იქნება. ერაყის ჯარი და ქურთების დანაყოფი "ფეშმერგა" კოალიციურ ავიაციასთან ერთად "ისის"-ის მიერ კონტროლირებად ამ ორმილიონიან ქალაქს შეუტევენ და ამდენად, "ხალიფატს" ცოცხალი ძალა სჭირდება.
"ამიტომ ჩდრილო კავკასიაში იქნებიან "ისის"-ის წარმომადგენლები და მომხრეები, მაგრამ სირიასა და ერაყში რეკრუტირების და არა ჩდრილოკავკასიაში მოძრაობის გაძლიერების მიზნით.
"ისის"-ში გადასულ "იმარატის" მებრძოლებსა და ამჟამინდელ "იმარატის" მებრძლებს შორის დაპირისპირებაც ძნელია, რადგან "ეფესბე" ამ ძალებს ძალიან აკონტროლებს. სირიაში "ისის"-ი რაღაც ტერიტორიებს აკონტროლებს და მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირება შესაძლებელია, ჩრდილოკავკასიაში კი ეს შეუძლებელია. ვიდეოების გაცვლა-გამოცვლა და იდეოლოგიური კინკლაობა იქნება, ასევე სპეცსამსახურებთან "ჩაშვებაც", შეიარაღებული დაპირისპირება კი შეუძლებელია," - აღნიშნავს კვახაძე.