ექსპერტები პრემიერის შეცვლას ან რიგგარეშე არჩევნებს პროგნოზირებენ
ეკატერინე ბასილაია
29.04.2015

 სამთავრობო კაბინეტი პრემიერ ღარიბაშვილის გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გარემოს დაცვის მინისტრმა დატოვა. კიდევ ერთი მინისტრის წასვლა და პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება, თუმცა, პოლიტოლოგების განცხადებით, პროცესი არა რომელიმე რიგითი მინისტრის, არამედ თვით პრემიერის შეცვლისკენ მიდის და ამ მთავარი ცვლილების განხორციელება ახლა მხოლოდ დროის ამბავია.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობაში საკადრო გადაადგილებები დემოკრატიული, მუშა პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერიაო, მედიაში მაინც დაიწყო იმაზე მსჯელობა, ვინ იქნება შემდეგი მინისტრი, ვინც თანამდებობას დატოვებს და საერთოდ, რას მოიტანგს მინისტრების ცვლილება საბოლოოდ.

ვინ იქნება შემდეგი? ვარაუდია, რომ მეშვიდე იქნება ან სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელსაც სპორტის საპარლამენტო კომიტეტი უპირისპირდება, ან სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რომელიც ღარიბაშვილის გუნდიდან დარჩენილ ბოლო მინისტრად მიიჩნევა.

თუკი კიდევ ერთი მინისტრი შეიცვლება, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება, დღეს 87-კაციან საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმები აქვს, რომ მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადება შეძლოს, თუმცა პოლიტოლოგები მაინც სხვა პროცესებს პროგნოზირებენ.მათი თქმით, ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომა ღარიბაშვილის გუნდის შესასუსტებლად გადადგმული ნაბიჯია, რადგან ხოკრიშვილი ზვიად ჯანყარაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ამჟამად გრძელდება ის პროცესი, რომელიც ნახევარი წლის წინ დაიწყო - მოქმედ პრემიერთან დაახლოებული მინისტრების ჩანაცვლება ბიძინა ივანიშვილის კადრებით. ამ ჩანაცვლებას კი, პოლიტოლოგთა წინასწარმეტყველებით, შესაძლოა თავად პრემიერი ღარიბაშვილის სავარძელიც კი შეეწიროს.

უფრო მეტიც, არის მოსაზრება, რომ შესაძლოა პარლამენტმა ახალი კაბინეტის დამტკიცება ვადამდელი არჩევნების დასანიშნადაც გამოიყენოს, რადგან ლარის დევალვაციის გამო ხელისუფლებამ რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა განახორციელოს.

ცნობისათვის, ღარიბაშვილის გარემოცვის წევრებმა თანამდებობის დატოვება გასული წლის დეკემბერში დაიწყეს და მაშინ თითქმის ყველა მათგანი თანამდებობიდან სახლში საკუთარი სურვილით წავიდა. პირველი იყო პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი, რომელიც ღარიბაშვილის სიმამრის დისშვილია. მას შემდეგ თითქმის ორ დღეში საკმაოდ ბევრი მაღალი თანამდებობის პირი მიჰყვა.

თანამდებობიდან გადადგა ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელიც; ასევე სახლში წასვლა გადაწყვიტა რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი ჩხენკელმა; შსს-ში შეიცვალა რამდენიმე დეპარტამენტის უფროსი, ვინც, ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნდობით აჭღურვილ პირებად მიიჩნეოდნენ; გადადგა გურიის გუბერნატორი; თანამდებობა დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, რომელიც "ქართუ" ბანკის პრეზიდენტმა, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა ნოდარ ჯავახიშვილმა შეცვალა, რომელიც ერთი კვრის წინ ამავე სამინისტროს პირველ პირად დაინიშნა.

მაშინ პოლიტოლოგებმა ეს ჯგუფური "სახლში წასვლა" ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ღარიბაშვილის "დასჯად" და "საჯარო შეურაცხყოფად" შეაფასეს და ასევე დააანონსეს, რომ ეს გათავისუფლება მხოლოდ დასაწყისია და რომ კიდევ ბევრს და მათ შორის მინისტრებსაც მოუწევდათ განცხადებების დაწერა.

ღარიბაშვილის გარემოცვის მინისტრების თანამდებობიდან წასვლა წელს დაიწყო. იანვრის ბოლოს გადადგა პრემიერის სიმამრის ნათლული ალექსანდრე ჭიკაიძე და მის ნაცვლად ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. დაახლოებით ერთი კვირის წინ თანამდებობიდან წავიდა პრემიერის კადრი დავით შავლიაშვილი და ის ივანიშვილის კადრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა.

გუშინ კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. წასვლის მიზეზად კი საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახთან ყოფნის აუცილებლობა დაასახელა.

"ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად," - აღნიშნულია ხოკრიშვილის განცხადებაში.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ჩვენ 21 მინისტრი გვყავს და მეექვსე მინისტრის შეცვლის გამო მთავრობის ნდობის საკითხი ამ ეტაპზე არ დადგება. კიდევ ერთი მინისტრის ცვლილებაა საჭირო. ახალ მინისტრთა კაბინეტს კი ნდობის გამოცხადებისათვის მთლიანი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 76 ხმა სჭირდება და დღევანდელ უმრავლესობას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცოს. სხვა საკითხია, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"სხვა სქემის განხილვაც შეგვიძლია, შესაძლოა პრემიერი გადაგეს და პროცედურები თავიდან დაიწყება. მთავარია, დღევანდელი უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას რამდენად საჭიროდ თვლის. ჩემი რწმენით, იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე უფრო სტაბილური გახდეს, სჯობს, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. საკმაოდ რთული ვითარებაა და მომავალში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება უფრო გართულდება, რამაც შესაძლოა 2016 წელს პოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით საკმაოდ სახიფათო გარემო შექმნას. თუკი ვადამდელი არჩევნებისკენ წასვლას აპირებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინისტრი დატოვებს თანამდებობას, შეიძლება იყოს ყიფიანი," - აღნიშნავს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი პარლამენტმა ახალ მინისტრთა კაბინეტს მხარი ორჯერ არ დაუჭირა, ამის შემდეგ პრეზიდენტი წარადგენს მთავრობას, სადაც კანდიდატები უმრავლესობის ფრაქციებიდან უნდა შეირჩეს. ამ შეთავაზების არმიღების შემდეგ კი პრეზიდენტი ვალდებულია, რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნები დანიშნოს და გამოცხადებიდან ორ თვეში არჩევნები ჩატარდეს.

ძაბირაძე აცხადებს, რომ ამ პროცესების დასაწყისიდან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გამოცხადებამდე მისვლას დაახლოებით ორ თვე სჭირდება, პლუს ორი თვე არის არჩევნების გამოცხადებიდან ჩატარებამდე საჭირო და თუკი უმრავლესობას გეგმაში ვადამდელი არჩევნები აქვს, კიდევ ერთი მინისტრი მაის-ივნისში უნდა შეიცვალოს.

"მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის" თავმჯდომარე გია ნოდიას თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ მთავრობა ღარიბაშვილის კადრებისაგან იცლება და თანამდებობებს ივანიშვილის კადრები იკავებენ.

გია ნოდია: "როგორც შორიდან ჩანს, ივანიშვილი ღარიბაშვილით უკმაყოფილოა, მაგრამ არ უნდა, ამან მკვეთრი კონფლიქტის სახე მიიღოს. ჩაფიქრებული აქვს თუ არა ივანიშვილს ღარიბაშვილის შეცვლა, ამაზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვით, თუმცა რაღაც ისე ჩანს, რომ ივანიშვილს ეს სურს, მაგრამ უნდა ეს შედარებით რბილად გაკეთდეს. ამიტომაც თუ ახალი კაბინეტის ნდობის საკითხი დადგება, შესაძლოა ეს მომენტი გამოიყენოს და ღარიბაშვილი შეცვალოს. ეს არის ერთი შესაძლო სცენარი. თუკი ეს ჩაფიქრებულია, უახლოეს თვეში უნდა მოხდეს. თუკი ღარიბაშვილის შეცვლა არ იგეგმება, პარლამენტში უმრავლესობას აქვს საკმარისი ხმები, ეს ვნახეთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს და ამდენად უმრავლესობას ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად ხმების მობილიზაცია შეუძლია."

ვინ შეიძლება იყოს მეშვიდე მინისტრი, ნოდია ამბობს, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აქ ისაა, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილითაა უკმაყოფილო.

"ღარიბაშვილის შემცვლელი შეიძლება იყოს ჯავახიშვილი, სერგეენკო ან სხვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ "ქართუდან" და ივანიშვილის წრიდან გამოსული ადამიანი იქნება," - დასძენს ნოდია.

"საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, რომლის დასასრული აუცილებლად პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომით დასრულდება.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის დელეგიტიმაციის იმ პროცესის დასასრულის მომსწრენი ვართ, რომელიც დეკემბერში დაიწყო, როდესაც მის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი კადრების გათავისუფლების პირველი ტალღა ვიხილეთ და ახლანდელი შეცვლა ამ პოცესის ლოგიკური გაგრძელებაა.

მისი თქმით, ვხედავთ, რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებული ყველა მინისტრი ტოვებს თანამდებობას, დარჩენილია მხოლოდ ოთარ დანელია.

"მაშინვე ვამბობდით, რომ ეს ასე არ დასრულდებოდა და ღარიბაშვილთან დაკავშირებული ყველა მინისტრი დატოვებდა თანამდებობას. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული კი თავად ღარიბაშვილის გადადგომა იქნება. რეალურად უფლებების გარეშე დარჩენილი პრემიერი, რომელსაც გუნდის ყველა წევრს უხსნიან, მთავრობისთვის არც ფორმალური და არც არაფორმალური ლიდერი აღარ არის. ასევე ძალიან საინტერესო იყო წინა კვირას თინა ხიდაშელის ინტერვიუ, სადაც ის ამბობდა, რომ ხელისუფლებას უფრო გამოცდილი და გაწონასწორებული პრემიერი სჭირდება, ვიდრე ღარიბაშვილიაო. ამდენად ჩვენ ღარიბაშვილის გადადგომას ვიხილავთ. მგონია, რომ ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილი საკითხია. ეს რამდენად მალე მოხდება, რთული სათქმელია, მაგრამ ბევრი რამ ლარის კურსზეც იქნება მიბმული. თუკი ლარის გაუფასურება გაგრძელდა, ეს მსხვერპლშეწირვას მოითხოვს და ეს მსხვერპლი პრემიერი იქნება. თუკი ლარი ძალიან გაიქცა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასაც არ გამოვრიცავ. ხელისუფლების დროებითი გადარჩენის ერთადერთი გზა შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნები იქნება", - აღნიშნავს ლაგაზიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×