ელზა პაპოშვილი
30.04.2015

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში სწორი გამოსავალი იქნება, ხელისუფლებაში დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება და ხალხი ახალ ხელისუფლებას არ აირჩევს.

უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): ამ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში გართულებულია პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის დაბუნება საჭიროა. მე მივესალმება მის დაბუნებას, რადგანაც ის იყო კაცი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი დაამხო და ქვეყნიდან გააძევა.

იქიდან გამომდინარე, რომ მას ერთი წუთით არ გაუწყვეტია ურთიერთობა სამთავრობო გუნდთან, ვფიქრობ, არ არის გამორიცხული, ისიც ფიქრობდეს უკან დაბუნებაზე. თუ ის უკან არ დაბუნდება, არის იმის საშიშროება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი წინა მთავრობიდან კვლავ აქტიურ პოლიტიკაში მობრუნდება. ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას, მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მიესალმება.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): არ ვიცი, რამდენად მოინდომებს თავად ბიძინა ივანიშვილი კვლავ უკან დაბრუნებას, მაგრამ იმ სიტუაციაში, რაც ახლა საქართველოშია, ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მე ამას მივესალმები, რადგანაც რეალურად მეცოდინება, რომ არის კაცი, რომელიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ცალსახად აიღებს. მას ბევრი კარგი აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. მართალია, მეც ხშირად მის წინააღმდეგ უკიდურეს განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ მძიმე მდგომარეობით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

მისი მობრუნება სჯობს იმ სიტუაციას, რაც ახლა ხდება. ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა მამაძაღლური ნათესაური კლანი მთელ ხალხს უკვე ყელზე დაადგა. ქუჩაში ამის გამო არავინ მდგარა, რომ ჯანყარაშვილების კლანისთვის გვეყურა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): რა თქმა უნდა, ასეთ ფარულ მმართველობას, რასაც ივანიშვილი ახლა ახორციელებს, ბევრად სჯობს პოლიტიკაში ღიად შემოვიდეს. თუმცა ახლაც ფაქტიური მმართველი ივანიშვილია. ის მაფიოზური სტილის მმართველია და მისი უკან დაბუნებით თუკი რამე შეიცვლება, კი ბატონო, დაბრუნდეს.

მაგრამ მე მგონია, რომ თავის მიერ გაფუჭებულ საქმეს კიდევ უფრო გააფუჭებს. მის უკან დაბრუნებაში რაიმე გამოსავალს ვერ ვხედავ. არ მგონია, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამს. მაშინ პოლიტიკიდან არ წავიდოდა. ივანიშვილი ახლა უფრო მომგებიან სიტუაციაშია.

 გიგი თევზაძე  (ფილოსოფისი და ფსიქოლოგი): მე არ ვიცი, ივანიშვილის უკან დაბრუნება რას გამოასწორებს, ან რა მიზანი ექნება. როგორც ყველამ ვიცით, ის ისედაც არსად წასულა - ხელისუფლების ფაქტიური მმართველია.

შესაბამისად საზოგადოებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება? თუმცა სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისით თუ მივუდგებით, ყველაზე მეტად ივანიშვილის უკან დაბრუნება მომგებიანი "ქართული ოცნებისთვის" იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×