მოსაზრება
30.04.2015

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის 30 თვის განმავლობაში აშკარად იცავს მსხვილი მეწარმეების, განსაკუთრებით კი ბანკირების არცთუ მთლად სამართლიან ინტერესს და აბსოლუტურად იგნორირებულია მცირე მეწარმეები მოთხოვნა. დავასახელებთ მხოლოდ 2 ფაქტს.

ხელისუფლებას ჩვენი მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, დღემდე არ აღუდგენია 2006 წელს უკანონოდ გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და ამ კანონთან მიბმული "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი". შესაბამისად, მსოფლიოში 90%-ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობა საქართველოში 9 წელიწადია გამოცხადებულია კანონგარეშედ. მსხვილი მეწარმეების სასარგებლოდ გატარებული აშკარად მონოპოლისტური პოლიტიკის გამო, გამორიცხულია მცირე მეწარმეებმა კონკურენცია გაუწიონ მსხვილებს და ისინი განწირულნი არიან.

ამის შემდეგ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ახლახან ხელისუფლების კრიტიკით გამოვიდნენ არა აშკარად დაჩაგრული მცირე მეწარმები, არამედ მთავრობის მიერ გალაღებული მსხვილი მეწარმეები, მაგალითად, ფადი ასლი, თემურ ჭყონია და მამუკა ხაზარაძე. როგორც იტყვიან, ახია ამ ხელისუფლებაზე!

არადა ხელისუფლებასთან საკრიტიკო თუ ვინმეს აქვს, უპირველეს ყოვლისა, კანონგარეშედ გამოცხადებულ და უფლებააყრილ 1 მილიონზე მეტ ქართველ მცირე მეწარმეს, რომლებიც 18 წელიწადია ამაოდ ითხოვენ 1997 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის დამაქცევარი საგადასახადო კოდექსის გაუქებას. აშკარად დისკრიმინაციული კოდექსით ჩარჩენილი ვართ მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ადამ სმიტისეული "ველური კაპიტალიზმის" ეპოქაში, სადაც მცირე და მსხვილი მეწარმეები ერთნაირად იბეგრებოდნენ. ასეთი "ველურობა", საქართველოს გარდა, დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ამ საგადასახადო კოდექსით საქართველოში მსხვილი მეწარმეები, განსაკუთრებით კი ბანკირები, ყოველდღიურად უზომოდ მდიდრდებიან და მცირე მეწარმეები კი კიდევ უფრო ღატაკდებიან.

ჯერ კიდევ 2001 წლის გაეროს ოფიციალურ დოკუმენტებში (გვ. 23-24) ჩაწერილია საქართველოსადმი გაწერილი ვალდებულებები, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაამუშაოს მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი საკუთარი სტრატეგიული, ეკონომიკური, საგადასახადო მოდელი და მცირე მეწარმეობაზე 3-5 წლით შემოიღოს საგადასახადო მორატორიუმი.

უფრო მეტიც, დღევანდელი განულებული მცირე მეწარმეობა განულებული დარჩება 2020 წლამდე და ეს ჩაწერილია საქართველოს მთავრობის მიერ დამუშავებულ ოფიციალურ დოკუმენტში "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია" (2013-2020 წ.წ.), რომელიც მოიცავს 85 გვერდს და 79-ე გვერდზე მცირე მეწარმეობა არაფრისმთქმელი სიტყვებით მოხსენებულია მხოლოდ 2 წინადადებით. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლამდე ხელისუფლება მცირე მეწარმეობის განვითარებას, ანუ მოსახლეობის დასაქმებას სტრატეგიულადაც კი არ განიხილავს.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დასაქმებისათვის შეპირებული სამთავრობო პროგრამები, როგორიცაა "60 გადამამუშავებელი ქარხანა", "აწარმოე საქართველოში", "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში", რომლებიც მთლიანად ეფუძნებიან იურიდიულად არარსებულ მცირე მეწარმეობას, ბლეფია და არც ერთი არ შესრულდება. ამის შესახებ მრავალჯერ დავწერეთ გაზეთ "რეზონანსში". ხელისუფლება კი კვლავ სირაქლემას პოზაშია.

"ქართული ოცნება" ნაღდად დაწყევლილია მცირე მეწარმეობის მხრივ ძველი ებრაული წყევლით: არც შენი იცოდე და არც სხვას უსმენდეო. ხელისუფლებაში ყოფნის 30 თვის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" აშკარად დაადასტურა, რომ მცირე მეწარმეობაზე წარმოდგენაც კი არ აქვს, პროგრამის მსგავსი არაფერი გააჩნია და 2020 წლამდე განვითარების 7-წლიანი სამარცხვინო სტრატეგია ჩამოყალიბებული აქვს მხოლოდ 2 წინადადებით. ამ დროს 1998 წელს დაარსებულ და დღემდე აქტიურად მოქმედმა ჩვენს ასოციაციას, რომლის წევრებს მცირე მეწარმეობის პრობლემურ საკითხებზე ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული გვაქვს 500-ზე მეტი პუბლიკაცია (მათ შორის, ბოლო 30 თვის განმავლოაბში მარტო "რეზონანსში" დაახლოებით 30), დამუშავებული აქვს აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული მცირე მეწარმეობის კონკრეტული პროგრამა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე "საქპატენტიდან" მივიღეთ 7 საავტორო მოწმობა, ახალ ხელისუფლებას ამაოდ გავუგზავნეთ 20-ზე მეტი ოფიციალური წერილი. ამ წერილებში ვითხოვდით, ხელისუფლებას მოესმინა და განეხილა ჩვენი ეს მართლაც გამორჩეული პროგრამები, რომელთა მხარდაჭერის შემთხვევაში ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმუმ 5 წელიწადში საქართველოში გადავჭრით და მოვაგვარებთ მცირე მეწარმეობის, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის 4 უდიდეს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემას.

ხელისუფლებას შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს იქნება მცირე მეწარმეობის განვითარების ნამდვილი 5-წლიანი სტრატეგიული და არა მისეული ნახევარგვერდიანი იმიტაციური პროგრამა, რომელიც გაიწერება მინიმუმ 100 გვერდზე!

სამწუხაროდ, ხელისუფლება დღემდე უარზეა და ამით ის ეკონომიკურ ხარაკირს იკეთებს, რომელიც მალე გადაიზრდება პოლიტიკურ ხარაკირში. აქვე "ქართულ ოცნებას" გვინდა შევახსენოთ ერთი დაუწერელი კანონი, რომელიც მსოფლიო ანალოგის შესაბამისად საქართველოშიც ყოველთვის წარმატებით მუშაობს: ვინც მიდის მცირე მეწარმეობის, ანუ მოსახლეობის დასაქმების წინააღმდეგ, ის მიდის ხელისუფლებიდან. რატომღაც "ქართული ოცნება" თავისი ნებით სწორედ ამ გზას დაადგა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×