ვაშლოვანში ლეოპარდი 2008 წლის შემდეგ არ გამოჩენილა, "ეს მხოლოდ დროის საკითხია" - ამბობენ გარემოსდამცველები
თაკო მათეშვილი
30.04.2015

 წითელ წიგნში შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი ერთ-ერთი უიშვიათესი და ულამაზესი ცხოველის, ლეოპარდის (ჯიქის) აღმოჩენა საქართველოში ვერ ხერხდება. სახელმწიფოსა თუ სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსებული კვლევა სისტემატიურად მიმდინარეობს, სპეციალისტები ატარებენ საველე სამუშაოებს, აგებენ ფოტოხაფანგებს, თუმცა 2008 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც იგი ვაშლოვანის ნაკრძალში უკანასკნელად დააფიქსირეს, კვალი აღარ ჩანს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ იშვიათი სახეობის საქართველოში ბინადრობა ქვეყანას ტურიზმის მხრივ შემოსავალს მოუტანდა, თუმცა ჯიქების ხელოვნურად გამრავლებას არ მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში იგი ჩვენთან კავკასიიდან თავისით შემოვა.

როგორც ვიკიპედია გვეუბნება, ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera Pardus) - მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადენელია. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია და წარსულში აფრიკასა და აზიაში ფართოდ იყო გავრცელებული.

მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანტერა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იგი სხვა ლეოპარდებთან შედარებით მეტად აგრესიულია. ასევე არსებობს თეთრი, ალბინოსი ლეოპარდიც.

როგორც მკვლევარები ამბობენ, კავკასიაში რამდენიმე ლეოპარდი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბინადრობს. სომხეთში - ერთი მდედრი, ერთი მამრი და ერთი ბოკვერი, ხოლო აზერბაიჯანში - შედარებით მეტი. რაც შეეხება ირანს, სპეციალისტების თქმით, აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა - რამდენიმე ათეულია და კიდევ უფრო მრავლდებიან.

საქართველოში ლეოპარდის აღმოჩენა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ "ნაკრესს" უკავშირდება. ერთი ინდივიდი 1954 წელს საგურამოს ქედზე, სოფელ წნელთან იქნა მოკლული. მას მერე საქართველოში ლეოპარდის არსებობის სარწმუნო ცნობები აღარ მოიპოვებოდა. თუმცა 90-იან წლებში ცენტრის წევრების მიერ მოგროვდა რამდენიმე ზეპირსიტყვიერი გადმოცემა "დიდი კატისმაგვარი ცხოველის" ხევსურეთში არსებობის შესახებ.

როგორც "ნაკრესის" საიტზეა აღნიშნული, 2001 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მიერ დაფინანსდა ლეოპარდის თანამედროვე მდგომარეობის შეფასების პროექტი. მასში მონაწილეობდნენ ექსპერტი, დოქტორი ვიქტორ ლუკარევსკი და ცენტრის თანამშრომლები. კვლევები კი ჩატარდა, მაგრამ ლეოპარდის არსებობის მეტ-ნაკლებად სარწმუნო კვალი არ გამოვლენილა.

2003 წლის ზამთარში კი ცენტრის ორი ზოოლოგი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ერთ-ერთი საველე სამუშაოს დროს დიდი ზომის კატისებრის ნაკვალევს წააწყდა. გამოკვლევამ დაადგინა, რომ ნაკვალევი ლეოპარდს ეკუთვნოდა. 2004 წლის აპრილში "ნაკრესის" თანამშრომლებმა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ფოტოხაფანგები დააყენეს და სულ მალე ლეოპარდი ფირზეც აღიბეჭდა. ცენტრის თანამშრომლებმა მას "ნოე" დაარქვეს.

ფოტოხაფანგებში ნოე 2008 წლამდე პერიოდულად ჩნდებოდა-ხოლმე, მას შემდეგ კი გაუჩინარდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იგი მოკვდა, ან ქვეყნიდან გავიდა (ნეშტი ნაპოვნი არ არის).

მას შემდეგ ლეოპარდის აღმოსაჩენად კვლევები სისტემატიურად ტარდება. ეკოლოგი, ასისტენტ-მკვლევარი ნიკა ქერდიყოშვილი, რომელიც მსხვილი ძუძუმწოვრების აღწერაში აქტიურად მონაწილეობს, ამბობს, რომ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები ჯიქის კვალს, არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გამოავლენდა. აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ სახეობა, რომელიც "ქვეყნის საიმიჯოდ კარგი მახასიათებელია", საქართველოში აღარ არსებობს. მისი თქმით, კვლევა ტარდება ვაშლოვანში, თუშეთში, ხევსურეთში, აჭარაში და სხვაგანაც.

"რუსი მეცნიერი ვიქტორ ლუკარევსკი ატარებს-ხოლმე კვლევებს, მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ იპოვა. ბოლო კვლევა შარშან ჩატარდა და წელს ჯერ არ დაწყებულა. ხან სახელმწიფო აფინანსებს, ხან უცხოური ფონდები და ა.შ. ამაზე ბევრი მეცნიერ-მკვლევარი მუშაობს სხვადასხვა ფონდიდან.

"პერიოდულად მონადირეები და მეცხვარეები ამბობენ-ხოლმე, რომ ლეოპარდი ნახეს, ან მის კვალს წააწყდნენ, მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა. ვინც მაგას ამბობს, ან იტყუება, ან სხვა რამეში ერევათ, მაგალითად, ფოცხვერში, რადგან ეს რომ სიმართლე იყოს, ფოტოხაფანგებში ერთხელ მაინც გაებმებოდა," - ამბობს ეკოლოგი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგი და ეკოლოგი ლექსო გავაშელიშვილი მიიჩნევს, რომ ლეოპარდები საქართველოში აუცილებლად შემოვლენ და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამბობს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ირანში მისი პოპულაცია იზრდება. ეფექტური დაცვითი ღონისძიებების გამო იქ ბუნება კარგ მდგომარეობაშია და დიდი ზომის ცხოველები, მათ შორის ჯიქებიც, კარგად მრავლდებიან.

"აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, იგი კავკასიაშიც გავრცელდება და არაა გამორიცხული ჩვენთანაც გამოჩნდეს. თუმცა, მან ჩვენამდე მოსასვლელად საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ადგილები უნდა გამოიაროს და შეიძლება ადამიანებმა მოკლან. მაინც ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში 1-2 ინდივიდი მაინც შემოაღწევს," - ამბობს ეკოლოგი.

სახეობის ხელოვნურად გამრავლებას, თუნდაც იგივე ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე, არ მიესალმება და ამბობს, რომ ამ მეთოდს არც მსოფლიოში იწონებენ.

"ტურისტული თვალსაზრისით ეს შემოსავლიანი იქნება, მაგრამ ნებისმიერი სახეობის ხელოვნურად გამრავლება ბუნებრივ ეკოსისტემაში საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რამდენად შეუძლია ვაშლოვანის ნაკრძალს შეინახოს ეს ცხოველი და მან ადამიანზე და შინაურ პიურუტყვზე თავდასხმა არ დაიწყოს. ასე რომ, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. მაინც ვფიქრობ, რომ ხელოვნურ გამრავლებას სჯობს ბუნებრივად შემოვიდეს.

"ხელოვნურ გამრავლებას რუსები ცდილობენ. სოჭის მახლობლად პორადად პუტინის აქტივობით ჯიქების საშენი შეიქმნა. ირანიდან რამდენიმე ინდივიდი შეიყვანეს და ამრავლებდნენ, თუმცა მსოფლიოს საზოგადოება ამ პროექტს იწუნებს და გმობს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება არასწორია," - აცხადებს ლექსო გავაშელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×