ლიკა ამირაშვილი
01.05.2015

მინისტრების ახალ კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს წარადგენს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობის შემადგენლობაში ახალი მხოლოდ იმ სამინისტროების ხელმძღვანელები იქნებიან, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს. კერძოდ, საუბარია გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა, სავარაუდოდ, ძველისგან განსხვავებული არ იქნება. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეკონომიკაში არსებული ბუნებრივი პრობლემების გამო, საინტერესო იქნება მთავრობის ხედვის მოსმენა.

საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ ნდობის მისაღებად პარლამენტს განახლებული სამთავრობო პროგრამა წარუდგინოს არსებითი ცვლილებებით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ბოძაშვილმა განუცხადა, თუკი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს ძველი სამთავრობო პროგრამა წარედგინება, ეს გარკვეულ კითხვებს გააჩენს.

თქვენი აზრით, რა სიახლე უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ ახალ სამთავრობო პროგრამაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 გოგი თორაძე (რეჟისორი): პირველ რიგში, კონკრეტულ თანამდებობებზე თავისი საქმის პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. თავიანთი საქმე და სამშობლო ძალიან უნდა უყვარდეთ. ყველაფერს, რასაც უნდა აკეთებენ, არა იმისათვის, რომ თავიანთი ცხოვრება მოიწყონ, არამედ ისე უნდა აკეთონ, როგორც ქვეყანას სჭირდება.

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, პირველ რიგში, საგარეო პოლიტიკა უნდა გააქტიურდეს. ჩვენი დამოკიდებულობა უნდა დავაფიქსიროთ, რომ გვინდა ევროპულ ოჯახში გაერთიანება. ასევე საგარეო პოლიტიკაში აქტუალური უნდა იყოს მეზობლებთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში ყველა რესურსის სწორად გამოყენება, მაგრამ ეს ძალიან კომპეტენტური კადრების მეშვეობით უნდა გაკეთდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესობაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდეს. დასამალი არ არის, რომ ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გარკვეულწილად ყველაზე მეტად მოსახლეობას ის ნაწილი დააზარალა, რომელისთვისაც თითოეულ კაპიკსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ადამიანი, რომელიც ხელფასს 150-200 ლარს იღებს, ახლა საარსებო მინიმუმი როგორ უნდა შეიძინოს? ამიტომ სოციალურ პროგრამებს უფრო მეტი ყურადგება უნდა მიექცეს.

მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, განათლებაში მეტი თანხის ჩადებაა საჭირო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს კომპეტენტური ახალი თაობა მოვიდეს. ახალი სიცოცხლეა საჭირო. ძალიან მინდა, როდესაც სამთავრობო გუნდი ჩამოყალიბდება, პრეზიდენტმაც და პრემიერმაც, შეთანხმებულად იმოქმედონ. შეთანხმებულად თუ არ იმოქმედებენ, რამდენი ახალი სამთავრობო პროგრამაც უნდა გვქონდეს, არაფერი გვეშველება.

 თედო დუნდუა  (ისტორიკოსი): ქვეყანას სჭირდება კონცეფცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის გზა, უნდა ვიცოდეთ, საითკენ მივდივართ, რა ტიპის სახელწიფო უნდა გვქონდეს. რამდენიმე დარგში რესურსი არ გვყოფნის. მთავრობამ უნდა შეიმუშაოს კონცეფცია, რას განვავითარებთ.

საერთოდ, ზედმეტმა მემარცხენეობამ ძალიან ზემდეტი ფული გაფლანგა. ამ შემთხვევაში ცოტა მემარჯვენე ეკონომიკური წარმოება არის საჭირო და რატომ? მაგალითად, სოფლის მეურნეობაში კრედიტები უნდა გამოიყოს.

მე როგორც გავიგე, ყველა ეს დაფინანსება, რაც სოფლის მეურნეობამ მიიღო, ნაწილობრივ წყალში გადაიყარა, რადგან ის ფული, რაც ჩადებული იყო და, წესით, სოფლის მეურნეობაში უნდა დახარჯულიყო, მანქანები შეისყიდეს და თბილისში ტაქსაობენ. ამიტომ ეს უნდა გაკონტროლდეს.

სავალუტო პოლიტიკა უფრო მკაცრი უნდა იყოს. მგონია, რომ გარკვეულწილად ეროვნული ბანკი ამ თვეების განმავლობაში არ იქცეოდა ისე, როგორც ნორმალური ბანკი უნდა მოქცეულიყო.

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი): ვფიქრობ, ახალ სამთავრობო პროგრამაში უფრო მეტად წარმოდგენილი უნდა იყოს, ის პრობლემები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და რამდენად სასურველ ვადებში განხორციელდება. მოქალაქეებზე როგორ აისახება და რა ტემპით განხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×