"სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძის დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია, რაც შეეხება გარემოს დაცვას, კონსულტაციები "რესპუბლიკელ" გიგლა აგულაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი თინა ხიდაშელის დანიშვნა იგეგმება - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი.
ახალი სამთავრობო პროგრამით და მთავრობის ახალი შემადგენლობით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს 10.00 საათზე წარდგება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მიღება მისი თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით შეცვლის შემთხვევაში სჭირდება.
მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, 20 წევრით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა მთავრობაში ექვსი მინისტრი საკუთარი გადაწყვეტილებით შეეცვალა, მეშვიდე მინისტრის ცვლილების შემთხვევაში კი კაბინეტი იშლება და მისი ნდობის საკითხი პარლამენტში დგება.
საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა-76 ხმა.მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი ასევე 2 დღის ვადაში - მთავრობის სხვა წევრებს. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.
ამასთან, თუკი მთავრობას პარლამენტში ნდობის გამოცხადების მხრივ პრობლემა შეექმნება და ამ მხრივ კონსტიტუციით გაწერილი ყველა პროცედურა და ვადა დაირღვევა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს
შეგახსენებთ, რომ რიგით მეშვიდე მინისტრი ლევან ყიფიანი იყო, რომელმაც თანამადებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 29 აპრილს გააკეთა. მანამდე კი 2 დღით ადრე თანამდებობა დატოვეს ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ყველა მინისტრი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებამდე მოვალეობის შემსრულებელია. თუმცა როდის წარუდგენს პარლამენტს პრეზიდენტი მთვარობის ახლა შემადგენლობას უცნობია, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ღარიბაშვილმა კი ამ საკითხის მოგვარება ერთ კვირაში მოითხოვა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ომარ ნიშნიანიძის თქმით, გარემოს დაცვის სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილის კანდიდატურას მიესალმება.
"გიგლა აგულაშვილის კანდიდატურას არ გამოვრიცხავ, ნორმალური კარგი კანდიდატურაა. მისი კომიტეტის წევრი ვარ და გეტყვით, რომ საკმაოდ კარგი კანდიდატურაა.
"რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, როგორც ვიცი, თალაკვაძე განიხილებაო. ვნახოთ, რას იზამს ხვალ ღარიბაშვილი", - უთხრა "რეზონანსს" ნიშნიანიძემ.
სამბოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ოლეგ იაძის თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძის დანიშვნის შემთხვევაში ღარიბაშვილი კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მისი თქმით, მას გვერდით აუცილებლად პროფესიონალები სჭირდება.
"როგორც გავრცელდა ინფორმაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი არჩილ თალაკვაძე იქნებაო. თუმცა ვფიქრობ, რომ მას გვერდით აუცილებლად პროფესიონალები უნდა ჰყავდეს, რომ სპორტის აღორძინებას ხელი შეუწყონ. ყიფიანის დროს ასე არ მოხდა, თუმცა საკმაოდ კარგი პროგრამა ჰქონდა და დიდი იმედი მქონდა. ახლა ელემენტარული საკითხებიც კი მოსაგვარებელია", - გვითხრა იაძემ. ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძე ამჟამად შს მინისტრის მოადგილეა.
რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი წარდგება, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პროგრამა ამბიციური იქნება და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდება ყურადღება.
"პროგრამა იქნება ძალიან ამბიციური, როგორც მთავრობა. მოგეხსენებათ, იმის შემდეგ, რაც წინა მთავრობა დამტკიცდა, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი მიმართულებით რომ გითხრათ - ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. წინსვლა გვაქვს ნატოსთან დაკავშირებით, შედგა უელსის სამიტი და ამოქმედდა ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმები. პროგრამაში სწორედ ამ მიმართულებით იქნება ყურადღება გამახვილებული, ასევე საუბარი იქნება რეფორმებზე, რომლებიც განვახორციელეთ გასული თვეების და წლების განმავლობაში", - აღნიშნა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი მიიჩნევს, რომ ახალი სამთავრობო პროგრამა, სავარაუდოდ, ძველისგან განსხვავებული არ იქნება. როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეკონომიკაში არსებული ბუნებრივი პრობლემების გამო, საინტერესო იქნება მთავრობის ხედვის მოსმენა.
"ახალი სამთავრობო პროგრამა, არა მგონია, განსხვავებული იყოს იმ პროგრამისგან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს უნდა იყოს პროგრამა, რომელიც ამ პერიოდისთვის იქნება სახეცვლილებით წარმოდგენილი. უნდა იყოს განმარტებული, რა გაკეთდა ამ დროისთვის და რა პროცესებია იმ მიმართულებით, რაზეც გვქონდა ჩვენ მაშინ საუბარი, როდესაც მთავრობას ვამტკიცებდით. წარმოდგენილი უნდა იყოს კიდევ ახალი და ახალი მიზნები, მითუმეტეს, რომ ეკონომიკაში არსებობს დღეს ბუნებრივი პრობლემები, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან ცვლილებებს და სწრაფ გადაწყვეტილებებს. გვაქვს დიდი სურვილი, რომ მოვისმინოთ ამ მიმართულებით მთავრობის ხედვა", - განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროგრამაში ეკონომიკურ საკითხებზე აქცენტის გაკეთებას მთავრობას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც ურჩევს.
"მიმაჩნია, რომ ამ პროგრამაში მთავარ წამყვან თემად უნდა იქცეს ეკონომიკური პრობლემების მოგვარება - ლარის კურსის თემამ ეს პრობლემატიკა წინა პლანზე წამოწია. ამასთან, ალბათ აქცენტი გაკეთდება ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, მით უფრო, რომ ამის უფრო მეტი რეალური შანსი გვაქვს.
"მთავრობის წარდგენა, საანგარიშო მოხსენება არ არის, ამიტომ ღარიბაშვილი არ იქნება ვალდებული რომ თქვას, წინა პროგრამიდან მთავრობამ რა შეასრულა და რა - ვერა. თუმცა რაღაცას ალბათ იტყვის.
"ამასთან, ყველა დაპირების ვადა არ არის გასული, ამიტომ რაღაცას რომ იტყვი, გიპასუხებენ, რომ კიდევ დროა დარჩენილი, ასე საკითხის დაყენება ჯერ ადრეა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამით პარლამენტის წინაშე გასული წლის 26 ივლისს წარდგა. მაშინაც მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ხელახალი ნდობის მოპოვების აუცილებლობის წინაშე დადგა. იმ დროს სამთავრობო პროგრამის სახელწოდება იყო - "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც "ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა".
"ეს პროგრამა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა. ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი კი ერთნაირად გვეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. პროგრამა, რა თქმა უნდა, ეფუძნება იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გაცხადებული ჰქონდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენი პროგრამა ეყრდნობა საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო პატივისცემას. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის და გეგმისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება", - განაცხადა 26 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება ძლიერი, ეფექტური, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.