ელზა პაპოშვილი
02.05.2015

 გია ხუხაშვილი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, მარგველაშვილმა ამ ქმედებით მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა. ექსპერტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული კანდიდატურების შერჩევის პროცესში. ის ფიქრობს, რომ მას პირადი პრობლემა წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ არ აქვს.

ამასთან, ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მთავრობაში პრემიერ ღარიბაშვილის გუნდის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო, მისი გადაყენებით პრემიერი უცხო გარემოში აღმოჩნდა და მოვლენების ობიექტურად შეფასება უჭირს.

რაც შეეხება მთავრობის დამტკიცებას, ექსპერტს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ამ ერთ კვირაში კიდევ რომელიმე მინისტრი შეიცვალოს და მომავალ პარასკევს პრეზიდენტიც, სავარაუდოდ, პარლამენტს მთავრობის ამავე შემადგენლობას წარუდგენს.

გია ხუხაშვილი: საქმე გვაქვს სერიოზულ მმართველობით კრიზისთან. გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა ძალიან ბუნდოვანია. პრემიერ-მინიტრმა დააანონსა მთავრობაში საკმაოდ კოსმეტიკური ცვლილებები და ვნახეთ, რომ საზოგადოება აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდა.

მოსახლეობას გაუჩნდა აღქმა, რომ ღარიბაშვილს ეს გადაწყვეტილება არათუ არ მიუღია, არამედ შერჩევის პროცესშიც არ მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად რამდენად სწორი ქმედებაა, მაინც ძალიან სახიფათო სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მინიმუმ სპონტანურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი, რომელმაც არასერიოზული სახე მიიღო, რაზეც პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, სწორი რეაგირება მოახდინა.

ეს ორი დღეა, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა ეჭქვეშ დადგა, რადგანაც მგონია, რომ პრესამ უფრო ადრე იცოდა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ, ვიდრე პრემიერ-მინისტრმა. ვფიქრობ, მან ეს პირველად მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შედეგად გაიგო. ეს ყველაფერი კი კარგს არაფერს ნიშნავს.

მთავარი გაუგებრობა, რასაც პრეზიდენტის სწორი რეაქცია მოჰყვა, ის არის, რომ კანსტიტუციით მთავარსარდალმა მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრის კანდიდატურის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო. თუნდაც ფორმალურადაც ის საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. ფაქტობრივად, ამ ორი დღის განმავლობაში ორი ინსტიტუტის დაკნინება მოხდა - მინისტრთა კაბინეტის და მისი ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის.

შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ინსტიტუციონალურად მთავარი მოქმედი პირები თამაშგარეთ დარჩნენ. პრეზიდენტს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, თუმცა, ამ გადაწყვეტილებით მან გადაავადა მინისტრთა კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა, რათა ხელისუფლება მიხვდეს, რომ ქვეყნის ინსტიტუციონალურად მოწყობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, ვისი გადაწყვეტილებით წარადგინა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი წევრები?

გ.ხ.: მე ზუსტად ვერ ვიტყვი, ვის შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ფაქტია, რომ გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი არ იყო თავად ირაკლი ღარიბაშვილი. ვინ იყო, რა იყო - ამაზე შეიძლება მე მქონდეს ჩემი მოსაზრება, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე რაღაც სპეკულირება დავიწყო. ფაქტია, რომ ყველაფერი უცნაურად მიდის. სერიოზული გადაწყვეტილება ასე სპონტანურად არ მიიღება.

მარტო მე არ დამრჩა ეს შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. ეს სინამდვილეში ასე იყო თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგანაც საზოგადოებამ ასე აღიქვა. ეს უკვე სახელმწიფოსთვის არ არის კარგი.

"რ": ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო?

გ.ხ.: ამას კატეგორიულად ვერ უარვყოფ. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ასეთი აზრი არსებობს. გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ათიდან ცხრა კაცი ამას გეტყვით. ამის არც დადასტურებისა და არც უარყოფის მტკიცებულება არ გამაჩნია.

აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტული კომენტარისგან თავს შევიკავებ. ერთი კი ფაქტია, რომ პროცესი ძალიან სახიფათოა. ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ინსტიტუტების პატივისცემა და ქვეყანა პირად ამბიციებს გადავაყოლეთ, სერიოზული პრობლემები გვექნება.

"რ": პრეზიდენტი ხომ არ განაწყენდა იმაზე, რომ მან კანდიდატურების შერჩევის პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო?

გ.ხ.: არა, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მან განაწყენებულმა მიიღო. პრეზიდენტი არის სახელმწიფო მეთაური, ამიტომაც მან ყველას მოუწოდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს მეტი პატივი სცენ. მან ეს ქმედება სრულიად ემოციების გარეშე გააკეთა.

პირადი წყენა კი არ გაუჩნდა, როგორც უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა განაცხადა, არამედ ეს არის ქმედება, რითაც მან ყველას მიუთითა, რომ პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი პოლიტიკურად არაკორექტული იყო.

"რ": იქნებ პრეზიდენტს ხელისუფლებაში "რესპუბლიკელების" "გაძლიერება" არ მოეწონა და ხიდაშელის კანდიდატურა მისთვის მიუღებელია?

გ.ხ.: არა, მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტისთვის თინა ხიდაშელის კანდიდატურა მიუღებელია, ან საერთოდ "რესპუბლიკელების" ხელისუფლებაში გაძლიერების წინააღმდეგი იყოს. პირიქით, ვფიქრობ, მისთვის შეიძლება უფრო კომფორტული იყოს ხიდაშელთან ურთიერთობა.

აქ ინსტიტუტებთან კონტაქტის ფორმა დაირღვა. პრემიერ-მინისტრის ასეთი ქმედება თუ კვლავ განმეორდება, მაშინ ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. შესაბამისად, პერსონალურად თინა ხიდაშელზე მარგველაშვილის მხრიდან საუბარი არ ყოფილა. მგონია, რომ პრეზიდენტს მისი კანდიდატურის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

"რ": 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ალბათ გახსოვთ, სკანდალი, ფარული ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა, სადაც ღარიბაშვილის დამოკიდებულება ხიდაშელის მიმართ არცთუ კარგი იყო. აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, ხიდაშელი პრემიერ-მინისტრისთვის მისაღები კანდიდატურაა?

გ.ხ.: ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს მათი ურთიერთობის საკითხია. მინიმუმ ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილს ხიდაშელთან ურთიერთობისას გარკვეული დისკომფორტი ექნება.

ასეთია პოლიტიკა, ჩვენი ემოციები სახლში კარგად უნდა შევინახოთ და მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, ის ვაკეთოთ, რაც სახელმწიფოს სჭირდება. ბუნებრივია, ხარვეზები არის, თუმცა, ეს მათი ურთიერთობის საკითხია, რაც იმედი მაქვს, სახელმწიფოზე არ აისახება.

"რ": გამოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტისგან ასეთ გადაწყვეტილებას არ მოელოდა. როგორ ფიქრობთ - რატომ?

გ.ხ.: ვფიქრობ, ღარიბაშვილი ეს დღეები რთულ მდგომარეობაშია. ბოლო, ვინც მის გუნდს წარმოადგენდა მთავრობაში, მინიდია ჯანელიძე იყო და მანაც თანამდებობა დატოვა. ის მთლიანად უცხო გარემოში აღმოჩნდა. ამიტომაც მგონია, რომ რაღაცების შეფასება უჭირს.

"რ": თქვენი აზრით, ვის ინტერესებშია მთავრობაში "რესპუბლიკელების" როლის გაძლიერება?

გ.ხ.: თავად პოლიტიკური მოვლენები ისე ვითარდება, რომ "რესპუბლიკელების" როლი ხელისუფლებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ ნიშის შევსება, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" წასვლის შემდეგ გათავისუფლდა, აუცილებელი იყო.

ვფიქრობ, ამის უნარი მხოლოდ ამ პარტიას გააჩნია. მათ დასავლეთთან ურთიერთობა შეუძლიათ. ამიტომაც ბუნებრივია, როდესაც როლი იზრდება, ხელისუფლებაში ძალაუფლების მეტ წილზე სურვილი უჩნდებათ. ხელისუფლება ამას ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც "რესპუბლიკურ პარტიას" შემცვლელი ამ მიმართულებებზე კოალიციაში არ ჰყავს.

"რ": ამ ერთი კვირის განმავლობაში რა შეიძლება მოხდეს, შეიძლება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კიდევ შეიცვალოს?

გ.ხ.: მე არ ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებული მოხდება. ყველაფერი ისევე დარჩება, როგორც არის. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ამ 3 მინისტრობის კანდიდატს პრეზიდენტი ხელს მოაწერს, ხოლო შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. პრეზიდენტის ამოცანა უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა არ ყოფილა. მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება არ ეკადრებოდა. შექმნილ სიტუაციაში უფრო დინჯი და მოზომილი ქმედებაა საჭირო.

"რ": უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება მთავრობაში მინისტრების კვლავ შეცვლას და თავად პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლას?

გ.ხ.: ჩემი აზრით, ეს, რაც ხდება, პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე მოხდება მთელი მთავრობის ფილტრაცია და ხელისუფლება შეეცდება, ყველაფერი სისტემურად შეცვალოს. მესამე ეტაპზე ალბათ პრემიერ-მინისტრი სხვა კარგ სამსახურს იშოვის, იმიტომ, რომ მისთვის ამხელა პასუხისმგებლობის აღება მძიმე აღმოჩნდა. მისი ადამიანურად მესმის და თანავუგრძნობ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×