საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
პრემიერის დასახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია, თავდაცვის მინისტრი - თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ტარიელ ხეჩიკაშვილი.
პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს, ამიტომაც ის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებს და მთავრობის შემადგენლობის მშვიდად მოსაფიქრებლად მათ ერთკვირიან ვადას აძლევს.
"მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ფორს-მაჟორის რეჟიმში მუშაობს. მსურს ყველას გაგახსენოთ, რომ ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს?
"ამ რთული ვითარების ფონზე, მსურს მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერ-მინისტრს, ისევე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე. იმედი მაქვს, რომ ამ ერთ კვირას ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მშვიდ გარემოში მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას," - აღნიშნა მარგველაშვილმა.
როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "ვფიქრობ, სწორად მოიქცა. სამწუხაროდ, მგონი, პრეზიდენტს მეტი ძალაუფლება არ აქვს და თავისი ერთადერთი უფლება გამოიყენა. თუ საშუალება ჰქონდა, ორი კვირითაც უნდა გადაეტანა, რადგან დღეს ამდენი მინისტრების ცვლით არაფერი შეიცვლება. ვიღაც წავა, ვიღაც მოვა და ხალხი ისევ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორშიც არის. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა თავისი ყველა ბერკეტი, ყველა უფლება უნდა გამოიყენოს".
ასმათ ტყაბლაძე (მსახიობი): "ისეთი არეულ-დარეული სიტუაციაა, ვინ როგორ იქცევა, ვის რისი უფლება აქვს, ვერ გაიგებ. პრეზიდენტს რა უფლება აქვს, ვერ გავიგე.
"არ შეიძლება, ქვეყანაში ასეთი არეულობა იყოს, ის სხვას იძახის, ეს - სხვას. ქვეყნისთვის ეს ყველაფერი ძალიან საზიანოა.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, თუ ისევ ამ კანდიდატებიდან უნდა აირჩიოს, ესენი უნდა გადაადგილოს, მაშინ არაა სწორი, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ერთ ღამეში მოიფიქრებს, თუ ერთ კვირაში. ხოლო თუ ფიქრობს და ამ ერთ კვირაში უფრო პროფესიონალები და საინტერესო კანდიდატები დასახელდება, მაშინ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც სწორი და გამართლებული იქნება."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):"პრეზიდენტი ისე მოიქცა, როგორც კანონში წერია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პროცესების დასაჩქარებლად ეს კვირიანი ვადა არ უნდა ყოფილიყო. უკეთესი იქნებოდა, სწრაფად მომხდარიყო დამტკიცება, რადგან ალბათ რაღაც კონსულტაციები უკვე გავლილი ექნებოდა. ასე მგონია, რომ ამ საქციელით უბრალოდ კოზირი დაიჭირა ხელში".
ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი): "კონკრეტულად პრეზიდენტის ქმედებას ვერ შევაფასებ, რადგან მთლიანად ქვეყანა თამაშშია ჩართული. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ერთი დიდი საჭადრაკო დაფა გვიჭირავს და ყველა თავ-თავის სვლებს აკეთებს, რაც შეიძლება საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად დამთავრდეს. დღეს რაც ხდება, ამით მთელი საზოგადოება დაშოკილია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე