პრემიერ-მინისტრის დასახელებულ მინისტრთა კაბინეტში ახალ წევრებს შორის ერთ-ერთი თინა ხიდაშელია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა და რომელმაც ამ თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე შეცვალა.
"თინა ხიდაშელს ყველა კარგად იცნობს. იგი გახლავთ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დღეიდან ის ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი.
"თინა ხიდაშელის გამოცდილებას ყველა კარგად იცნობთ, იგი მთელი ცხოვრების მანძილზე არის საჯარო პოლიტიკაში, ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე უნდა აღინიშნოს მისი საქმიანობა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერად გააგრძელებს", - განაცხადა პრემიერმა თინა ხიდაშელის პოსტზე წარდგენისას.
რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ვახტანგ ძაბირაძე (კონსტიტუციონალისტი): "თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნა დემოკრატიულ ქვეყანაში არის ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი. ქვეყნაში, რომელსაც დემოკრატიულად განვითარების პრეტენზია აქვს, მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია.
"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში ამ მხრივ რაღაც სტერეოტიპები არსებობს, მაგრამ ეს სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს და უნდა მივხვდეთ, რომ ასეთი მმართველობის დროს, რაც ქვეყანაში არსებობს, მინისტრთა კაბინეტი არის პოლიტიკური და არა სამეურნეო ორგანო. პოლიტიკურ ორგანოში კი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ და არა სამეურნეო საქმიანობის განმახორციელებელი პირები."
ლია მუხაშავრია (ადვოკატი): "არათუ გამართლებულად, არამედ ძალიან პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია, იმიტომ, რომ თავდაცვა სწორედ ის სფეროა, სადაც ქალები უნდა იყვნენ, რადგან ქალებს ყველაზე კარგად ესმით მშვიდობისა და თავდაცვის ფასი. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ამ ქალბატონის დანიშვნას. სხვა საკითხია, რომ კონსტიტუციური პროცედურები დაცული იყოს.
"როცა ის მოვალეობის შესრულებას შეუდგება და გარკვეული პერიოდის შემდეგ საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს, ჩვენ მივხვდებით განსხვავებას მამაკაც თავდაცვის მინისტრსა და ქალ თავდაცვის მინისტრს შორის."
ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი): "თავდაცვის მინისტრი ქალი იქნება თუ კაცი, ეს გადამწყვეტი არ არის, მთავარია, რამდენად შეძლებს ადამიანი ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელობას, ეს პრინციპული საკითხია. აქედან გამომდინარე, არ მგონია, მხოლოდ გენდერულ საკითხებზე აქცენტის გაკეთება სწორი იყოს.
"რაც შეეხება ზოგადად მთავრობას, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სხვა მინისტრიც იქნებოდა შესაცვლელი. ალბათ ყველაზე მეტი პრეტენზია მოქალაქეებს და მათ შორის მეც ეკონომიკურ გუნდთან მიმართებაში მაქვს, თუმცა, პრობლემები ბევრ სხვა სამინისტროშიც არის."
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იქნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალბატონი თინა ძალიან ჭკვიანი ქალია და მასში არის კაცებისთვის დამახასიათებელი პრაგმატიზმი და ქალისთვის დამახასიათებელი ემოციურობა და ალღო. მართალია, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ძალიან განათლებული ქალია და ასეთ მოულოდნელ გადაწყვეტილებას მხოლოდ მივესალმები."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე