სამთავრობო კაბინეტში "რესპუბლიკელთა" რიცხვი სამ მინისტრამდე გაიზარდა და ამ ცვლილებით კოალიციაში ამ პარტიის პოზიციები გამყარდა. ექსპერტთა შეფასებით, "რესპუბლიკელებმა" საკმაოდ დიდი წონა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშის სტატუსი შეიძინეს და ამის ერთ-ერთი მიზეზი მმართველი კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლაა. სწორედ ამის შემდეგ "რესპუბლიკელების" ხმები დაფასდა პარლამენტშიც და როგორც პროევროპულმა ძალამ, ასევე დიდი ფასი დაიდო ზოგადად კოალიციის იმიჯისათვისაც.
პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადების შემდეგ, პაატა ზაქარეიშვილის გარდა, მინისტრების პორტფელს ჩაიბარებენ თინა ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის მინისტრი ხდება და გიგლა აგულაშვილი, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრად ინიშნება.
მიუხედავდ იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ხიდაშელის მონაცვლე არჩევნებით უნდა აირჩეს და პარტიას ერთი კაცით ნაკლები ეყოლება პარლამენტში, ეს მათ არ ასუსტებს. "ოცნების" კოალიციური ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში "რესპუბლიკელების" წარმომადგენლობა ამ დროისათვის ასეთია: სამი მინისტრი, პლუს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის აპარატის უფროსი, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ევროინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტებზეც ხიდაშელისა და აგულაშვილის შემცვლელებად ისევ "რესპუბლიკელები" მოიაზრებიან. 8-კაციანი ფრაქციისათვის კი ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, ამ პარტიას 165 წარმომადგენელი ჰყავს ადგილობრივ თვითმმართველობებში.
ვინ შესთავაზა თუნდაც ხიდაშელის გამინისტრება კოალიციას - ივანიშვილმა თუ ეს დასავლეთის რეკომენდაცია იყო? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იყო რეკომენდაცია იგივე აშშ-ს ელჩის მხრიდან, რადგან ის წინა დღეს ივანიშვილს ბიზნესცენტრში ეწვია და ივანიშვილმაც გადაწყვიტა.
თავად "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ პარტიამ კოალიციას თავად შესთავაზა ორი მინისტრი და კოალიციაც დათანხმდა.
მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სხვა ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. კოალიციის შიგნით კი რა დამოკიდებულება არსებობს "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ ან ხიდაშელის დანიშვნაზე, ამაზე საუბარი არ სურს.
"პარტიამ კოალიციის შიგნით კონსულტაციის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. როგორც კი ორი მინისტრი შეიცვალა და კაბინეტისათვის ნდობის გამოცხადება გახდა საჭირო, კოალიციაში დისკუსია დაიწყო. პარტიამ შესთავაზა კოალიციას, რომ თინა ხიდაშელი გამხდარიყო თავდაცვის მინისტრი, რაც კოალიციის შიგნით დისკუსიის საგანი გახდა და კოალიციამ მიიღო გადაწყვეტლება," - აცხადებს სამნიძე.
მისი თქმით, ასევე არასწორია მოსაზრება, რომ თავდაცვის მინისტრად ხიდაშელის დანიშვნა არა კოალიციის შიგნით, არამედ გარედან რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდა.
"ეს იყო კოალიციის გადაწყვეტილება და შემოთავაზება და რეკომენდაცია სხვა მხრიდან არ ყოფილა. ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა და სამწუხაროდ, თავად აშშ-ს ელჩსაც მოუწია განცხადების გაკეთება, რომ ის ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა", - აღნიშნავს სამნიძე.
მისი განცხადებით, მათი პარტია ოქტომბრიდან საჯაროდ აცხადებს, რომ აუცილებელია კოალიციის მოდერნიზება, მთავრობაში უფრო მეტი კოალიციურობა და ინსტიტუციონალიზაციაა საჭირო და ამიტომაც მათი პარტიის წევრების მინისტრებად დანიშვნა კოალიციის გაძლიერებას უკავშირდება, რადგან ეს ინსტიტუციონალიზმისა და მეტი კოალიციურობისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
ხათუნა სამნიძე: "პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ შექმნილ ვითარებაში, როდესაც მთავრობის კაბინეტი უნდა შეცვლილიყო, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა აგვეღო სწორედ ამ კოალიციურ მმართველობაში.
"პარტიამ გადაწყვიტა, რომ ორი ძალიან წარმატებული საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კომიტეტის თავმჯდომარეები, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასულიყვნენ. ეს პარტიისთვის, ერთი მხრივ, დანაკარგია, რადგან პარლამენტში ერთით ნაკლები წევრი გვეყოლება, მაგრამ ვთვლით, რომ პარტიის მხრიდან ამ ეტაპზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანი იყო.
"რთული ვითარებაა და ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ. ეს ინსტიტუციონალიზმისა და მეტი კოალიციურობისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. პარტიას დღეს სამი მინისტრი ჰყავს. დღეს პარტია მზად არის, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი წარმატებული ლიდერი წარმატებული მინისტრი იქნება".
სამნიძე იმედოვნებს, რომ ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების მხრიდან წერტილი დაესმევა "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლაზე სპეკულაციებს.
"საკითხის ისე დაყენება, რომ რადგან სამი მინისტრი გვყავს, კრიტიკას შევწყვეტთ და ჩუმად ვიქნებით, უსაფუძვლოა. "რესპუბლიკური პარტია" აპირებს ყოველთვის სიმართლე თქვას, ეყოლება მას ერთი თუ სამი მინისტრი, ჩვენ ისეთივე ეფექტურად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ადრე.
"თვად მე ვაკეთებდი განცხადებებს თვითმმართველობებში "რესპუბლიკელების" მიმართ წნეხზე. ჩვენი განცხადებების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სპეცსამსახურები უფრო ნაკლებად ერეოდნენ თვითმმართველობების საქმიანობაში.
"ბევრ რამესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პრობლემები ჯერ ისევ არსებობს და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. კრიტიკას შევწყვეტთ, ამის მოლოდინი არავის არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი კოალიციიდან გასვლის შესახებ მხოლოდ ჟურნალისტები და ანალიტიკოსები საუბრობდნენ, ეს საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. უახლოეს მომავალში ასეთ რეჟიმში ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას," - ამბობს სამნიძე.
მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ირწმუნება, აშშ-ს ელჩის მხრიდან რეკომენდაცია არ ყოფილა და გაწყვეტილება კოალიციაში მიიღეს, პოლიტოლოგებს ეს არ სჯერათ.
"ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის" თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე ამ ფაქტს "რესპუბლიკელების" ტრიუმფად აღიარებს.
"რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელ პოზიციას შეიძლება მათი ტრიუმფი ეწოდოს იმ გაგებით, რომ პარტიის არსებობს მანძილზე მათ ასეთი პოლიტიკური სიმაღლეებისთვის არ მიუღწევიათ. თუ პარლამენტში კონფიგურაციას გადავხედავთ, ტრიუმფია ამ თვალსაზრისითაც, რადგან "რესპუბლიკელების" 9-კაციანი პატარა ფრაქციაა. მათ კი შეძლეს თავისი პოლიტიკური ნების თავს მოხვევა როგორც დანარჩენი პარლამენტისთვის, ასევე მთავრობისთვის.
"გამოდის, რომ ისინი ფაქტობრივად რეალურად მართავენ პარლამენტს. ყოველ შემთხვევაში, წამყვან პოლიტიკურ ძალად ისინი იქცნენ და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სილის გაწვნაა პარტია "ქართული ოცებისთვის".
"როგორც გვახსოვს, ბოლოს "რესპუბლიკელებს" ფაქტობრივად კარისკენ მიუთითეს, თუმცა, დღეს უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობას პლუს თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა პარტიას აძლევს შანსს, რომ საკუთარი რეიტინგის აქაჩვა შეძლონ და მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი," - აცხადებს ლაგაზიძე.
მისი თქმით, "რესპუბლიკელები" კოალიციიდან არჩევნებამდე არ გავლენ, ხოლო არჩევნებზე რა იქნება, ეს არ იცის.
ლაგაზიძე "რესპუბლიკელების" გაძლიერებას როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორებს უკავშირებს. ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას კოალიციიდან გასვლამ დაადო ოქროს ფასი "რესპუბლიკელების" ხმებს პარლამენტში და ასევე ოქროს ფასი დაადო ამ პარტიას, როგორც პროდასავლურ ძალას, რაც, როგორც ჩანს, აუცილებელი აღმოჩნდა ხელისუფლების იმიჯისთვის. საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე ხელისუფლებას სჭირდებოდა იმის საქმიანი დემონსტრირება, რომ საგარეო კურსს არ იცვლის.
"ძალიან ნიშანდობლივი იყო აშშ-ის ელჩის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ აშშ-ს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს.
"ფაქტობრივად "რესპუბლიკელები" პროდასავლური ბიოგრაფიის მქონე ერთადერთი დარჩენილი ძალაა კოალიციაში. ამ შიდა და გარე ფაქტორებმა განაპირობეს ის, რომ დღეს მათ მიერ დაკავებული თანამდებობები და მათი პოლიტიკური წონა გაცილებით აღემატება მათსავე რაოდენობრივ წარმომადგენლობას პარლამენტში.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასტარტო პოზიციაა "რესპუბლიკელებისათვის". თავდაცვის მინისტრის პოსტი თავის თავში რეიტინგის გარკვეულ რაოდენობას შეიცავს და ნებისმიერ მინისტრს ხონჩით მიერთმევა ხოლმე. დანარჩენი ხიდაშელზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს თავდაცვის მინისტრის პოსტის პარტიის სამომავლო ბედისთვის გამოყენებას," - ამბობს ლაგაზიძე.
მისი თქმით, ღარიბაშვილს არ დაუნიშნავს ხიდაშელი და ბევრი რამ ადასტურებს იმას, რომ ღარიბაშვილი ამ პროცესის პასიური მონაწილე იყო. ამბობს, რომ ამაზე მიუთითებს თუნდაც პრემიერის საერთოდ ერთმანეთთან დაუკავშირებელი განცხადებები, ის, თუ რატომ ამტკიცებდა დღენახევრის მანძილზე, რომ მხოლოდ ორი მინისტრი შეიცვლებოდა.
"თავად კოალიციაში "რესპუბლიკელების" ამ დაწინაურებით სხვა პარტიები გახარებული ნამდვილად არ იქნებიან. ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ იმ არგუმენტებით, რომ პარტია "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან "რესპუბლიკელების" მისამართით არცთუ პოზიტიური განცხადებები გვსმენია, კარგი რომ არაფერი ხდება, ფაქტია. ისევე, როგორც თავად ღარიბაშვილსა და ხიდაშელს შორის ნორმალური და დამთბარი ურთიერთობა ძნელად წარმომიდგენია.
"ჩანს, რომ ხარისხობრივად უფრო მაღალკვალიფიციურმა "რესპუბლიკელებმა" დაჯაბნეს რაოდენობრივად უფრო მეტი, მაგრამ ხარისხობრივად და გამოცდილებით ნაკლები "ქართული ოცნება" და ეს იმიტომ, რომ "ოცნების" სიაში არა მოაზროვნეებს, არამედ მორჩილებს სვამდნენ," - აღნიშნავს ლაგაზიძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, როდესაც პარტიიდან ორი პოლიტიკოსი მინისტრად ინიშნება, ეს თავისთავად ნიშნავს პარტიის პოზიციების გაძლიერებას, მაგრამ თავდაცვის მინისტრობა პარტიის მთლად აღზევებას მაინცდამაინც არ მიანიშნებს.
"გავიხსენოთ წინა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როგორ დაასრულა მან კარიერა. ასევე შეიძლება დარტყმის ქვეშ ახალი მინისტრიც აღმოჩნდეს. რისკების არსებობა გვაფიქრებინებს, რომ ეს დიდი დაწინაურება შესაძლოა "რესპუბლიკელებისათვის" საგამოცდო პერიოდია. თუმცა, შეიძლება ამ დაწინაურებამ პარტიის იმიჯის გამყარებას შეუწყოს კიდეც ხელი.
"როდესაც საზოგადოებამ დავით უსუფაშვილი საქმეში, პარლამენტის მართვაში ნახა, მისი მუშაობა დადებითად შეაფასა. შესაბამისად, მინისტრებად დანიშვნის იქით იდგება საკითხი - როგორ გამოავლენს თავს მართვაში ესა თუ ის ფიგურა. თუ დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს, იმიჯში ნაკლები პრობლემები იქნება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ხიდაშელისა და აგულაშვილის არა მარტო მესიჯებზე, არამედ საქმიანობაზე," - მიიჩნევს საყვარელიძე.
მისი თვალსაზრისით, "რესპუბლიკელების" გამინისტრებისა და მათ შორის ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დაწინაურების მოტივი "რესპუბლიკელების" პროდასავლური იმიჯია და შეიძლება ითქვას, რომ "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან წასვლამ "რესპუბლიკელებისათვის" სასიკეთოდ იმოქმედა.
"ეს დაწინაურება კიდევ შეამცირებს იმის ალბათობას, რომ კოალიციაში შემდგომი უკმაყოფილო გუნდი შეიძლება "რესპუბლიკელები" იყოს. ამ ტიპის დანიშვნის შემდეგ საეჭვოა, "რესპუბლიკელებმა" უკმაყოფილება გამოთქვან. არადა, გვახსოვს "რესპუბლიკელების" ბევრი კრიტიკული განცხადებები და დაჩივლება იმაზე, რომ რეგიონებში მათი პარტიის წევრებს ავიწროებენ. ამ დანიშვნებით ერთგვარად "რესპუბლიკელების" კოალიციაში შეკავება მოხდება, თუკი თავად კოალიციიის ლიდერის გეგმაში არ შევიდა მათი ოპოზიციაში გაშვება," - აცხადებს საყვარელიძე.