9 მაისს ვაკის პარკთან მისულ რუს ბაიკერებს ქართველი ბაიკერები დახვდებიან, რათა ისინი პარკში არ შეუშვან. საქართველოს მოტოკლუბის პრეზიდენტი ვახტანგ შენგელაია ამბობს, რომ ისინი ვეტერანებთან შეხვედრასა და უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მისვლას არ იმსახურებენ და ამით მხოლოდ და მხოლოდ ხალხს გააღიზიანებენ.
აქვე იმედს გამოთქვამს, რომ რუსი ბაიკერები მათ თხოვნას გაითვალისწინებენ და ეს ყველაფერი ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლაში არ გადაიზრდება.
შენგელაიას თქმით, გეორგიევსკის ლენტებით ბაიკერების საქართველოში შემოსვლა წმინდა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ისინი პუტინის მეგობარს - ზალდასტანოვს (ბაიკერების ლიდერი, მეტსახელად - "ქირურგი") ემორჩილებიან, რომელიც თავის მხრივ პუტინისგან ფინანსდება და შესაბამისად, მის დაკვეთებსაც ასრულებს. ამიტომაც მიიჩნევს, რომ ბაიკერები საქართველოში საერთოდ არ უნდა შემოეშვათ.
მოგეხსენებათ, რუსეთის პრეზიდენტის მეგობრებად ცნობილი რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" ნაწილი უკვე თბილისშია. მათი ნაწილი ბერლინისკენ მიემართება, სადაც ასევე წინააღმდეგობას აწყდებიან, ნაწილი კი ტურნეს კავკასიაში მართავს, ისინი მოივლიან სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ჩრდილო კავკასიას და 9 მაისის სიმბოლურად დასრულებას თბილისში აპირებენ. მთავარი ჯგუფი ქალაქ ტამბოვიდან უკვე დაიძრა, ნაწილი კი უკვე შემოსულია.
გეორგიევსკის ლენტების გამო, რომელიც მათ და მოტოციკლებს ეკეთათ, "თავისუფალი ზონის" აქტივისტებთან და ქართველ ბაიკერებთან მცირედი ინციდენტებიც მოუხდათ. ვარდების მოედანზე შეკრებილმა ქართველმა ბაიკერებმა რუსებს განუმარტეს, რომ გიორგიევსკის ბაფთა ოკუპაციის სიმბოლოა და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფს. შესაბამისად, სთხოვეს, ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული სიმბოლოთი გადაადგილებისგან თავი შეეკავებინათ.
"რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოს მოტოკლუბის პრეზიდენტი ვახტანგ შენგელაია ვარდების მოედანზე მომხდარის შესახებ ჰყვება.
ვახტანგ შენგელაია: ვარდების მოედანზე იმ ლენტების გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ. გასაგებია, რომ ადრე ეს დროშა და ეს ფერები მეორე სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო იყო, მაგრამ ახლა უკვე ოკუპაციის სიმბოლოა, რაგან რუსი მებრძოლები უკრაინაში ამ ლენტებით ომობენ. ჩვენ, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსებს ოკუპირებული აქვთ, ამას ვაპროტესტებთ.
"ღამის მგლების" ლიდერი ალექსანდრე ზალდასტანოვი, იგივე "ქირურგი" პუტინის ძმაკაცია, მას ემორჩილება და ამიტომ ბაიკერად არ მივიჩნევ. ის ჩვეულებრივი ბიზნესმენია და მოტოს ამისათვის იყენებს. სახელმწიფო ფულს უხდის და იმას აკეთებს, რასაც დაუკვეთავს. ახლა "ნაჩნიე ვოლკი" აქეთ დაიძრა ლენტებით და უნდათ, ხალხში აგრესია გამოიწვიონ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ღიზიანდება ამით მოსახლეობა. ზოგი ლენტების დაჭრას ცდილობდა, ზოგი წართმევას.
ვარდების მოედანზე თავად რუსებიც დავიბარეთ და ვუთხარით, რომ რაკი ჩვენს ქვეყანაში არიან, ნება უნდა იბოძონ და ისე მოიქცნენ, როგორც ჩვენ გვინდა. მასპინძლები ვართ, მთავრობამ შემოუშვა და ვერ ვეტყვით, რომ წავიდნენ. კი ბატონო, იკატაონ, ჩემი თავი ენაცვალოთ, მაგრამ ლენტი, დროშა და ეგეთი რაღაცები მოხსნან. პირდაპირ ვიტყვი - ეს ხალხი მთავრობას ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.
"რეზონანსი": რამდენი ბაიკერია ამჟამად საქართველოში და კიდევ რამდენს ელოდებიან?
ვ.შ: ჯერ საქართველოში სულ 25-30-ია, 9 მაისს კი დიდი ეშელონი მოდის, დახლოებით 200 ბაიკერი.
აქ ძალიან დიდი ფული ტრიალებს და ეს ფული სახელმწიფოდან მოდის. როცა ვნახეთ, ძალიან წყნარად და დინჯად დაველაპარაკეთ. ჩვენ 80 ვიყავით, ისინი კი სამნი და სხვანაირად არც შეიძლებოდა, აგრესიულად ლაპარაკი უხერხული იქნებოდა. ვკითხეთ, რატომ ცდილობდნენ ხალხის გაღიზიანებას, ავუხსენით, რომ ასე არ შეიძლება და რომ ეს სხვებისთვისაც გადაეცათ.
ახლა კი ოფიციალურ წერილს ვამზადებთ და გვინდა, ამ "ღამის მგლებს" გავუგზავნოთ. შემდეგ როგორ მოვიქცევით, ეს მათ პასუხზე იქნება დამოკიდებული.
"რ": საპირისპირო აქციებს ხომ არ გეგმავთ?
ვ.შ: ვიცით, რომ 9-ში ვაკის პარკში უნდათ მისვლა, მაგრამ არ შევუშვებთ. თუ კატაობა უნდათ, იაკატაონ, მაგრამ ვერც ვაკის პარკში შევლენ და ვერც ვეტერანებს ვაჩვენებთ.
"რ": ანუ 9 მაისს ვაკის პარკთან თქვენც იქნებით?
ვ.შ: 9-ში ყველგან ვიქნებით, მათ შორის ვაკის პარკთანაც.
"რ": როგორ მოახერხებთ მათ არშეშვებას? ფიზიკურ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ?
ვ.შ: ჯერ მშვიდად ვთხოვთ, რომ არ შევიდნენ და ვფიქრობთ, ამ თხოვნას დაემორჩილებიან. მერე კი იმედია, სამართალდამცავებიც იზრუნებენ იმაზე, რომ აგრესია არ იყოს. იქ მათი მისვლა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მოსახლეობის გაღიზიანებასაც გამოიწვევს. არ ვიცი, რას გეგმავენ 9-ში, პროვოკაციებს მოაწყობენ თუ არა, მაგრამ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მამა-პაპების საფლავებზე და ვეტერან მეომრებთან არ შევუშვათ... წყალი არ გაუვა.
"რ": მანამდე თუ იცნობდით ამ ადამიანებს?
ვ.შ: არა. მათთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია და არც ვაპირებ. რუსი ბაიკერები ადრეც ჩამოსულან და მათ ვეხმარებოდით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მათაც ის უყვართ, რაც ჩვენ. თუმცა, ეს კლუბი სხვაა და მათთან ურთიერთობას თავს ვარიდებთ. არავის ვიცნობთ და არც გვინდა გაცნობა. თუმცა, შეიძლება 9-ში მომიწიოს მათი ლიდერის გაცნობა.