"რაც უფრო წინ წაიწევთ ასოცირების შეთანხმების მიმართულებით, მით უფრო მეტი უფლება გექნებათ, დასვათ შეკითხვა - როდის გახდებით ევროკავშირის წევრი," - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა იმას, თუ როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი.
"არ მაქვს პასუხი ამ კითხვაზე და ვფიქრობ, არც არავის აქვს ალბათ, ვინაიდან ჯერ არ წამოჭრილა ეს საკითხი. ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ არა იმიტომ, რომ ევროკავშირის კარგად დისციპლინებული საჯარო მოხელე ვარ, არამედ იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეტური საკითხია. თქვენ გაქვთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და რაც უფრო წინ წაიწევთ ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი უფლება გექნებათ ამ შეკითხვის დასმის," - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
არადიპლომატიურ ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე საუბრის წომოწყების უფლებაც კი არა აქვს.
თქვენი აზრით, აქვს თუ არა საქართველოს უფლება, დღესვე დაიწყოს საუბარი ევროკავშირის წევრობაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): ამაზე ძალიან ძნელია პასუხის გაცემა. მთელი რიგი მოთხოვნებია, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესრულებეული. რა მოთხოვნებია, ეს სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ, ჩემთვის ძალიან ძნელია ამაზე საუბარი. საერთოდ სასურველია, რომ ეს მოხდეს, რადგან ამისკენ ვისწრაფვით და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. თუმცა მთელ ევროპაში ახლა ფინანსური თვალსაზრისით ისეთი კრიზისული პროცესებია, რომ მე ძალიან მეეჭვება რაიმე სწრაფად მოხდეს.
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): მე მგონი, ჩვენთვის ევროკავშირის წევრობა ძალიან ადრეა. ვფიქრობ, აბსოლუტურად ზედმეტია ევროკავშირში ყოფნა. მესმის, რომ ყველას ევროპაში უნდა, კარგი ცხოვრებაა, მაგრამ საქართველო ჯერ ძალიან შორსაა ევროპისგან. ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება. საერთოდ შეიძლება ევროკავშირის წევრი ვერასდროს ვერ გავხდეთ.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ჩვენ ამაზე 10 წელია ვსაუბრობთ. გაუთავებლად გვესმის ევროპაზე და ნატოზე ლაპარაკი, ამიტომ ნატო საერთოდ ძალიან საეჭვო პროექტი მგონია. საქართველოსთვის სჯობს, რომ ნატოს წევრი არ იყოს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, ბევრი არაფრის მომტანი არ არის. ამერიკა და ევროპა ცდილობენ, საქართველო ამერიკულ-ევროპული ყაიდის ქვეყანად გადააკეთონ, როდესაც ტრადიციებს და თვითმყოფადობას დავკარგავთ. შემდგომ შეიძლება ეს პროცესი დაჩქარდეს. გვჭირდება კი ამის გაკეთება? ქვეყანას შეუძლია, ყოველგვარი ევროპის და ამერიკის გარეშე იცხოვროს, საკმაოდ კარგადაც. ასე ყოფნა სჯობს, ვიდრე მონობაში. თანაც უახლოეს წლებში მოსალოდნელი საერთოდ არც არის.
ქეთი ბექაური (იურისტი): მე, როგორც რიგითმა დამკვირვებელმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა, შემიძლია გითხრათ, რომ საკმარისი ნაბიჯები გადაიდგა. შეიძლება ყველა პუნქტი არ შეგვისრულებია, მაგრამ მე მგონი, არცერთი საწინააღმდეგო ნაბიჯიც საქართველოს არ გადაუდგამს. სოციალურ და ეკონომიკურ ფონს რაც შეეხება, მსოფლიო კრიზისია და ამის გულისთვის არ მგონია, რომ ევროკავშირმა საქართველოს კარები მიუხუროს. ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი შემცირდა, გენდერული თანასწორობა დაცულია, ადამიანის უფლებები დაცულია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე