აფხაზეთის მთავრობის ცნობით, ასეთი პრობლემა ეთნიკურ აფხაზებს არ ექმნებათ
ეკატერინე ბასილაია
06.05.2015

 იმის გამო, რომ გალში ე.წ. მესაზღვრეებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოსვლის უფლება სასწრაფოდ საოპერაციო ავადმყოფს არ მისცეს, 13 წლის გალელი ლევან ცაავა გარდაიცვალა. ეს შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბოლო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტების გადმოსვლა უკიდურესად იზღუდება. ორი წლის წინ ამ მიზეზით გალელი ფეხმძიმე ქალბატონიც დაიღუპა, ხოლო მისი ოჯახის წევრებს ამის გაპროტესტების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს ეხებათ, აფხაზ პაციენტებს კი, რომლებსაც საქართველოში უფასოდ მკურნალობენ, ენგურის ხიდის გადმოკვეთისას პრობლემა არასდროს შექმნიათ. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ცნობა ქართულ მხარეს არ აქვს. ეთნიკურად ქართველი პაციენტების მიმართ კი ბოლო პერიოდის განმავლობაში ენგურის ხიდზე გადმოსვლა მნიშვნელოვნად შეზღუდულია.ამას გარდა, გალში მცხოვრები ქართველისთვის მკურნალობა და გეგმური ოპერაციები არ არის მთლიანად უფასო. ისინი, როგორც საქართველოს მოქალაქეები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ და აფხაზი პაციენტებისგან განსხვავებით მხოლოდ 70%-ით ფინანსდებიან.

გუშინ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრის, 13 წლის ლევან ცაავას გარდაცვალების მიზეზი რუსი ოკუპანტების ქმედება გახდა.

სამინისტროს ცნობით, დილით მოზარდი შეუძლოდ გახდა. ოჯახის წევრები შეეცადნენ, რომ სამედიცინო დახმარება სახლში აღმოეჩინათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ მათ 13 წლის ბიჭი გალში გადაიყვანეს. რადგან გალის საავადმყოფოფში ბავშვთა რეანიმაცია არ არსებობს, ოჯახმა გადაწყვიტა, ლევან ცაავა ზუგდიდში წამოეყვანათ. ენგურის ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა მათ "ფე-ეს-ბეს" ბეჭდით დამოწმებული საშვი მოსთხოვეს. სანამ ოჯახმა საბუთები მოამზადა, ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. მას შემდეგ, რაც ოჯახმა საშვი მოიტანა, მესაზღვრეებმა ცალკე მოითხოვეს ბავშვის საშვი. ამის გამო ოჯახმა გადაწყვიტა, მოზარდი ზუგდიდში შემოვლითი გზით წამოეყვანათ. თუმცა გზაში მოზარდი გარდაიცვალა.

აფხაზეთის ა/რ-ის ჯანდაცვის მინისტრის, ქეთევან ბაკარაძის განცხადებით, ანალოგიური მიზეზით ორი წლის წინ გალის მცხოვრები ორსული ქალბატონიც დაიღუპა.

"ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებას მოჰყვა ისიც, რომ გაპროტესტების გამო მის მეუღლესა და ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს საკმაოდ გახმაურებული შემთხვევა იყო და ჟენევის ფორმატის ფარგლებში განიხილებოდა. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი ასეთი პრობლემები აღარ იდგა, თუმცა ბოლო ხანებში ისევ დაიწყო. როგორც წესი, სასწრაფოდ თუ გეგმურად პაციენტების გადმოყვანა ჩვენი სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მიერ ენგურის ხიდზე ყოველდღიურად ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს უპრობლემოდ ხდება, ზოგჯერ - პრობლემებია და არ ვიცით, ეს პრობლემები რასთან არის დაკავშირებული - ცვლაზე, საგუშაგოზე თუ რაზე. ბოლო თვეების მანძილზე რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ურგენტული პაციენტი დიდი ხნით დააყოვნეს ადმინისტრაციულ ხაზთან. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ხანებში ქართველი პაციენტების ენგურის ხიდზე გამოტარება ძალიან გართულებულია. ქართველ პაციენტებს ხაზს ვუსვამ, რადგან ჩვენ ეთნიკურად აფხაზი პაციენტებიც გადმოგვყავს და მათ მსგავსი პრობლემა არ ექმნებათ. ამ შეყოვნებების განხილვა ჟენევაში ყოველთვის ხდება და ამას აფხაზური მხარე ყოველთვის აპროტესტებს. დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ სააშკარაოზე გამოვიტანეთ ეს თემა და ავყვირდით. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ადამიანის უფლებები ასე ირღვევა. ისიც კი არ ვიცი, ჩემს ამ განცხადებას რა რეზონანსი მოჰყვება აფხაზური მხრიდან. გამორიცხული არ არის, ჩვენს მოქალაქეებს ამის გამო პრობლემებიც კი შეუქმნან, მაგრამ ამ ფაქტის დამალვაც დანაშაულია," - აცხადებს ბაკარაძე.

მისი თქმით, ადმინისტრაციული ორგანოდან საშვის გაცემას თავისი პროცედურები აქვს და გალიდან ადგილობრივები ადმინისტრაციული ხაზის გადმოკვეთისათვის თადარიგს წინასწარ იღებენ, თუმცა ხშირად ე.წ. საზღვარზე საშვის მქონე პაციენტებსაც აყოვნებენ.

"არის შემთხვევები, როდესაც ეთნიკურად ქართველ პაციენტს აქვს მოწესრიგებული დოკუმენტაცია, მაგრამ მისი გადმოყვანის პროცედურა მაინც ყოვნდება," - აღნიშნავს მინისტრი.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში 20-მდე სამედიცინო დაწესებულება მოქმედებს, იქ რთული ოპერაციები ვერ ტარდება, დაწესებულებებს შესაბამისი სარეანიმაციო აღჭურვილობა არ გააჩნიათ. ამ დაწესებულებების აღჭურვაც ვერ ხერხდება, რადგან ამის საშუალებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ იძლევა.

ბაკარაძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ აფხაზი პაციენტებისათვის ოპერაცია-მკურნალობის გაწევაზეც საუბრობს. ამბობს, რომ აფხაზების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია და ყველა მსურველს 100%-ით აფინანსებენ. გალის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას კი 100%-იანი დაფინანსება არ აქვს, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით იღებენ დაფინანსებას, რაც გეგმურის მხოლოდ 70%-იან დაფინასებას გულისხმობს.

ქეთევან ბაკარაძე: "მე არ ვიცი, მათთვის საშვის გაცემა დე ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან გართულებულია თუ არა, მაგრამ მომართვიანობა არ შემცირებულა, პირიქით, გაზრდილია. ოკუპირებული გალის ქართული მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი ავტომატურად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები გახდნენ და მათთვისაც ის სიკეთეებია, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. ეთნიკურად აფხაზებისთვის კი, რადგანაც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, რეფერალური პროგრამა არსებობს. 15 ათასი ლარის ფარგლებში ყველანაირი ოპერაცია, ურგენტული თუ გეგმური, და მკურნალობა უფასო აქვთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად კომფორტულად ვუწევთ ამ სერვისების. პირადად მე ძალიან ბევრს ვიბრძვი, რომ გალის მოსახლეობისათვის ცოტათი მაინც შეღავათი დაწესდეს, ვიდრე ეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ. ისინი ძალიან რთულ პირობებში იმყოფებიან და იმსახურებენ შეღავათებს. ეს ძალიან დელიკატური თემაა. ამის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ტექნიკურად ამის განხორციელება ძალიან რთულია."

2015 წლის 1-ლი მაისის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულია და რეფერალური პროგრამით ისარგებლა 107-მა ეთნიკურად აფხაზმა; 2014 წელს - 352-მა; 2013-ში - 307-მა, მათ შორის 69 ბავშვმა; 2012 წელს - 868 აფხაზმა, მათ შორის 79 ბავშვმა.

აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა აცხადებს, რომ ის 2010 წლამდე 4 წელი იყო ჯანდაცვის მინისტრი და ამ 4 წლის განმავლობაში 600-მდე აფხაზი პაციენტი მიიღეს, თან ისე, რომ არასდროს არ ყოფილა ენგურის ხიდზე გადმოსვლის პრობლემა. 2009-2010 წლებში კი 367 აფხაზი პაციენტი დაფიქსირდა.

"მგონია, სერიოზულად არის გასარკვევი, როგორ მოხდა, რომ ასეთი მძიმე პაციენტი არ გაატარეს რუსებმა და აფხაზებმა. ეს წარმოუდგენელი ფაქტია. თუ ასეთი მძიმე პაციენტი იყო, მას გალის რაიონის მთავარი ექიმი კახა შონია უნდა გამოჰყოლოდა. მან უნდა დაადასტუროს, რომ მან მისცა განკარგულება და მიმართვა, მაგრამ ბავშვი არ გაატარეს. საშინელებაა, ბავშვი რომ დაიღუპა, მაგრამ უნდა გაირკვეს, ვისი ბრალით დაიღუპა. სამხედროების ბრალია თუ მშობლებმა წაიყვანეს სხვა გზით?!

"გადმოსვლასთან დაკავშირებით სირთულეები არასდროს ყოფილა. შემდეგ ზაქარეიშვილის უწყებამ აფხაზებისა და ოსებისათვის რეფერალური პროგრამა შემოიღო, თუმცა ჩემი აზრით, ამ სისტემის ერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ თუკი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობ და ეთნიკურად აფხაზი ხარ, 100%-ით დაგაფინანსებენ, ხოლო თუ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ხარ, რომელიც იგივე ან უარეს პირობებში ცხოვრობს, მათ არ აფინანსებენ. ეს სამწუხაროა და აქედან იწყება დისკრიმინაცია. ძალიან ხშირად მოდიან ჩვენთან, არასამთავრობოში გალელები და გვეკითხებიან, ეს რატომ ხდება. სულ ახლახან მოვიდა ქართველი კაცი, გულმკერდის არეში სულ ჭრილობები ჰქონდა. აფხაზეთში ვიბრძოდი და ახლა შვილის დაფინანსებაზე უარი მითხრეს, ჩემს იქ ყოფნაში კი სამი აფხაზი გაატარეს და უფასო მკურნალობაზე თანხმობა მისცესო. ასეთი დისკრიმინაციული მიდგომაა. ჩვენ სიტუაციის დაბალანსება არ შეგვიძლია. თავის დროზე ამით გადავუტრიალეთ ტვინი აფხაზებს. შევარდნაძის დროს აფხაზებს ყველანაირი პრივილეგია ჰქონდათ და ახლაც იმავე გზით მივდივართ. გულის სიღრმეში შესაძლოა აფხაზები მადლიერები არიან, მაგრამ ხმამაღლა ამას არავინ აცხადებს. ჩემი მინისტრობისას 11 ბავშვი გადმოვიყვანეთ და გულის ოპერაცია გავუკეთეთ. სოხუმში დაბრუნებისას არც ერთ მშობელს არ უთქვამს, ქართული მხარე დაგვეხმარაო. ყველა ამბობდა, რომ წითელი ჯვარი დაეხმარათ. ეს გასაგებიცაა. მათ ეშინიათ და რომც უნდოდეთ ხმამაღლა თქმა, მადლიერებას ვერ გამოხატავენ," - დასძენს დალილა ხორავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×